რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

Gazprom-ი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წლე­ბის წინ დაკარგული პოზიციების აღდგენით არის დაკავებული. 2021 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 108%-ით გაიზარდა და მან 77 მილიონ დოლარს მიაღწია. ასეთი მკვეთრი მატება რუსული გაზის იმპორტში არცერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ამავდროულად, შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან. გასულ წელს საქართველოში სულ 256 მილიონი დოლარის ღირებულების აზერბაიჯანული გაზი შემოვიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 2.4%-ით ნაკლები იყო. იყო თუ არა კლება იმპორტირებული გაზის მოცულობაში (მლნ კუბმეტრი), ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.

თუკი 2020 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი მთლიან იმპორტში თანხობრივად 12.2% იყო, წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 23.1%-ს მიაღწია.

უფრო დეტალურად, სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

2021 წელს – გაზის მთლიანი იმპორტი $333 მილიონი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის – $256 მილიონი, რუსული გაზის – $77 მილიონი;

2020 წელს – გაზის მთლიანი იმპორტი $302 მილიონი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის – $262 მილიონი, რუსული გაზის – $36.9 მილიონი, სომხეთიდან იმპორტმა კი $3.2 მილიონი შეადგინა.

რაოდენობრივი მაჩვენებლები უცნობია, თუმცა თუკი 2020 წლის ტარიფი ძალაში იქნებოდა, მაშინ 2021 წელს რუსული გაზის იმპორტი 425 მილიონ კუბმეტრს მიაღწევდა, რაც მთლიანი მოხმარების 15% იქნებოდა. 2020 წელს მოხმარებაში რუსეთის წილი 7.9% იყო.

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოსახლეობისთვის და თბოსადგურებისთვის განკუთვნილი გაზი შეღავათიანი ტარიფით შემოდის. კომერციული სექტორისთვის კი აზერბაიჯანული გაზის ტარიფი გაცილებით უფრო მაღალია.

აზერბაიჯანთან ერთად საქართველო რუსული გაზის შესყიდვებსაც ახორციელებს, რასაც ქვეყანა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია.

2015 წლის ჩათვლით საქართველო ტრანზიტის საფასურს, გატარებული გაზის 10%-ს ნატურით იღებდა, თუმცა მას შემდეგ ტრანზიტის საფასურს რუსული „გაზპრომ ექსპორტი” საქართველოს ფულადი სახით უხდის, ანაზღაურების თანხა კი კომერციული საიდუმლოა.

უშუალოდ რუსული გაზის მთავარი მყიდველი კომერციული სექტორია, საუბარია მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტებზე, მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხნებზე.

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად აკეთებს ბუნებრივი აირის ბალანსის პროგნოზებს. 2022 წლის გაზის ბალანსის მიხედვით, ქვეყანაში მოსალოდნელია 2.7 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირის მოხმარება, საიდანაც 200 მლნ კუბური მეტრი რუსული გაზი უნდა იყოს, რაც თანხობრივად $36 მილიონის იმპორტს ნიშნავს. ამ გეგმის მიხედვით, რუსული გაზის წილი მთლიან მოხმარებაში 7.3% უნდა იყოს. ანალოგიურად, 200 მილიონი კუბური მეტრის იმპორტი ჰქონდა მთავრობას გაზის ბალანსში განსაზღვრული 2021 წლისთვისაც, თუმცა, როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, რეალურად მოხმარება ამაზე ორჯერ მეტი იყო. იქნება თუ არა ასეთი სხვაობა 2022 წელსაც, ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *