რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინაში შეიჭრნენ | რა ვიცით ამ დრომდე

რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინაში შეიჭრნენ | რა ვიცით ამ დრომდე

24 თებერვალს, გამთენიისას რუსულმა სამხედრო შენაერთებმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა დაიწყეს. შეტევას წინ უძღოდა რუსეთის მიერ ახლადაღიარებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მთავრობების თხოვნა, რუსეთს გაეწია შესაბამისი სამხედრო დახმარება „უკრაინული აგრესიის“ მოსაგერიებლად. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის პასუხმაც არ დააყოვნა და რუსულ სამხედრო შენაერთებს უკრაინაში შეჭრის ბრძანება მისცა.

რუსი სამხედროები უკრაინაში ერთბაშად რამდენიმე პოზიციიდან შეიჭრნენ. სამხედრო ნაწილებმა უკრაინისაკენ მოძრაობა დაიწყეს როგორც ჩრდილოეთიდან, ბელარუსის გავლით, ისე, სამხრეთიდან, ოკუპირებული ყირიმის გავლით და აღმოსავლეთიდანაც, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან. ამან, ბუნებრივია, უკრაინელ სამხედროებს საქმე გაურთულა და თავდასხმის საწყის ფაზაზე რუსული სამხედრო კონტინგენტის უპირატესობა აშკარა იყო. თუმცა, რამდენიმე საათში უკრაინელების წინააღმდეგობის ტალღაც გაიზარდა და ამჟამად ბრძოლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ავიაციის გამოჩენა სტრატეგიული ობიექტების განადგურებას ემსახურებოდა. კერძოდ, რუსული ავიაცია, რომელიც ძირითადად მოიერიშეების, SU-25-ებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების, კა-52-ებისაგან, შედგება უკრაინის აეროპორტების, სამხედრო საწყობებისა და ბაზების განადგურებას ცდილობს. უკრაინელები კი მეტნაკლები წარმატებით ცდილობენ მათ განადგურებას.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიას დახმარებას ბელორუსი სამხედროებიც უწევენ. თუმცა, ეს გარემოება შეჭრამდეც ნათელი იყო. ბელორუსი რუსეთის დიდი ხნის მოკავშირეა და სამხედრო მობილიზაციასაც მასთან ერთად ახდენდა. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მარიოპოლისა და ხარკოვის დაკავების შესახებაც, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ქალაქებში პოზიციების გასამაგრებლად შეტაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საგულისხმოა რუსეთის სურვილი და მცდელობაც, იერიში მიიტანოს კიევზე და დედაქალაქის აღებით უკრაინელი ჯარისკაცების დემორალიზაციას შეუწყოს ხელი. კიევში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა სასიგნალო სირენების ხმა, მოსახლეობის ნაწილი კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადასვლას ცდილობდა, კონფლიქტის კერისგან გარიდების მიზნით. რიგები შეინიშნებოდა სასურსათო მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებზეც. სამთავრობო კვარტალში უკრაინული შეიარაღებული ძალებიც გამოჩნდნენ. ამ საკმაოდ დიდი საფრთხისდა მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დედაქალაქში დარჩენა და სიტუაციის აქედან კონტროლი გადაწყვიტა. მან მოსახლეობას საკმაოდ მტკიცედ და თავდაჯერებულად რამდენჯერმე მიმართა, რაც ასეთ დროს მნიშვნელოვან ემოციურ ფაქტორს წარმოადგენს.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ჩერნობილის ბირთვული სადგური დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ სადგური კვლავ რადიოაქტიურია, შესაბამისად, მისმა დაზიანებამ შეიძლება დიდი კატასტროფა გამოიწვიოს. რადიოაქტიურმა ღრუბელმა კი შესაძლოა მთელი უკრაინის ტერიტორიაც მოიცვას.

დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საინფორმაციო ომიც. შეტაკებების დაწყების პირველი წუთებიდან ორივე მხარე აქტიურად იყენებს ამ ბერკეტს ინფორმაციის გასავრცელებლად. დეზინფორმატორის როლში, ბუნებრივი, რუსეთია წარმოდგენილი. ის, როგორც საკუთარი, ისე მარიონეტული საინფორმაციო საშუალებებით ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. დღის განმავლობაში რუსული და სატელიტური მედია აყალიბებდა ნარატივს, თითქოს უკრაინელი სამხედროები იარაღს ყრიდნენ და ტყვედ ბარდებოდნენ, რისი მიზანიც სამხედროების დემორალიზაცია გახლდათ. თავის მხრივ, უკრაინა ამ ყველაფერს საპასუხო მესიჯებით პასუხობდა. უკრაინის გენშტაბი, თავდაცვის სამინისტრო და სხვადასხვა უწყებების პრესსპიკერები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდნენ გადამოწმებულ ინფორმაციას მტრის დანაკარგების შესახებ, რათა საბრძოლო მუხტი სამხედროებში კიდევ უფრო გაეზარდათ. საინფორმაციო ომს, განსაკუთრებით ბრძოლის პირველ ეტაპებზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ საკმაოდ მსუყე სანქციათა პაკეტი წარადგინა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. სანქციების მსხვილი პაკეტის წარდგენას ელოდებიან თეთრი სახლიდანაც. დასავლელი ლიდერების განცხადებით, თავისუფალი სამყაროს პასუხი ხისტი და მკაცრი იქნება.