2018 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,582,382 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.
საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (35%) დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის მეგობრების/ნათესავების მონახულება (26.8%), ტრანზიტი (15.6%), შოპინგი (9.8%) და პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (7.8%). ვიზიტების მხოლოდ 1.8%-ის შემთხვევაში დასახელდა ვიზიტის სხვა მიზანი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 4.3 ღამეს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი განსხვავდებოდა სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით. მეზობელი ქვეყნების რეზიდენტები საქართველოში შედარებით ხანმოკლე პერიოდით ჩერდებიან, რუსეთის რეზიდენტების გარდა, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად, საშუალოდ 5.8 ღამით რჩებიან. ვიზიტის ხანგრძლივობით ასევე გამოირჩევიან ევროპელები (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა – 7.6 ღამე, სხვა ევროპა – 10.4 ღამე) და “სხვა ქვეყნების” ვიზიტორები. ამ უკანასკნელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში საშუალოდ 7.8 ღამით რჩებიან.
საერთაშორისო ვიზიტების 51% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 21.5%-ით. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის: მარნეულში (13%), გუდაურში (11.1%), ყაზბეგში (6%), მცხეთაში (5.8%), ქუთაისში (3.5%), რუსთავში (3.5%), ბორჯომში (2.9%), ახალციხესა (2.3%) და ბაკურიანში (2.3%).
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 1.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,060 ლარი შეადგინა. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებსა და სასმელზე (მთლიანი ხარჯები 29.6%) და განთავსების საშუალებებზე (22.2%) დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი რეკრეაციულ და კულტურულ აქტივობებზე დანახარჯები (18.3%), ხოლო შოპინგზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 12.1% გასწიეს.
მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის რეზიდენტები ვიზიტზე ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯით (1,338 ლარი) გამოირჩეოდნენ, მას მოსდევს თურქეთი 1,189 ლარი, სომხეთი-562 ლარი და აზერბაიჯანი – 401 ლარი.
საქართველოში ჩამოსვლამდე ვიზიტორებმა სხვადასხვა ინფორმაციის წყარო გამოიყენეს. ვიზიტების 47.9%-ის შემთხვევაში მათ ინფორმაცია მეგობრებისგან/ახლობლებისგან მოიძიეს, ვიზიტების 12.1%-ისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის წყაროს ინტერნეტი წარმოადგენდა, ასევე 12.1%-მა ამისათვის ორგანიზაცია/ბიზნეს პარტნიორები გამოიყენა. ვიზიტების უმეტესობისთვის (54.3%) ვიზიტორს უკვე მოეპოვებოდა ინფორმაცია წინა ვიზიტიდან. ვიზიტორების დიდი ნაწილი, რომლებიც პირველად იმყოფებოდა საქართველოში, ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად მეგობრებს და ნათესავებს დაეკითხა (78%), 41.2%-მა ინფორმაცია ინტერნეტით მოიძია, ხოლო 10.7%-ისთვის ინფორმაციის წყარო ორგანიზაცია/ბიზნეს პარტნიორი იყო.