როცა ლიდერი შენი პარტნიორია | გამოწვევების დროს ბიზნესკლიენტების მხარდამჭერი თიბისი და გიორგი თხელიძეა

როცა ლიდერი  შენი პარტნიორია | გამოწვევების დროს  ბიზნესკლიენტების მხარდამჭერი  თიბისი და გიორგი თხელიძეა

როცა პანდემია გადაივლის, ჩვენი ლიდერშიფის მთავარი ტესტი იქნება – იტყვიან თუ არა ჩვენი მომხმარებლები, რომ ჩვენ ვიყავით მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ასეთებად ვრჩებით ყოველთვის“, – ღიმილით მეუბნება თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე, რომელსაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ფიზიკურ სივრცეში – თიბისის მარჯანიშვილის ოფისში ვხვდები.

რომ იღიმის, მხოლოდ თვალებზე ვატყობ, რადგან ორივეს პირბადე გვიკეთია. ეს მომენტიც თითქოს ორგანულია ამ ინტერვიუსა და იმ გზავნილების ფონზე, რასაც საქართველოს ბაზარზე ლიდერი ბანკისგან ამ საყდე ამბით თქვენც გიზიარებთ – გაურკვევლობა რჩება, თუმცა მის გასაფანტავად დღეს იმაზე ბევრად მეტი გზა და გამოცდილება არსებობს, ვიდრე ივნისში, როცა ამ ბანკის მთელი მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, ისევ „ფორბს ჯორჯიას“ ფურცლებიდან თქვენთვის პანდემიის დიაგნოზს სვამდა და ადაპტაციის გზებზე მსჯელობდა.

ჩვენც დღეს სულ სხვა აქცენტი გვაქვს – შეინარჩუნა თუ არა თიბისიმ პარტნიორებთან ურთიერთობის მხარეს სტაბილურობა და ლიდერობის რა სტილი აირჩია, რადგან ვხედავთ, რომ ეს პანდემია არც ისეთი ხანმოკლე და დამჯერი აღმოჩნდა, როგორიც შეიძლება, თავიდან გვეგონა.

ამ დროისთვის, როცა მე ამ საყდე ამბავს ვწერ, ლარი გაუფასურებას განაგრძობს და მორიგ ანტირეკორდს ამყარებს, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ორჯერ, მშპ-ის 12%-მდეა გაზრდილი, შარშან საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ წელიწადში 100 ათასით მეტი ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს ქვევით, 75 ათასზე მეტმა დაქირავებულმა სამუშაო დაკარგა – მოკლედ რომ ვთქვა და რთულ სტატისტიკას ბოლომდე არ გავყვე, ჯანმრთელობის პანდემიას ეკონომიკური პანდემიაც ფეხდაფეხ მისდევს.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

საქართველოს პატარა, ღია ეკონომიკისთვის ეს რიცხვები მართლაც მძიმე რიცხვებია, ამიტომ ქვეყანაში, სადაც ფულის წყარო ძირითადად ბანკები არიან და სადაც თიბისი სისტემური ბანკია, ამ კონტექსტში, სულ მცირე, ორი მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება. გიორგი თხელიძეს პასუხი ორივე ამ შეკითხვაზე აქვს.

პირველი – როდიდან უნდა გვქონდეს ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი? ამ ნაწილში თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილეს მიაჩნია, რომ „პანდემიის სრული ეფექტი ჯერ ბოლომდე არ გვიგრძნია, რადგან სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, – იქნება ეს პანდემიის შენელება თუ ტურიზმის აღდგენა – ის მოლოდინები, რაც შარშან გვქონდა, გადავადებულია – შესაბამისად, ეკონომიკაც უფრო გვიან აღდგება“.

გიორგი თხელიძის ეს პასუხი მოულოდნელობა არ არის მათთვის, ვინც თიბისი კაპიტალის ანგარიშებს რეგულარულად ვადევნებთ თვალს და ვინც საერთაშორისო საფინანსო თუ სხვა ორგანიზაციების პროგნოზებსაც ვეცნობით. ამ პროგნოზების მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა რიცხვებში შესაძლოა დიდი გამოჩნდეს, რადგან წინა წელი რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით დაიხურა, მაგრამ რეალურად ეკონომიკა თუნდაც 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას უკეთეს შემთხვევაში 2022 წლის ბოლოს შეძლებს.

სტაბილურობა ვახსენეთ ამ ამბის დასაწყისში და ბაზრის ლიდერი ბანკის ძირითად რიცხვებშიც კარგად ჩანს, ერთი მხრივ, ამ საერთო მძიმე ფონზე თიბისის მედეგობა და, მეორე მხრივ, ის ურთიერთგადაჯაჭვული განვითარების ვექტორი, რაც სისტემურ ბანკს მთლიანად ეკონომიკასთან აკავშირებს. 2020 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა სესხების მოცულობა დაახლოებით 14 მილიარდი, აქტივები – 22 მილიარდი, 2020 წლის ბოლოს მოგება კი 123 მილიონი იყო. „ეს არ იყო ისეთი ზრდა, როგორიც 2018-2019 წლებში, – ამბობს გიორგი თხელიძე, – თუმცა, მხოლოდ კორპორაციული ბიზნესიდან, რასაც მე ვხელმძღვანელობ, 2.2 მილიარდი ლარი გავეცით“. ფაქტია, ამ ზრდით თიბისი დღეს ისევ ბაზრის ლიდერია.

კრიზისის პერიოდში ბიზნესების დაფინანსების ტრენდის გაგრძელებას, მათ შორის, ახალი ფულის გაცემას როგორც დაწყებული, ისე ახალი პროექტების დასაფინანსებლად და ამ დინამიკის შენარჩუნებას, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე საბანკო სისტემის, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებულ მუშაობასაც მიაწერს – მისი თქმით, „იყო მოსმენისა და სამოქმედო გეგმის ერთად შემუშავების მომენტი და ეს პარტნიორობა დღესაც გრძელდება“.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა პანდემიის პირობებშიც გამართულად მუშაობს – სულ ახლახან, მარტის ბოლოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კიდევ ორ კომერციულ ბანკთან ერთად, “თიბისი ბანკის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიური” გააუმჯობესა. ამჟამად ბანკის რეიტინგის მოლოდინი არის “სტაბილური”. ამასთან, სარეიტინგო სააგენტომ ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ “BB მინუსის” დონეზე დაადასტურა. “საკრედიტო მოლოდინის გაუმჯობესება მიმდინარე ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის მხრიდან ბანკის საკრედიტო პორტფელზე შემცირებულ ზეწოლას ასახავს. Fitch-ი მოელის, რომ ბანკის ბუფერები საკმარისი იქნება იმისთვის, რათა ისე შთანთქოს შესაძლო საკრედიტო დანაკარგები, რომ ამით ბანკის ფინანსურ პროფილს ზარალი არ მიადგენს. ამასთან, “თიბისი ბანკი” კრიზისულ პერიოდს ჯანსაღი კაპიტალის მოცულობით და კარგი ფინანსური პარამეტრებით შეხვდა”, – ნათქვამია გავლენიანი საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ვხედავთ, ძირითადი რისკები იმას უკავშირდება, თუ როგორ გაიზრდება ეკონომიკა და რამდენად შეძლებენ იურიდიული თუ ფიზიკური პირები საკუთარი სესხების მომსახურებას.

აქ ჩნდება მეორე კითხვა – რა არის ამ შემთხვევაში ლიდერი კომერციული ბანკის როლი? თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ამ კითხვაზე პასუხს სამ ნაწილად ყოფს.

ერთი დიდი ნაწილი ფინანსურ ვალდებულებებში შეხიდებას გულისხმობს. რამდენჯერმე გამოვხატეთ მზაობა და მოვახდინეთ სესხების რესტრუქტურირება“, – ამბობს გიორგი თხელიძე, რომელიც კორპორაციულ სეგმენტზეა პასუხისმგებელი.

ჩვენც თუკი მის კონკრეტულ სეგმენტს შევხედავთ, გამოვა, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, კორპორაციული კლიენტების მიმართულებით, შეღავათი შეეხო 2.1 მილიარდის პორტფელს, რაც მთლიანი პორტფელის 37%-ია და 252 მომხმარებელს, რაც მსესხებლების 34%-ია.

