საერთაშორისო ფესტივალი - AD BLACK SEA ბრუნდება

საერთაშორისო ფესტივალი - AD BLACK SEA ბრუნდება

2022 წლის 16-17 სექტემბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება. 

ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება და რეკლამითა და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. პროგრამა ერთნაირად საინტერესოა როგორც უკვე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის. 

ფესტივალის ორდღიანი პროგრამა დახუნძლულია სემინარებით, ვორკშოპებით, პანელური დისკუსიებით და საღამოს პროგრამით. ფესტივალის კულმინაცია კი დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური, 11 კატეგორიაში გამარჯვებულებს ავლენს.   

ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება და რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი ამ პლატფორმის ირგვლივ შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერება იყო. წლიდან წლამდე ფესტივალის მასშტაბის ზრდა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებისკენ მიუთითებს და რიგით მეექვსე ფესტივალზე, ორწლიანი პანდემიური პაუზის მიუხედავად, ორგანიზატორები სტუმრების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, Ad Black Sea აღარ მიიღებს რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს. განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი. 

ფესტივალზე წელს 1000-ზე მეტ დელეგატს ელოდებიან. ნამუშევრები კი უკვე მიღებულია და საერთაშორისო ჟიური ამ წუთებშიც მუშაობს გამარჯვებულების გამოსავლენად. 

საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილია 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან.

საკონკურსო 11 კატეგორია კი ასე გამოიყურება: 

ADVERTISING CAMPAIGNS

BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING

DESIGN & BRANDING

DIGITAL & MOBILE

DIGITAL & MOBILE craft

FILM

FILM CRAFT

MEDIA

OUT OF HOME

PRINT & PUBLISHING

CREATIVE EFFECTIVENESS

ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის ჯილდოებს გადასცემს. ფესტივალის ბოლოს, ქართული საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია შეაჯამებს მთელი წლის ქულებს და საუკეთესო ქართულ სააგენტოს და დიზაინ სტუდიასაც გამოავლენს. სააგენტოები ქულებს წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე აგროვებენ. 

რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეულნი არიან დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ დელეგატებს და განიხილავენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.  

ფესტივალზე ონლაინ ჩაერთვება სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი და დამსახურებული კრეატიული დირექტორიც Sir John Hegarty, რომლის წიგნიც წელს პირველად ითარგმნა ქართულად, ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატივით. 

Ad Black Sea 2022 პროფესიული ზეიმი და ერთგვარი გადატვირთვაა დარგის წარმომადგენლებისთვის. ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ ორწლიან პაუზას ღირსეულად აანაზღაურებენ და დელეგატებს საკმარის ემოციებს და შთაგონებას გადასცემენ მომავალ წლამდე. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.