საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი შარშან 441-მა კომპანიამ განახორციელა. მათ შორის არის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „რთველისიც“, რომლის დამფუძნებლები წლების განმავლობაში ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას, სანამ 2019 წელს „რთველისს” დააარსებდნენ. დღეს მათ ქარხანაში დაწურული ღვინის 95% ექსპორტზე 17 ქვეყანაში გადის. „რთველისი“ უცხოელ პარტნიორთა გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. კომპანიის გეგმებზე დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი თორნიკე ჭიკაძე გვესაუბრა.
„რთველისი“ ბაზარზე პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე გაჩნდა. რა ნიში დაიკავეთ ქართულ ღვინის ბაზარზე, სადაც ასობით კომპანიაა წარმოდგენილი? როგორი იყო კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრების პროცესი?
დიახ, „რთველისი” 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა ბაზარზე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც გაყიდვები უნდა დაგვეწყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სარეალიზაციო ბაზრები იხურებოდა. მიუხედავად ამისა, მე და ჩემს პარტნიორებს გვჯეროდა ამ საქმის წარმატების, ამიტომაც, უკან დახევის მაგივრად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური გაგვეკეთებინა და მიზნისთვის მიგვეღწია. საქართველოში ღვინის მწარმოებელ კომპანიად თავის დამკვიდრება მარტივი არაა, რადგან ქართული ღვინის ყველაზე კარგი და კრიტიკული შემფასებელი სწორედ ქართველი მომხმარებელია. კომპანიის დაარსების დღიდან ვიცოდით, რომ ყველაზე მარტივი ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვა იქნებოდა, ამიტომ აქცენტი თავიდანვე ხარისხზე გავაკეთეთ, სასურველმა შედეგმა ნამდვილად არ დააყოვნა. ამასთან იმ მარკეტინგულმა სტრატეგიებმა, რომლებიც თავიდანვე გავატარეთ და რომლებიც პანდემიის მიუხედავად არ შეგვიჩერებია, საბოლოოდ გაამართლა და დღეს „რთველისი“ ქართულ ბაზარზე უკვე მყარად არის წარმოდგენილი.
თქვენ დაიწყეთ ხუთი სახეობის ღვინით, დღეს კი უკვე 40-მდე ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებთ. მათ შორის არის ჭაჭა და ბრენდიც. „რთველისის“ რომელ ალკოჰოლურ სასმელზე ფიქსირდება ყველაზე მეტი მოთხოვნა?
თავიდან მაქსიმალურად ვეცადეთ, მომხმარებლისთვის ღვინის ის სახეობები შეგვეთავაზებინა, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი იყო ბაზარზე, თუმცა პარტნიორებთან თანამშრომლობამ გვაჩვენა, თუ რამდენად დიდია ინტერესი ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის მიმართ. შესაბამისად, დღეისთვის უკვე ვაწარმოებთ 16 სახეობის რეგიონალურ, 7 სახეობის ადგილწარმოშობის, 5 სახეობის ქვევრის და 5 სახეობის პრემიუმ-ხაზის ღვინოებს. გარდა ამისა, ძალიან დიდი ინტერესი მოდის ყურძნისეული წარმოშობის მაღალალკოჰოლურ სასმელებზე და ამიტომ ვაწარმოებთ 2 სახეობის ჭაჭას და 5 სახეობის ქართული ღვინის ბრენდს.
თელავის სოფელ შალაურში მდებარე ქარხანაზეც რომ მოგვიყვეთ, რომელიც თავდაპირველ განაცხადში 5 მლნ ბოთლის წარმოებას ისახავდა მიზნად. ახლა როგორია წარმადობა? და გეგმავთ თუ არა გაფართოებას?
სოფელ შალაურში მდებარე ქარხანას უკვე შეუძლია 5 მილიონი ბოთლის წარმოება, უახლოეს ორ წელიწადში კი გეგმაში გვაქვს წარმადობა 20%-ით გავზარდოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ასევე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება ჩვენი ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს. ქარხნის და მარნის წარმადობის ზრდა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია გაყიდვების ზრდასთან, სწორედ იმ მარკეტინგული გეგმით, რაც გვაქვს გაწერილი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ მოვახდენთ გაყიდვების სტიმულირებას.
„რთველისის“ წარმოების მხოლოდ 5% მოდის ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი კი ექსპორტზე 17 ქვეყანაში გადის. რომელია ეს ბაზრები?
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ქვეშ 3 ბრენდია გაერთიანებული: „რთველისი“, „მეამანი“ და „ველვაინი“. სამივე ინდივიდუალური კონცეფციის ბრენდია, ჯამში სამივე ბრენდით გავდივართ 17 ქვეყანაში, ესენია: აშშ, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, ავსტრია, რუსეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელარუსი, უკრაინა, თურქმენეთი, კენია. მათგან ექსპორტის შედარებით დიდი წილი მოდის ჩინეთზე, კანადაზე, ამერიკასა და პოლონეთზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად მოვახდინეთ ბაზრების დივერსიფიცირება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ყველა ბაზარს აქვს თავისი მოთხოვნა, თუმცა ყველასგან მოდის ინტერესი ქვევრის ღვინოზე, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.
კომპანიის სამომავლო საექსპორტო სტრატეგიაზეც რომ მოგვიყვეთ, რომელ ქვეყნებში აპირებთ უფრო მეტ აქცენტირებას და გაფართოებას?