„როცა პანდემია დასრულდება, ვფიქრობ, გაცილებით უფრო გაადვილდება გადაწყვეტილებების მიღება და გრძელვადიანი დაგეგმვაც გაადვილდება, მაგრამ ახლა, ამ რეალობაში, ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ – როგორ ვიმუშაოთ ჩვენს კოლეგებთან ერთად დისტანციურად, როგორ მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს სერვისები დისტანციურად, თუკი მათ გამოწვევები შეექმნებათ – გარკვეული ბიზნესები გაჩერდება – რა მოვიმოქმედოთ არსებულ რეალობაზე მოსარგებად იმისთვის, რომ ბიზნესებმა გააგრძელონ ფუნქციონირება, შეინარჩუნონ თანამშრომლები, მოიძიონ მოკლე ვადაში ადაპტირების გზები“, – მიხსნის გიორგი თხელიძე.

ამ ნაწილში თიბისის საინტერესო მიდგომა და შეიძლება ითქვას ფილოსოფიაც აქვს. გიორგი თხელიძის სიტყვებია, რომ მნიშვნელოვანია, არც ჯავშანმანქანაში ჩავსხდეთ და არც ზედმეტად ბევრი ვიფიქროთ იმაზე, პანდემია როდის დასრულდება და პირიქით, მეტი ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვერგოთ სიტუაციას და გავაგრძელოთ საქმიანობა.

ამ სიტყვებით თიბისი პრაქტიკულად ამბობს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგ დროს, როცა ის მოგებას გენერირებს, არამედ გამოწვევებით სავსე პერიოდშიც, როცა მას რეალური მხარდამჭერი სჭირდება. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თიბისი მზადაა, ოდნავ მეტი რისკი აიღოს და შემდეგ ბიზნესთან ერთად სწორად მართოს ეს რისკები, ვიდრე თქვას მარტივი პასუხი – უარი.

იყო მოსმენისა და სამოქმედო გეგმის ერთად შემუშავების მომენტი და ეს პარტნიორობა დღესაც გრძელდება.

კარგი მაგალითია – ლოპოტა. „მაშინ გოგამაც (მაისურაძე) კარგად აგვიხსნა, რომ ლოიალური დამსვენებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, დაწყებული პროექტები არ გაჩერებულიყო – „ლოპოტა არ ჩერდება“ იქნებოდა კარგი გზავნილი, რომელიც მომავალში აუცილებლად იმუშავებდა“, – იხსენებს გიორგი თხელიძე. შედეგად, წელს, პანდემიის მიუხედავად,ლოპოტას დამსვენებლებს ჩოგბურთის განახლებული კორტები, ერთი ახალი რესტორანი და კიდევ, დამატებით, 51 სასტუმრო ნომერი მაინც დახვდებათ. „ჯობია, ასეთ დროს ცოტა მეტად დაიჯერო, მეტი რისკი აიღო და რთულ პერიოდში დაამტკიცო რეალური პარტნიორობა“, – ამის სჯერა გიორგი თხელიძეს. და ლოპოტა მხოლოდ ერთი მაგალითია.

2020 წელს თიბისის მხარდაჭერით დაწყებულ თუ გაფართოებულ ბიზნესებს შორის ხვდება: „ნოვა“ – 2 ახალი მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში, ჯამში 3 მილიონი ლარიდან ნახევარი თიბისის თანამონაწილეობა იყო; კლინიკა „ბომონდი“ – 2 ახალი საავადმყოფო ფოთსა და ქობულეთში; საწარმო „ქართული ტექსტილი“ – რუსთავში შეკერილი სპორტული ტანსაცმელი ექსპორტზე გადის, ჯამში 20 მილიონი ლარიდან ნახევარი თიბისის თანამონაწილეობა იყო. კრიზისის დროს, თიბისის დაფინანსებით, კომპანიებმა ისეთი პროდუქციის წარმოებაც შეძლეს, როგორიცაა, მაგალითად, პირბადე: კომპანიებმა – „მედიფარი“ და „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ – თიბისისგან დაფინანსება სწორედ კრიზისულ პერიოდში მიიღეს. ამასთან, ეს 2020 წელს დაფინანსებული ბიზნესების არასრული ჩამონათვალია.

თიბისი სახელმწიფოსთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. თიბისი იყო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გენერალური სპონსორიც – როგორც ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების ლიდერმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ საჭიროებებზე მორგებული მოქნილი პირობებით უნდა მოხდეს ამ – პანდემიით ყველაზე დაზარალებული – სექტორის დაფინანსებაც იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და ფუნქციონირება შეუფერხებლად შეძლონ. რომელ პროგნოზსაც არ უნდა შევხედოთ დღეს, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა პირველ რიგში სწორედ ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული. ამ ნაწილშიც, თიბისი-ს მიერ HORECA-ს ჯამური დაფინანსება 130 მილიონი ლარია.

ამდენად, რთულ დროს ბიზნესის მხარდაჭერა ემოციურთან ერთად, თიბისისთვის, როგორც ბაზრის ლიდერისთვის, სრულიად პრაგმატული ბიზნესგადაწყვეტილებაც არის. „30% ემოციურია, 70% ბიზნესგადაწყვეტილებაა. თუ სათანადო რისკს არ აიღებ და შემდეგ ბიზნესთან ერთად არ გამოხვალ კრიზისიდან, გამოდის, რომ პირიქით, ბიზნესისთვის კრიზისს აღრმავებ, – მიხსნის გიორგი თხელიძე. – ბიზნესისა და ბანკის კეთილდღეობა ძალიან გადაბმულია, განსაკუთრებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში. ბიზნესს თუ არ ეხმარები გამოწვევების დაძლევაში, კრიზისულმა სიტუაციამ შესაძლოა ბანკიც ჩაითრიოს“.

ზედმეტ რისკს კი სისტემურ ბანკს არც მარეგულირებელი – „საქართველოს ეროვნული ბანკი“ – ააღებინებს. ეს არის სწორედ ჩემს კითხვაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის პასუხის მეორე დიდი ნაწილი.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ეროვნული ბანკის რეგულირების პოლიტიკას დადებითად აფასებს და პრაქტიკულად აღიარებს, რომ ის კონსერვატიული მიდგომა, რაც ეროვნულ ბანკს კარგ დროს ბაზრის რეგულირების მიმართ ჰქონდა და რის გამოც კრიტიკაც არაერთხელ მიუღია,კრიზისის დროს პოზიტიურ შედეგს დებს – როგორც ბანკების კაპიტალიზების, ისე ლიკვიდობის მიმართულებით. „ალბათ სებ-ი დიდხანს იამაყებს“, – მეუბნება გიორგი თხელიძე და პირბადის მიღმა ისევ ღიმილს ვხედავ, როცა იხსენებს, რამდენად დეტალურად გადიოდა ეროვნული ბანკი თიბისისთან ერთად მსხვილი მსესხებლების ვალდებულებებს: „სესხები ყველაზე ნაკლებად სწორედ კორპორაციულ სეგმენტში პრობლემდება, იმიტომ რომ დაკრედიტების ადეკვატურ პოლიტიკას ვატარებდით. ბუფერები გვქონდა როგორც კრიზისის დროს რისკების გაზრდის გამო დამატებითი რეზერვების შესაქმნელად, ისე ლარში დაკრედიტების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებული რისკების გადასაზღვევად“. დღესაც, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასებით, ფინანსური სისტემა საქართველოში მზადაა, მცირე შოკებს წარმატებით გაუმკლავდეს, თუმცა მთავარ გამოწვევად დღესაც გაურკვევლობა რჩება.

ამას ეხება სწორედ ჩემს კითხვაზე პასუხის მესამე და ბოლო ნაწილი. თიბისის, როგორც ლიდერი კომპანიის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მდგენელად ხედავს გიორგი თხელიძე ამ გაურკვევლობით სავსე დროს პარტნიორების მომარაგებას პროფესიონალური რჩევებით და სექტორული თუ მაკროეკონომიკური ანალიზით: „ჩვენს კლიენტებთან რეგულარული და ინტენსიური საუბრები გვაქვს და ეს საუბრები ყოველთვის ადვილი არ არის. ხშირად რთულ სიტუაციაში სწორი, მაგრამ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, მაგრამ ჩვენ რეალისტურ ხედვას ვინარჩუნებთ. საფინანსო მომსახურების გარდა, მრჩევლის, ექსპერტის კომპეტენციასაც ვითავსებთ. ამის შესაძლებლობას ჩვენი ანალიტიკური და მუდმივად განახლებადი ანგარიშები გვაძლევს. პარტნიორებთან ერთად რეალისტური მოლოდინების დასახვა ერთობლივი განხილვის და სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლის შედეგია“ – ეს არის თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის მტკიცე პოზიცია.

სიტუაციის ანალიზის ნაწილში თიბისის ბაზრის ლიდერობა აშკარად ეხმარება, რადგან ბიზნესის დაახლოებით 90% სწორედ თიბისის მომხმარებელია – ამ კომპანიაში თავს იყრის ურიცხვი ინფორმაცია როგორც გაყიდვების თუ ფულის ბრუნვის, ისე ჯამური ეკონომიკისa თუ ცალკეული სექტორების დინამიკის შესახებ. დღეს ეს ყველაფერი უკვე ერთიანად ანალიზდება თიბისი კაპიტალის რეგულარულ და საჯარო ყოველკვირეულ ანგარიშებში. „თუ სადმე აღდგენის დინამიკას ვხედავთ ან სადმე მეტი სიცოცხლე ჩანს, მაშინ პროექტებს ვაგრძელებთ და ახალ პროექტებსაც ვაფინანსებთ“, – მიხსნის გიორგი თხელიძე.

თიბისიმ რეგულარული ვებინარების პრაქტიკაც დანერგა – კონკრეტულად კოვიდზე და მაკროეკონომიკურ მოლოდინებზე. გიორგი თხელიძის თქმით, ვებინარიდან ვებინარამდე სიტუაცია კი იცვლება, ზოგჯერ რადიკალურადაც, მაგრამ კითხვა-პასუხის რეჟიმი უფრო სრულყოფილი სურათის დანახვის შესაძლებლობას ქმნის, რის საფუძველზეც გაურკვევლობა მცირდება და პანდემიის პირობებზე მორგებაც ისეთ მიუწვდომელ ამოცანად აღარ ჩანს.

თიბისის ისიც კარგად ესმის, რომ პანდემია გლობალური საფრთხეა, შესაბამისად, საუკეთესო მაგალითები და პრაქტიკა გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე და მათი გაზიარება პანდემიის პირობებში შეიძლება ფასდაუდებელი აღმოჩნდეს. ამიტომ, მაგალითად, “თეგეტასთვის“ სამსაათიანი სესიის გასამართად, საერთაშორისო მენეჯმენტ-კონსულტანტებიც კი მოიწვიეს, რომ დეტალურად გაეანალიზებინათ, რა მაგალითები არსებობს გლობალურად, ვინ როგორ შეცდომებს უშვებს, როგორ შეიძლება სწორად დაგეგმვა და ბიზნესმოდელის ისე გადაწყობა, რომ არსებულ სიტუაციას ბიზნესი უკეთ მოერგოს. „ძალიან ბევრი კარგი იდეა აიღეს“, – ამბობს გიორგი თხელიძე „თეგეტაზე“. იგივე იყო სასტუმროების ბიზნესის შემთხვევაშიც.

დღეს ყველაზე დაზიანებული სფერო სტუმარმასპინძლობა და გართობაა – სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი 2020 წელს თითქმის 40%-ით შემცირდა, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორი კი – 19%-ით. „რასაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს ფუნქციონირებას. ზაფხულის პერიოდში ეს ნაწილი, უკეთეს შემთხვევაში, პროცენტის მომსახურებას შეძლებს. დანარჩენი – უბრალოდ ველოდებით, როდის მოვა ცოტა უფრო აქტიური პერიოდი, რომ მწყობრში ჩადგნენ“, – მეუბნება გიორგი თხელიძე.

პანდემიას უფრო მოერგნენ უძრავი ქონების და მასზე დამოკიდებული სფეროები – ნაწილობრივ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, ნაწილობრივ ინფრასტრუქტურული პროექტებით და ნაწილობრივ – საკუთარი ძალებით. ამ სექტორში 5%-იანი შემცირებაა. „სიტუაციის მეტად დასტაბილურების შემთხვევაში, ეს სექტორი ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებს“, – მეუბნება გიორგი თხელიძე.

საბედნიეროდ, ისეთი სექტორებიც არსებობს, სადაც კრიზისს ან შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდა, ანდაც ეს გავლენა მოკლევადიანი იყო – ასეთებია ვაჭრობა, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ღვინის ექსპორტი.

თავისი მომხმარებლების მაგალითზე – და რამდენიმეს შესახებ ამ საყდე ამბავში ჩვენც მოგიყევით – თიბისი თამამად ამბობს, რომ ბიზნესი ამ პანდემიიდან უფრო ძლიერი და უკეთესი გამოვა. რაც მთავარია, ბიზნესში გიორგი თხელიძე თიბისი ბანკსაც გულისხმობს. ამ ოპტიმიზმის საფუძველს რამდენიმე აშკარა ტენდენციის ანალიზი უქმნის.

