კვირას რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი შედეგების თანახმად, ნაციონალისტური პარტიის — „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ — კანდიდატმა, ჯორჯ სიმიონმა, ხმების 40.1%-ით გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ ჩანს, რომ სიმიონმა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობის ხმები ვერ დააგროვა, რის გამოც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურში გადასასვლელად ბრძოლა კვლავ გრძელდება ორ კანდიდატს შორის — ბუქარესტის მერს, დამოუკიდებელ კანდიდატ ნიკუსორ დანსა (20.8%) და მმართველი კოალიციის წარმომადგენელ კრინ ანტონესკუს (20.4%) შორის. როგორც ხედავთ, მათ ხმებს შორის განსხვავება საკმაოდ მცირეა, ამიტომ მეორე ტურში ჯორჯ სიმიონის მოწინააღმდეგის ვინაობა ხმების სრულად დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ეს არის რუმინული ღირსების გამარჯვება,“ — განაცხადა ჯორჯ სიმიონმა, რომელსაც მხარს ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ უჭერს. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა დეკემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მაშინ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში საგარეო, კერძოდ, რუსეთის ჩარევის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის არსებობის მოტივით მისი შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
თებერვალში ჯორჯესკუს ბრალი ექვს დანაშაულში წაუყენეს, მათ შორისაა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ცრუ ჩვენების მიცემა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის წახალისება, ანტისემიტური ორგანიზაციის შექმნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ ახალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ჯორჯ სიმიონს, ის ევროკავშირს ღიად აკრიტიკებს, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. აღსანიშნავია, რომ სიმიონს უკრაინასა და მოლდოვაში შესვლა აკრძალული აქვს.