კომპანიისთვის ნებისმიერი ბაზარი, პატარა თუ დიდი, არის საინტერესო, ხოლო თითოეული პარტნიორი – მნიშვნელოვანი. ყოველ პარტნიორთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბრენდის განვითარებას შესაბამის ღვინის ბაზრებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად განვვითარდეთ ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკული, აზიური და ევროპული, სადაც ქართული ღვინის პოპულარობა ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებია. ამიტომაც ჩვენი სამომავლო საექსპორტო სტრატეგიაც ამაზე იქნება ორიენტირებული.
ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის რაზე უნდა გააკეთოს ქვეყანამ და ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა აქცენტი და რა შეიძლება იყოს ჩვენი ნიში?
ამ მხრივ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან უკვე აღიარებული ვართ როგორც ღვინის სამშობლო, რაც ფაქტებითაა განმტკიცებული. გარდა ამისა, საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 000 წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ვიცით, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს. შესაბამისად, ქართულ ღვინოს თავისი ნიში საერთაშორის ბაზრებზე უკვე აქვს, თუმცა გვჭირდება კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, მარტო კომპანიის ძალისხმევით შეუძლებელია, განხორციელდეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება. რასაკვირველია, მსგავსი აქტივობები ეხმარება ქართულ ღვინოს პოპულარიზაციაში, თუმცა ნებისმიერ ახალ ბაზარზე თავის დამკვიდრებას მარკეტინგული კამპანიების შემდეგ დროც სჭირდება.
ღვინის ხარისხის კონტროლიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის მიჩნეული საქართველოში. თქვენი აზრით, რა სჭირდება ამ მხრივ ქართული ღვინის ბაზარს დღეს?
ძალიან მნიშვნელოვანია სარეალიზაციო ბაზრების გაზრდა, მოთხოვნის გაზრდა ქართულ ღვინოზე, ეს პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას. მეწარმეებს ექნებათ მეტი საშუალება, ინვესტირება გააკეთონ წარმოებასა და მევენახეობის განვითარებაში. მაღალი დონის ტექნოლოგიების ინტეგრირება წარმოებაში კი მნიშვნელოვნად დაეხმარება ხარისხის გამოსწორების შეუქცევად პროცესს.
„რთველისი“ როგორ უზრუნველყოფს ხარისხს?
ჩვენ ძირითად აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ. ვფიქრობთ, ხარისხი არის ის კომპონენტი, რომლის გარეშეც კომპანიის ზრდა შეუძლებელია. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად შევქმენით ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც ვენახით დაწყებული, ღვინის ჩამოსხმამდე პროცესის მსვლელობას აკონტროლებს. ვენახიდან ბოთლამდე ღვინო დიდ გზას გადის, ამ გზაზე კი ყველა ნაბიჯი სწორად უნდა იყოს შესრულებული, რომ მივიღოთ იმ დონის პროდუქტი, რაზეც გვაქვს მოთხოვნა.
„რთველისის“ კრედოა მივიწყებული ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია და ვენახების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მიკროზონაში გაშენება. ამაზეც რომ მოგვიყვეთ, რა ეტაპზე ხართ ახლა და რა ნაბიჯებს დგამთ ამისთვის?
დაწყებული გვაქვს ახალი ვენახების გაშენების პროცესი, ამ ეტაპზე კახეთის სხვადასხვა მიკროზონაში გეგმად გვაქვს, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ ინვესტირება და შემდეგ დავამატოთ საქართველოს სხვა რეგიონებიც. დღევანდელი გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ და სწორედ ამიტომ საჭიროა, უცხოელ პარტნიორებს ქართული ღვინის მრავალი სახეობა შევთავაზოთ.
ბატონო თორნიკე, ინტერვიუ სამომავლო გეგმებით შევაჯამოთ. რას ისახავს მიზნად კომპანია 2022 წლის ბოლომდე?
მომავლის გეგმებს ყოველთვის ძალიან ამბიციურად ვუდგებით, 2022 წლის ბოლომდე ვაპირებთ უკვე არსებულ ბაზრებზე თავი მეტად დავიმკვიდროთ და ბრენდი განვავითაროთ. ამას გარდა, მუდმივად ახალი პარტნიორების ძიების პროცესში ვართ და ამისთვის სხვადასხვა აქტივობაში გავაგრძელებთ მონაწილეობას, მაგალითად, საერთაშორისო გამოფენებში, სადაც საშუალება გვაქვს, პირისპირ შევხვდეთ პოტენციურ პარტნიორებს და დავაგემოვნებინოთ ჩვენი პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის პროფესიონალების მიერ ფასდება ისეთ ღვინის საერთაშორისო კონკურსებში, როგორიცაა DECANTER, MUNDUS VINI, INTERNATIONAL WINE CHALLENGE, HKIWC და სხვა მრავალ კონკურსზე. სწორედ ასეთი კონკურსების შეფასება გვეხმარება ახალი პარტნიორების მოძიებასა და კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციაში. ამ ეტაპზე უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ პარტნიორთან, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების სია და მეტი რეალიზება მოვახდინოთ სხვა ქვეყნებში. კომპანია ავითარებს სამ სავაჭრო ნიშანს საექსპორტო ბაზრებზე, რისთვისაც ჩვენი მარკეტინგის ჯგუფი თავდაუზოგავად შრომობს. ამგვარად, მიმდინარე წელს სწორედ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული.