10 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, „გამონაკლისების“ გარეშე. თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში 4 მარტიდან შევა. შედეგად, გადასახადები გავრცელდება მილიონობით ტონა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რომელიც შეერთებულ შტატებში უბაჟო ვაჭრობის პირობებში კანადიდან, ბრაზილიიდან, მექსიკიდან, სამხრეთ კორეიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შედიოდა.
როგორც აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, ახალი ტარიფები ყველაზე დიდ გავლენას შტატების ჩრდილოელ მეზობელზე მოახდენს. აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის მონაცემებით, კანადა შეერთებული შტატებისთვის ფოლადისა და ალუმინის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.
2024 წელს კანადაზე აშშ-ის ფოლადის იმპორტის 23 პროცენტი და ალუმინის იმპორტის თითქმის 60 პროცენტი მოდიოდა. ამავე წელს კანადიდან შეერთებულ შტატებში თითქმის 6 მილიონი მეტრული ტონა ფოლადი და 3 მილიონ მეტრულ ტონა ალუმინზე მეტი შევიდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კანადის ფოლადისა და ალუმინის ექსპორტის დაახლოებით 90 პროცენტი სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდიოდა. ეს ნათელყოფს, რას დაკარგავს ქვეყანა, თუ ამერიკელი მწარმოებლები აღნიშნულ ლითონებს სხვა გზით მოიპოვებენ.
აშშ-ისთვის ფოლადის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი ბრაზილიაა. 2024 წელს ამ ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში 4 მილიონ მეტრულ ტონაზე მეტი ფოლადი შევიდა. მესამე ადგილს კი მექსიკა იკავებს, რომელმაც ამავე წელს აშშ-ს 3 მილიონ მეტრულ ტონაზე მეტი ფოლადი მიაწოდა. მათთან ერთად ტოპ-5 პარტნიორ ქვეყანას შორის ვხვდებით სამხრეთ კორეასა და ვიეტნამს.
რაც შეეხება ალუმინს, შეერთებული შტატებისთვის კანადის შემდეგ ამ მეტალის უმსხვილესი მიმწოდებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, მესამე ადგილს კი ჩინეთი იკავებს. თუმცა 2024 წელს ორივე ქვეყნის მიერ აშშ-ისთვის მიწოდებული ალუმინის მოცულობა ჯამურად 1 მილიონ მეტრულ ტონასაც ვერ აღწევს, რაც კანადის 3 მილიონ მეტრულ ტონა ალუმინთან შედარებით უმნიშვნელოა. აშშ-ისთვის ალუმინის მიმწოდებელი ქვეყნების ტოპ-5-ში ასევე ვხვდებით სამხრეთ კორეასა და ბაჰრეინს.
ფოლადისა და ალუმინის იმპორტი აშშ-ში 2024 წელს (მეტრული ტონა)
