იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციებს ყოველდღიურად უწესებენ, ბევრი ექსპერტი საუბრობს იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინმა სანქციების ეფექტისაგან თავის ასარიდებლად შესაძლოა კრიპტოინდუსტრიის გამოყენება გადაწყვიტოს.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით ყველა მსხვილი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა რუსულ უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ ზოგიერთი მათგანი თანამშრომლობას დასთანხმდება.
შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ენერგორესურსებით მდიდარი რუსეთისათვის ყველაზე მიმზიდველი გზა კრიპტოინდუსტრიაში სრულად შესაბიჯებლად კრიპტომაინინგი იქნება. მართალია, მაინინგი უკვე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ციმბირის რეგიონში, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო დიდი დატვირთვით ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ მაინინგით გამომუშავებული ციფრული აქტივების სხვა ვალუტაში გადაცვლა შესაძლებელია.
აღნიშნული სცენარი განსაკუთრებით სარწმუნოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ სანქციებისაგან სასტიკად დასუსტებული ირანის ეკონომიკა წნეხის შემცირებას სწორად მსგავსი აქტივობებით ცდილობს.
ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნულ შესაძლებლობას ასე „ოპტიმისტურად“ არ უყურებს. მათი მოსაზრებით, 1.4 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის საბანკო სექტორი მხოლოდ კრიპტოაქტივებით ვერ იცოცხლებს. თანაც თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნული ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გამოცდილებას, მათ მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტების ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის თანხა სხვადასხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად ძალიან ცოტაა.
თუმცა შესაძლოა, კრიპტოინდუსტრია შვება იყოს ცალკეული ინდივიდებისათვის. სანქცირებული ოლიგარქები და ბიზნესმენები ამ გზით მცირედით მაინც აინაზღაურებენ დაკარგულ მილიარდებს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინმა ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, მასზე გაბრაზებულ ოლიგარქთა რიცხვი მცირედით, თუმცა მაინც შეამციროს.
პროგნოზების გაკეთება ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია. ფაქტი ერთია, სანქციები რუსეთის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ პუტინს გამოსავალზე ფიქრი სულ უფრო მეტად უწევს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი კრიპტოინდუსტრიასთან დამეგობრების მიმართულებით. შემდეგ შეფასებების გაკეთებაც უფრო მარტივი იქნება.