მალტა, სტუმრობის შემთხვევაში, თქვენს მოგზაურობას დააფინანსებს

მალტა, სტუმრობის შემთხვევაში, თქვენს მოგზაურობას დააფინანსებს

ევროპული კუნძული მალტა ამ ზაფხულს თითოეულ მოგზაურს შერჩეულ სასტუმროებში სამ დღეს დაუფინანსებს. ინიციატივა მალტის ტურიზმის სააგენტომ საერთაშორისო ტურიზმის განახლების მიზნით შეიმუშავა. მოგზაური მიიღებს 100 ევროს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დაჯავშნისთვის, 75 ევროს – ოთხვარსკვლავიანისთვის, ხოლო 50 ევროს – სამვარსკვლავიანისთვის.

მოგზაურს ამდენივეს გადაუხდიან სასტუმროებიც, რაც ნიშნავს, რომ მას შესაძლებლობა ეძლევა, გაორმაგებული თანხა გამოიმუშაოს. კერძოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამდღიანი დასვენების სანაცვლოდ – 200 ევრო. ამასთან,  მოგზაურები, რომლებიც მალტის პატარა კუნძულ გოზოს ესტუმრებიან, აღნიშნულ თანხასთან ერთად დამატებით 10%-ს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი მალტის სახელმწიფო ბიუჯეტის 27%-ზე მეტს შეადგენს. 2019 წელს ევროპულ კუნძულს 2.7 მილიონი უცხოელი ესტუმრა, თუმცა პანდემიის გამო ეს რიცხვი 80%-ით შემცირდა.

საყურადღებოა ისიც, რომ მალტის კუნძულებზე იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ამასთან, მალტას ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

საერთო ჯამში, მოგზაურთა მოსაზიდი კამპანია მალტას დაახლოებით 3 500 000 ევრო დაუჯდება და ეს წამოწყება უცხოელი ტურისტებისთვის ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, ესტუმრონ მდიდარი ისტორიის, ულამაზესი სანაპიროსა და კინემატოგრაფიული ფონის მქონე მალტას.

დანიშნულების  ადგილებს შორის არის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: ვალეტა და გოზო.