ბავშვობიდან მისი ცხოვრება მუსიკალურ ინსტრუმენტებთან და სცენასთან არის დაკავშირებული. პატარა ასაკიდან მოყოლებული, ბევრ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსთან და ჯგუფთან უმუშავია. არის არაერთი კომპოზიციის, სიმღერის ტექსტის და არანჟირების ავტორი. ძირითადი პროფილი კი დასარტყამი ინსტრუმენტია. ვსაუბრობთ ქართველ მუსიკოს დავით აბულაძეზე, რომელიც თავისი მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილებით აშშ-ში ახლა მუსიკალურ სოლო პროექტზე მუშაობს.
მანამ ვიდრე მის ახალ წამოწყებულ პროექტზე გადავალთ, მოგიყვებით უფრო მეტს მისი მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ. დავით აბულაძე საინტერესო მუსიკოსია იმ კუთხით, რომ მას არაერთი მიმართულებით აქვს გამოცდილება მუსიკაში. ალბათ ცოტაა ისეთი, რომელიც ახერხებს წარმატებით იმუშაოს ჯაზმენებთან, კლასიკური მუსიკის შემსრულებლებთან, ორკესტრებთან, მომღერლებთან და ელექტრონული მუსიკის მიმართულებითაც კი.
მრავალფეროვნება მუსიკაში არის ის, რითიც დავით აბულაძემ უდიდესი გამოცდილება და თან, უპირატესობაც მოიპოვა. “ვმუშაობდი თითქმის ყველა მუსიკალური მიმართულებით, იმიტომ რომ ვარ პროფესიონალი“, – აღნიშნა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში დავით აბულაძემ და იქვე დასძინა, რომ უყვარს ყველანაირი მუსიკა, ოღონდ კარგი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ვერ გამოარჩევს საყვარელ მუსიკალურ ჟანრს და ამბობს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ხან ვივალდის უსმენს, ხან კიდევ ნირვანას.
დავით აბულაძე ასევე განსაკუთრებით ვერ გამოარჩევს ვერცერთ მუსიკას, რომელიც მან შექმნა. “ყველა ჩემ მიერ შექმნილმა ესკიზმა, მუსიკოსებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მიიღო საბოლოო ფორმა, რომლითაც მსმენელმა გაიცნო.. მიყვარს ყველა“, – ამბობს მუსიკოსი.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხანგრძლივი მუსიკალური თანამშრომლობა მას ნინო ქათამაძესა და ჯგუფ “ინსაითთან“ აკავშირებს, რაც 15 წელს ითვლის. დავით აბულაძე ამბობს, რომ 700–ზე მეტი კონცერტი ჩაატარეს ერთად, ასევე შექმნეს არაერთი ფილმის საუნდტრეკი და სტუდიური ჩანაწერი.
ნინო ქათამაძესთან ერთად მუშაობის გარდა, იყვნენ სხვა წარმატებული და პოპულარული მუსიკოსებიც, მათ შორის დავით ევგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე, თამაზ ყურაშვილი და ა,შ. ამ მცირე ჩამონათვალით ნათელია, რა ხარისხის მუსიკა შეუქმნია მას.
“ყველა მუსიკოსს აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა და უნიკალური აღქმა, ამიტომაც ამოუწურავია ნებისმიერი “მართალი“ მუსიკოსის გვერდში გატარებული დროის ყოველდღიური მრავალფეროვნება“, – ამბობს დავით აბულაძე.
ისევე როგორც ყველა სფეროს წარმომადგენელმა, მუსიკოსმაც განვითარება არ უნდა შეწყვიტოს. დავით აბულაძემ საკუთარი ძალები არაერთი მიმართულებით გამოსცადა და მრავალწლიანი ხარისხიანი მუსიკალური გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა და იქ საკუთარი ძალების მოსინჯვა.
დავით აბულაძე ახლა სოლო პროექტის ფარგლებში მუშაობს კომპოზიციების ესკიზების შექმნაზე და ისევე, როგორც მისი მუსიკალური კარიერა, ეს პროექტიც გამორჩეული იქნება მრავალფეროვნებით.
“წინასწარ გეტყვით, რომ ამ პროექტში კლასიკური ინსტრუმენტების გარდა, გაიჟღერებს სხვადასხვა ქვეყნის ხალხური ინსტრუმენტი”, – ამბობს ის. გარდა ამისა, მუსიკოსი აღნიშნავს, რომ თავისი “პროდუქტი“ ჟღერადობით არ მოექცევა რომელიმე კონკრეტულ ჟანრში და იქნება მაქსიმალურად არასტანდარტული და ახალი სახის მუსიკა. სწორედ ეს იქნება ყველაზე საინტერესო უბრალო მსმენელისა თუ პროფესიონალი მუსიკოსისთვის.
კომპოზიციებს სხვადასხვა ამერიკელ მუსიკოსთან ერთად შეასრულებს. ის მუსიკის მოყვარულებს ჰპირდება, რომ მის პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ცნობილი მუსიკოსებიც, რომელთა სახელებსაც ჯერ არ ამჟღავნებს.
ცუდ დროს დაემთხვა მისი კარიერული წინსვლის დაწყება ამერიკაში. კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა მისი მუშაობა, – “პანდემიის გარდა, საერთოდ ვერაფერი იმოქმედებდა მუსიკასა და მუსიკოსებზე ასე.. ვერც ომი… ვერც კლიმატური პირობები… ვერც მანძილი ვერ აფერხებს მუსიკის ხალხამდე მიტანას. პანდემიამ კი ეს შეძლო“, – აღნიშნავს ქართველი მუსიკოსი. თუმცა, როგორც ჩანს, პოზიტიური განწყობით, შექმნილი ვითარება მის გეგმებს ვერაფერს დააკლებს.
“ამ პროცესში, ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეს იწყებ მარტო და სრულად ახალ გარემოში. აი პი ტელევიზია MAR.TV, რომელიც ქართული არხების მაუწყებლობაა მთელ მსოფლიოში, მაქსიმალურად მეხმარება მუსიკის ჩაწერასა და ხალხამდე მიწოდებაშიც, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ“, – ამბობს მუსიკოსი.
ამერიკაში, თანაც სოლო პროექტზე მუშაობა და თან კიდევ პანდემიის პირობებში დიდ გამბედაობას მოითხოვს, თუმცა, მუსიკა ხომ მუსიკოსისთვის მთელი ცხოვრებაა. ამიტომაც შემაფერხებელი ფაქტორები მსგავს “განზრახვებს“ ვერ შეაჩერებს.
როგორც ის ამბობს, პანდემიამდე მხოლოდ რამდენიმე მუსიკოსთან მოასწრო შეხვედრა, შემდეგ კი ყველაფერი დაიკეტა. თუმცა, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, შეხვედრებს აქტიურად განაახლებს. მანამდე კი მუშაობას პროექტზე სახლიდან აგრძელებს.