საინვესტიციოდ მიმზიდველი აგროკულტურა საქართველოში - ლურჯი მოცვის პერსპექტივები

საინვესტიციოდ მიმზიდველი აგროკულტურა საქართველოში - ლურჯი მოცვის პერსპექტივები

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელ ბევრ ქვეყანაზე უფრო მეტად ამ კულტურამ საქართველოში გაამართლა, – ამის შესახებ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია GeorgianBlue-ის გენერალურმა დირექტორმა რატი მორჩილაძემ Forbes Talks-ში ისაუბრა. მან გადაცემაში კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ შოთა მარგალიტაძესთან ერთად ლურჯი მოცვის კულტურის საქართველოში შემოტანის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად არავის ეგონა, თუ ის საქართველოში გაამართლებდა.

„ლურჯი მოცვის კულტურა საქართველოსთვის ენდემური არ არის, ეს არის შემოტანილი და ძირითადად აშშ-დან მოდის. საქართველოში მას არც ისე დიდი ისტორია აქვს. პირველი მოცვის ნერგები დაახლოებით 15 წლის წინ შემოვიდა. თავიდან უცხოელი აგრონომები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, ამბობდნენ, რომ საქართველოში ნიადაგის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, არ გაიხარებდა. თუმცა ქართველმა აგრონომებმა არგუმენტირებულად დაუმტკიცეს, რომ ღირდა ამის გარისკვა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელ ბევრ ქვეყანაზე უფრო მეტად მან საქართველოში გაამართლა“, – აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია, რაც ლურჯმა მოცვმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეიძინა თანამედროვე საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში.

„ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინვესტიციოდ მიმზიდველი კულტურა“, – აღნიშნა GeorgianBlue-ის გენდირექტორმა.

თავის მხრივ GeorgianBlue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა მარგალიტაძემ აღნიშნა, რომ მოცვის კულტურის გაშენება და ინდუსტრიალიზაცია მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციებს, ამიტომაც, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა.

„ცალკეულმა კომპანიებმა შეიძლება დამოუკიდებლად ვერ შეძლონ დიდი მასშტაბების მიღება, ამიტომ ამაში ძალიან აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტო, პროგრამა „დანერგე მომავალი“. ჩვენ ამ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და დაგვიფინანსეს“, – აღნიშნა GeorgianBlue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მარგალიტაძის თქმით, მათი დაკვირვებით, მოცვზე ყველაზე დიდი მოთხოვნა არის სპარსეთის ყურის, ევროპის და ყოფილ დსთ-ის ქვეყნებში და საქართველოს შეუძლია, ამ სამი მიმართულებით აქტიურად იმუშაოს.

„ესპანელ მწარმოებელთან შედარებით, მაგალითად, სპარსეთის ყურის რეგიონისთვის მიწოდებაზე ჩვენ უპირატესობა გვაქვს. ასევე აზიის მწარმოებლებიდან ევროპისთვის მიწოდება ჩვენ უფრო შეგვიძლია. ევროპას კი უფრო მეტი მოთხოვნა აქვს, ვიდრე წარმოება“, – განაცხადა შოთა მარგალიტაძემ.

GeorgianBlue-ის გენერალურმა დირექტორმა რატი მორჩილაძემ კი დასძინა, რომ ამ სამი ბაზრის გარდა, არის სხვა ბაზრებიც, რომლებიც ასევე პერსპექტიულია საქართველოსთვის, თუმცა მათთვის მიწოდება გარკვეულ ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირდება.

„არის აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, მაგალითად მალაიზია, რომელიც ძალიან საინტერესო ქვეყანაა და სადაც მოცვზე არის მოთხოვნა, მაგრამ ლოგისტიკური სირთულეები არსებობს. მიწოდების ერთადერთი ვარიანტი არის საჰაერო გზა, რაც ძვირი ჯდება“, – აღნიშნა რატი მორჩილაძემ და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე წელიწადში ლოგისტიკური სირთულეები მოგვარდება და ქართულ მოცვს გასვლის შესაძლებლობა ამ ბაზრებზეც  ექნება.

გარდა ამისა, GeorgianBlue-ის აღმასრულებელმა და გენერალურმა დირექტორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მოცვის წარმოება იზრდება და შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 4000 ტონა მოცვის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

„შარშან საქართველომ 700 ტონა ლურჯი მოცვი აწარმოა. წელს მოსალოდნელია 1500 ტონამდე მოსავალი. ჩვენი წარმადობა კი დაახლოებით 600 ტონაა“, – აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვისა და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ 3.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

ლურჯი მოცვის ექსპორტი კი 2020 წელს საქართველოდან შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი); სომხეთი (78.2 ათასი დოლარი); არაბთა გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი); პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი); უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *