სად მდებარეობს საქართველო IT რუკაზე?

სად მდებარეობს საქართველო IT რუკაზე?

აქვს თუ არა საქართველოს IT ინდუსტრიაში პერსპექტივა? თბილისში გამართული StrategEast State and IT Eurasian Forum-ი შეეცადა ამ კითხვისთვის ეპასუხა. ფორუმი პანდემიის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება იყო. ჩვენ მის ორგანიზატორს StrategEast-ის პრეზიდენტს, ანატოლი მოტკინს ვესაუბრეთ.  

[MAINPICTURE]

საქართველოს ეკონომიკაში IT ინდუსტრიას დღეს მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს. როგორ ფიქრობთ, აქვს ამ სფეროს პერსპექტივა საქართველოში?

უდავოდ. პირველ რიგში, თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, თუ რა შემოქმედებითი და გონიერი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. დღეს უკვე კომპიუტერული მიმართულებების კურსდამთავრებულები ისეთი ადგილობრივი უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა BTU, კავკასიის უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი, საკმაოდ მარტივად პოულობენ სამსახურს.

ასევე, ჩვენ StrategEast-ში უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავთ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების საქართველოში მოზიდვისთვის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოცდილება მსოფლიო დონის სპეციალისტებისგან აქ შეიძინონ. უნდა ვაღიარო, რომ ამ კომპანიებიდან რამდენიმემ უკვე გახსნა ოფისები თბილისში და სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანა თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობაც – სამუშაოდ და ადგილობრივი ახალგაზრდების მოსამზადებლად.

StrategEast-ის ფორუმზე არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ინდუსტრიის ლიდერების მიერ IT კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებისა და ასევე საქართველოში ამერიკული კომპანიების ოფისების გახსნის შესახებ. რომ შევაჯამოთ, საქართველოსთვის რა შედეგებით დასრულდა ფორუმი?

მონაწილეებს შორის გამოცდილების ტრადიციული გაცვლისა და პლენარული დისკუსიების შედეგების საფუძველზე ე.წ. policy papers-ის ფორმირების გარდა, რომლებსაც ევრაზიის რეგიონის მთავარ დაინტერესებულ პირებს ვუზიარებთ, ფორუმზე სამი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა: საქართველოს მთავრობამ IT ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის სამ პრიორიტეტულ სექტორს შორის დაასახელა; პირველად ჩვენს ფორუმზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოში IT კომპანიებისთვის 5%- იანი გადასახადის დაწესების შესახებ განაცხადეს – ეს კანონი უკვე დამტკიცებულია; ასევე წამყვანი ამერიკული საინჟინრო კომპანია EPAM Systems-ის პრეზიდენტმა, არკადი დობკინმა, რომელიც ასევე StrategEast-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია, საქართველოში ოფისის გახსნის შესახებ განაცხადა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ ქმედების შედეგის დანახვა უკვე შესაძლებელია და გარწმუნებთ, რომ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში საქართველო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მსოფლიოს IT რუკაზე.

StrategEast-ის ცენტრმა ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში IT ინდუსტრიის განვითარების შესახებ – „Changing Economy Changing Society”. მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, თქვენ IT ინდუსტრიას არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ ფაქტორადაც განიხილავთ. რა ცვლილებებს იწვევს საზოგადოებაში IT განვითარება?

ჩვენ დიდი ხანია, შევამჩნიეთ, თუ როგორ ცვლის IT რეგიონის ქვეყნებში სოციალური ქცევის მოდელს. ძირითადად იმის დამსახურებით, რომ IT სპეციალისტები მუშაობენ დასავლეთის მომხმარებლებისთვის და თანამშრომლობენ კოლეგებთან დიდი დასავლური კორპორაციებიდან. პროფესიული უნარების შეძენის პარალელურად, ისინი ითავისებენ ახალ, არაპოსტსაბჭოთა კულტურულ კოდს.

საკმარისია, დავაკვირდეთ მინსკს, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ, ახალგაზრდა IT სპეციალისტების წყალობით, „კოლხოზური“ სერვისის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტების ადგილას უამრავი ჰიპსტერული კაფე, საერთო სამუშაო სივრცე და სხვა საჯარო დაწესებულება გაჩნდა, რომელთა წარმოდგენაც მარტივად შესაძლებელია კალიფორნიაში, ბერლინსა ან ვარშავაში.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. ძირითადი გარდაქმნა, რომელიც IT განვითარების შედეგად ხდება, არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალთა ახალი კლასის ჩამოყალიბება. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ხარისხიანი კადრების ერთადერთი გენერატორი იყო საბანკო სექტორი და, ნაწილობრივ, იურისტები. აქ მოსახლეობის დიდ ნაწილს, როგორც უმეტეს პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, არ შეუძენია ორი ძირითადი თვისება, რომლებიც ჰომო- სოვეტიკუსს ბაზრის ცნობიერების მქონე ადამიანისაგან განასხვავებს: პასუხისმგებლობის აღების მზაობა და კერძო საკუთრების პატივისცემა.

როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომელს შეეძლო სამსახურიდან ჩაქუჩის მოპარვა. მაგრამ მაშინ, როცა ამერიკაში ეს ადამიანი სახლში იტყოდა: „მე სამსახურში მოვიპარე, მაგრამ ვერ დამიჭირეს”, საბჭოთა ადამიანი იტყოდა: „სამსახურიდან ავიღე და სახლში წამოვიღე”. „ავიღე” – არანაირი პასუხისმგებლობა და აბსოლუტური უპატივცემულობა სხვისი საკუთრებისადმი.