ჯერ ერთი, პანდემია დამატებითი ბიძგი იქნება კომპანიებისთვის, ან პროდუქტების ნაწილში მოახდინონ მეტი დივერსიფიცრება, ან იმავე პროდუქტების მიწოდების ნაწილში მეტ ხარჯთეფექტიანობას მიაღწიონ. ამის კონკრეტულ მაგალითად გიორგი თხელიძეს მიწოდების – ე.წ.დელივერი-სერვისი მოჰყავს. „შევთანხმდეთ, რომ სრული გარდაქმნა მოახდინა მიწოდების სერვისმა. ეს აღარ ეხება მხოლოდ საკვებს, არამედ ძალიან ბევრ სხვა პროდუქტს თუ მომსახურებას და ამის ერთი შედეგი ის არის, რომ კომპანიას, რომელსაც რეპუტაცია და ბრენდი აქვს, აღარ სჭირდება ცენტრალურ უბანში მაღალი ფასის გადახდა. თავისუფლად შეუძლია, ფართი მეათედ ფასში, მოშორებით იქირაოს, იქ გამართოს სამზარეულო და მიაწოდოს, – ამბობს გიორგი თხელიძე. – რამდენიმე ასეთი კომპანია ბაზარზე უკვე გამოჩნდა, რამდენიმემ კი ეს მიდგომა საკუთარი განვითარების სტრატეგიად აქცია. უმრავლესობამ, დელივერის წყალობით, პანდემიის პირობებში თანამშრომლების დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლო“.

სჯობს, ასეთ დროს ცოტა მეტად დაიჯერო, მეტი რისკი აიღო და რთულ პერიოდში დაამტკიცო რეალური პარტნიორობა.

მეორე, დატა-ანალიტიკაზე მოთხოვნა იზრდება, რაც კომპანიებს მეტი გამჭვირვალობისკენ უბიძგებს. გიორგი თხელიძეს აქაც კონკრეტული მაგალითები მოჰყავს: „სუპერმარკეტების სექტორში, მაგალითად, ძალიან აქტიურად მიდის ინფორმაციის გაცვლა; სასტუმროების მონაცემებიც ძალიან დეტალურია. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ამ მონაცემებს და კომპანიების სულ უფრო მზარდ რაოდენობას ვაწვდით, რადგან მოთხოვნა მზარდია და ეს უკვე კარგია, თუმცა შემდეგი ეტაპი იქნება, როცა კომპანიები თავად დაიწყებენ ამ მონაცემების წარმოებას და ანალიზს და ამაშიც სიამოვნებით დავეხმარებით“, – ამბობს გიორგი თხელიძე.

მესამე, გაგრძელდება გაციფრულება. „ეროვნულ ბანკთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბანკო ხელშეკრულებების ციფრულად ხელმოწერაც იყოს შესაძლებელი. ამით ბევრი ქაღალდი და დრო დაიზოგება – როგორც მომხმარებლის, ისე ბანკისაც და სხვა სასარგებლო საქმეს მოხმარდება“, – ამბობს გიორგი თხელიძე.

მეოთხე, უფრო მტკიცედ მოიკიდებს ფეხს ონლაინშეხვედრების კულტურა. „2020 წლის დასაწყისში, თიბისიში წარმოუდგენელი იყო, რომ თუნდაც ხუთკაციანი შეხვედრა ონლაინ გამართულიყო, – იხსენებს გიორგი თხელიძე და პირბადის მიღმა ისევ ღიმილი ილანდება. – ან ატენიდან მარჯანიშვილზე უნდა მოსულიყავი საცობში, ან პირიქით – აქედან იქ წასულიყავი. ამ კულტურამ ძალიან დიდი ეფექტიანობა მოიტანა. ბევრი შეხვედრა იმართება დისტანციურად და მას შემდეგაც გაიმართება, რაც ეს პანდემია დასრულდება“.

