Topshop-ის და Topman-ის მმართველი კომპანია გაკოტრების შესახებ აცხადებს

Topshop-ის და Topman-ის მმართველი კომპანია გაკოტრების შესახებ აცხადებს

მილიარდერ ფილიპ გრინის კომპანია Arcadia Group-ი, რომელიც ტანსაცმლის ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Topshop, Wallis, Evans და Topman-ი, გაკოტრების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ FT წერს. გამოცემის ცნობით, ეს პანდემიის პერიოდში რითეილ სექტორში ყველაზე მსხვილი გაკოტრებაა.

Arcadia Group-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი უკვე გააკეთა. იან გრაბინერმა, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას ათ წელზე მეტი ხანია იკავებს, განაცხადა, რომ ეს ამბავი წარმოუდგენლად სამწუხაროა მისთვის. “კორონავირუსის პანდემიამ იძულებული გაგვხადა დაგვეხურა ჩვენი მაღაზიები ხანგრძლივი პერიოდით, რამაც სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს ბრენდებზე“, – განაცხადა მან.

Arcadia Group-ის გაკოტრება და დახურვა ნიშნავს იმას, რომ უქმდება 13 000 სამუშაო ადგილი. FT-ის ცნობით, მაღაზიები ჯერჯერობით არ დახურულა, და თანამშრომლების ერთდროულად დათხოვნა არ იგეგმება. პარალელურად, Deloitte-ის წარმომადგენელი, მეტ სმითი, რომელიც კომპანიამ დაიქირავა დროებით მმართველად, იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიას გამოუჩნდება ახალი ინვესტორი. Arcadia-ს აქტივების შეძენის სურვილი გამოთქვა Frasers Group-მა, რომელიც სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მაღაზიებს ფლობს, ასევე კიდევ ერთმა ონლაინ მაღაზია Boohoo-მაც.

ცნობისთვის, Arcadia-ს ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. კომპანიის წილი ბრიტანეთის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბაზარზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში მესამედით შემცირდა. Arcadia Group-ის შემოსავალი 2013 წელს 300 მლნ ფუნტი იყო, 2018 წელს კი ის 122 ფუნტამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, Arcadia Group-ის მფლობელი ბრიტანელი მილიარდერი ფილიპ გრინია, რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად დაახლოებით $2.3 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.