StrategEast-ის მისიაა, დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებმაც თავი დააღწიეს საბჭოთა ოკუპაციას, მოიშორონ მანკიერი საბჭოთა მემკვიდრეობა და შექმნან გამჭვირვალე ეკონომიკური მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება ცოდნასა და პასუხისმგებლობიან, ეფექტიან ინსტიტუტებზე.

ფორუმზე ბევრი ისაუბრეთ IT განათლებასა და ამ კუთხით ინვესტიციის საჭიროებაზე. თქვენ ახსენეთ საგანმანათლებლო ცენტრი IT HUB, რომელიც თბილისში გახსენით. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვესაუბროთ ამის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ StrategEast მთლიანად რეგიონის ეკონომიკური ტრანსფორმაციითაა დაკავებული, მე პირადად დიდი ხანია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა საქართველოს მიმართ და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეიძლება აქ წარმატებული და დინამიკურად განვითარებადი IT სექტორის შექმნა.

მას შემდეგ თავად სახელმწიფომაც ამ მიმართულებით კოლოსალური სამუშაოები ჩაატარა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მოკლე დროში გახდა ინოვაციური გარდაქმნების ნამდვილი ლოკომოტივი ქვეყანაში და მოხარული ვარ, რომ StrategEast-ს ასეთი კვალიფიციური პარტნიორი ჰყავს საქართველოში.

როგორც ადრე აღვნიშნე, უნივერსიტეტებისა და თავად განათლების სამინისტროს როლი, რომელიც ასევე უზარმაზარ მხარდაჭერას გვიწევს, წარმოუდგენლად დიდია. როგორც საქართველოში საკუთარმა გამოცდილებამ გვაჩვენა – უნივერსიტეტებთან და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზება გაცილებით რთულია.

ჩვენი StrategEast IT HUB თბილისში არსებითად განსხვავდება მსგავსი ინიციატივებისგან იმით, რომ პირველ რიგში ვქმნით ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლის დასრულებისთანავე იწყებენ მუშაობას მსხვილ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში საქართველოდან გაუსვლელად.

StrategEast IT HUB თბილისში ჩაფიქრებული იყო როგორც ფიზიკური სივრცე, სადაც მსოფლიო დონის IT სპეციალისტები ასწავლიან ჩვენს სტუდენტებს და ჩაატარებენ პრაქტიკულ სემინარებსა და შეხვედრებს. მაგრამ უკვე მარტის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიამ ამ გეგმებში საკუთარი კორექტივები შეიტანა და ჯგუფური სწავლების ჩატარება შეუძლებელი გახდა.

შედეგად, ჩვენ მხოლოდ ვისარგებლეთ ამით – სწავლების ფორმატის დისტანციური მოდელით ჩანაცვლებით, როდესაც თითოეული პედაგოგი ერთ სტუდენტთან მუშაობს. ეს გვაძლევს საშუალებას, ვასწავლოთ არა მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდებს თბილისიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან, არამედ იმათაც, ვინც დედაქალაქიდან შორს ცხოვრობს. ამ დროისთვის ჩვენ ვასწავლით 40-მდე სტუდენტს და დონორების ჩართულობით სტუდენტების რაოდენობის ათჯერ გაზრდას ვიმედოვნებთ. სწორედ ეს ასობით კურსდამთავრებული გახდება ქართული IT ინდუსტრიის საფუძველი და ათობით მილიონ დოლარს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას.

როგორც უკრაინისა და ბელარუსის გამოცდილება გვიჩვენებს, თითოეული IT სპეციალისტის წყალობით, კიდევ ხუთი სამუშაო ადგილი ჩნდება – ესენია მიმტანები, გამყიდველები მაღაზიაში, მშენებლები, ავტოსახელოსნოს მუშაკები და მრავალი სხვა. მაგრამ მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ თავისი მაგალითით ის მოტივაციას აძლევს თანატოლებს, ისწრაფოდნენ ცოდნისკენ.

როგორია ამ ცენტრის ფინანსური მოდელი? ვინ იხდის სწავლის საფასურს?

სტუდენტთა პირველი ჯგუფის განათლების საფასური გადაიხადა StrategEast ცენტრმა, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, დრო არ დაგვეკარგა და რაც შეიძლება მალე დაგვეწყო პროგრამის განხორციელება. მეორე ეტაპზე მხარდაჭერას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ველოდებით. თუმცაღა, ჩვენი პროგრამა გათვლილია იმაზე, რომ ორი წლის შემდეგ იგი გახდება ფინანსურად მდგრადი და სწავლის ხარჯებს ან სტუდენტები დაფარავენ, ან თავად კომპანიები, რომლებიც მათ სამუშაოდ აიყვანენ.

ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ სტიპენდიების სისტემას, რათა დავეხმაროთ ნიჭიერ ახალგაზრდებს რეგიონებიდან და დაბალი სოციალურ- ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებიდან. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა გენდერული თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა.

ასევე, უახლოეს მომავალში StrategEast მსხვილ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად საქართველოში სტარტაპების განვითარების პროგრამის დაწყებას გეგმავს და ამ პროგრამის წყალობით ჩვენ შევძლებთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში.

როგორ შეაჯამებდით, რატომ არის ციფრული ეკონომიკა პრიორიტეტული საქართველოსთვის?

IT ინდუსტრია საქართველოსთვის არ არის მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდის მექანიზმი. დღეს ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში ინტეგრირება არ შეუძლია, მკვეთრ ჩამორჩენას იწყებს. რა თქმა უნდა, როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ტურიზმი არის და უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტი, მაგრამ საქართველოს მომავალი, როგორც გონიერი და ამბიციური ხალხის ქვეყნისა, კვლავ ცოდნის ეკონომიკაშია.