ეს ეხება არა მხოლოდ შიდა შეხვედრებს, არამედ შეხვედრებს ბიზნესთანაც – დღეს უკვე ყველაზე კონსერვატიულ ქართველ ბიზნესმენებსაც აქვთ იმის მზაობა, რომ საკითხების თუნდაც ნაწილი ონლაინ გადაწყდეს. სურათი ასეთი ცალმხრივი არ არის სახლიდან მუშაობის შემთხვევაში. ბოლო კვლევების მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას – დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება. თუმცა, როცა თანამშრომლებს ერთ სივრცეში უწევთ ბავშვების აღზრდაც და სამსახურის საქმეების შესრულებაც, როცა ერთმანეთთან კომუნიკაცია შემცირებულია და, შესაბამისად, რჩევისთვისაც ერთმანეთს ინტენსიურად ვერ მიმართავენ, ონლაინმუშაობას მეტი დრო და ენერგია სჭირდება. „გამოვხატავთ მადლიერებას და ამასთან, ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს“, – მეუბნება გიორგი თხელიძე. ამ ეტაპზე თიბისელებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ოფისიდან იმუშაოს, ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით, ეს შესაძლებლობაც ექმნებათ. ამ დროისთვის სტატისტიკა ასეთია: დეპარტამენტების მიხედვით, თანამშრომელთა საშუალოდ 20-25% ოფისიდან მუშაობას ირჩევს.

და ამ ნაწილში ბოლო დაკვირვება ისაა, რომ პანდემიამ, ონლაინარხების გააქტიურებით, თითქოს საზღვრები მოშალა. თიბისიმ ეს საკუთარ მაგალითზე ყველაზე კარგად იგრძნო. „ფორბს ჯორჯიასთან“ გიორგი თხელიძე ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს: „ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მეუღლე სამხრეთ კორეაში, დიპლომატიურ სამსახურში წავიდა და რადგან ოჯახს უნდა გაჰყოლოდა, ვერც ის დარჩებოდა თიბისიში. დამშვიდობების პროცესში ვიყავით, როცა ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობაც დავუშვით. ჩვენი თანამშრომელიც დაგვთანხმდა. იმდენად კარგად ავეწყვეთ, რომ დეკემბრის ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს სრულ განაკვეთზე მუშაობა იყო, მხოლოდ – დისტანციურად. თუ თვითონ არ ეტყვის, ბევრმა კლიენტმა არც იცის, რომ დღეს ეს ადამიანი საქართველოში არ არის და მათ საკმაოდ შორი მანძილიდან სრულყოფილად ემსახურება“, – გიორგი თხელიძისგან ეს ისტორია განსაკუთრებულად ისმინება, რადგან რამდენიმე წლის წინ, როცა თიბისიდან მაღალ პოზიციაზე დასაქმების შეთავაზება მიიღო, არჩევანის წინაშე დადგა – ლონდონში, ბარკლიში დარჩენილიყო, თუ იქ მუშაობა მიეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. რომ არა საქართველოში დაბრუნების დიდი სურვილი, არც იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. დღეს ეს მოცემულობა აღარ არსებობს – დღეს აქ მუშაობისთვის, საქართველოში ფიზიკურად ყოფნა საჭირო აღარ არის, თუ საქმეს თავს წარმატებით დისტანციურადაც გაართმევთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია თიბისის მიდგომა, რაც მისთვის მომავალში პროფესიონალებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაზრდის და კიდევ უფრო მეტად გაზრდის თიბისის ეფექტიანობასაც.

ერთი გაკვეთილი, რაც გიორგი თხელიძემ პირადად, როგორც მენეჯერმა მიიღო და „ფორბს ჯორჯიასაც“ გაუზიარა, ის არის, რომ პანდემიის შედეგებთან ბრძოლისას, როცა რეზერვებით თუ შემოსავლების კლებით მიღებული ზარალის პირობებშიც, ბანკმა თანამშრომლები შეინარჩუნა, როცა მაქსიმალური ფოკუსირება მოახდინა მომხმარებლებისთვის სერვისების უწყვეტად მიწოდებაზე, როცა ონლაინ მუშაობის სქემები გამართა – გაიზარდა რისკიც, რომ თანაბარი ყურადღება ვეღარ მიექცია იმისთვის, თუ რა ხდებოდა გუნდში, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა – როგორ უმკლავდებოდნენ თიბისელები შეცვლილ გარემოსა და პრაქტიკასთან ადაპტაციის სტრესს. „ბოლო თვეებია, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ სადაც რესურსია დასამატებელი, მაქსიმალურად დავამატოთ და, რაც მთავარია, ძალიან აქტიურად გამოვხატოთ მადლიერების გრძნობა, რომ ყველამ იცოდეს – თიბისის შედეგები არ არის მხოლოდ მენეჯმენტის დამსახურება – ეს არის თითოეული თიბისელის დამსახურება“, – ამბობს გიორგი თხელიძე.

ცოტა მომავლისკენაც გავიხედოთ. რა იქნება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი 2021 წელს და მის მიღმა, რომ ეკონომიკამ აღდგენა დაიწყოს და ბიზნესმა – სრულფასოვანი ფუნქციონირება? თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილეს ამ კითხვაზეც დეტალური პასუხი აქვს.

გიორგი თხელიძეს მიაჩნია, რომ სწორი დრო მოდის კაპიტალის ბაზრის რეალური განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით – ჯერ ერთი, არჩევანი უნდა არსებობდეს, რომ დანაზოგები განთავსდეს არა მხოლოდ დეპოზიტებში, არამედ სხვა წყაროებშიც – მით უმეტეს, რომ ქართულ საბანკო სისტემაში სავალუტო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირების ტრენდს აჩვენებს და ეს მაშინ, როცა ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტებიდან (18.7 მილიარდიდან) 76% უცხოური ვალუტის ანგარიშებზე მოდის. იურიდიული პირების დეპოზიტებიდან (16.9 მილიარდიდან) 45% სავალუტო დეპოზიტებზე მოდის. და მეორე – კრიზისის პერიოდში სასესხო ვალდებულებები იზრდება, რადგან ან მოგებიანობა მცირდება, ან, გაუფასურების გამო, მოცულობა ეზრდება, ან ორივე ერთად – ამდენად, შემდგომი განვითარებისთვის, ძალიან ბევრი კომპანიის პარამეტრები დამატებითი სესხის აღების მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებს და ფულის ალტერნატიულ წყაროებზე წვდომა იქნება აუცილებელი, ისე როგორც არასდროს. „სებ-სა და ფინანსურ სექტორს შორის ამ მხრივ პარტნიორობა უკვე არსებობს, რაც საკრედიტო რეიტინგის მქონე კომპანიებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამატებით სარგებელში გამოიხატება და ამის შედეგია გააქტიურებული ვალის კაპიტალის ბაზარი. ამას სახელმწიფო რესურსიც უნდა დაემატოს“, – ამბობს გიორგი თხელიძე და ამ კონტექსტში განსაკუთრებულ აქცენტს საპენსიო დანაზოგებზე აკეთებს. თუმცა ეს ცალკე სტატიის თემაა და სხვა დროს იყოს.

რაც შეეხება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივას, აქ გიორგი თხელიძეს მიაჩნია, რომ გარდატეხას მხოლოდ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება მოიტანს. „მესამე ტალღა დიდ რიცხვებზე თუ ავიდა და ხელახალი შეზღუდვების საჭიროება დადგა, ტურისტების მისაღებად მზად ვერ ვიქნებით“, – ამბობს გიორგი თხელიძე და დასძენს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმ ინდუსტრიებში მაინც, რომლებიც ადამიანების ფიზიკური ჩართულობის გარეშე უბრალოდ ვერ ფუნქციონირებენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილეს მტკიცედ სჯერა, რომ კრიზისს აუცილებლად დიდი ზრდა მოჰყვება, რადგან ხელოვნურად შეკავებული სექტორები, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს ნორმალურ პირობებში მოხდებოდა. „მნიშვნელოვანია, საქართველო დავაპოზიციონიროთ, როგორც ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა“, – ამბობს გიორგი თხელიძე – იმ ბანკის წარმომადგენელი, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს პოზიციონირება უკვე წლებია, არანაკლებ მთავარ საქმედ აქვს ქცეული.

ვფიქრობ, შევძელით და თქვენამდე – ჩვენს მკითხველამდე მოვიტანეთ ერთი მაგალითი, თუ როგორი შეიძლება იყოს ლიდერშიფი, მათ შორის – პოსტპანდემიურ პერიოდშიც. შემდეგი ნაბიჯია, გავზომოთ, როგორი იქნება ბიზნესის ვერდიქტი – იტყვის თუ არა, რომ რთულ დროს მისი მთავარი მხარდამჭერი იყო თიბისი.

ჰოდა, მოვინიშნე.