სახიფათო თამაშები ბიზნესგარემოსთან

სახიფათო თამაშები ბიზნესგარემოსთან

(ავტორი: ირინა კვახაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე)

მომავალი შენია?! კი, თუ გჯერა – ასე ამბობს განწყობის ფსიქოლოგია და ეკონომიკური მეცნიერებაც. მომავლის მიმართ ნდობა განსაზღვრავს ჩვენს, მომხმარებლებისა და მეწარმეების, ქცევას – ეს ცნობილი კანონზომიერებაა. ამ მხრივ, სამწუხარო ტენდენციას აჩვენებს ISET-ის სამომხმარებლო და ბიზნესის ნდობის ინდექსები: 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2015 წლის მეორე კვარტალის ჩათვლით, მომხმარებელიც და მეწარმეც ნაკლებად დარწმუნებულია მომავალში; 2015 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ნდობის მაჩვენებელი რეკორდულად დაეცა და 3.6-მდე ჩამოვიდა (24.5-ით შემცირდა, პირველ კვარტალთან შედარებით).

მომავლის მიმართ სკეპტიციზმის მიზეზი მომხმარებელსაც და მეწარმესაც საკმარისად აქვთ. 2014-2015 წლები ჩვენი რეგიონისთვის რთული აღმოჩნდა: ნავთობზე ფასებმა იკლო, რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციებია დაწესებული. შედეგად, მკვეთრად შემცირებულია ფულადი გზავნილები საქართველოში, ასევე – საქართველოდან ექსპორტი რეგიონში (დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 2015 წლის პირველ ოთხ თვეში წინა წლის იმავე მაჩვენებელზე 51%-ით მცირეა). ამას დაერთო აშშ დოლარის გამყარება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპის შენელება. 2014 წლის ნოემბრიდან ამ პროცესებმა ეროვნული ვალუტის კურსზე ასახვა დაიწყო, რაც 2015 წლის ივნისამდე გაგრძელდა. ძლიერ დოლარიზებულ სისტემაში ვალუტის მკვეთრი გაუფასურება საგრძნობ ტვირთად აწვება მსესხებლებს – როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს. საბოლოოდ, როგორც ISET-ის კვლევებმა აჩვენა, მომხმარებელსა და ბიზნესს მნიშვნელოვნად შეერყა ნდობა მომავლის მიმართ. ეს, ეკონომიკური კანონზომიერებით, დღეს, აწმყოში ეკონომიკური აქტიურობისა და, შესაბამისად, ზრდის შენელებას ნიშნავს.

ბიზნესის ნდობის ინდექსის მკვეთრი შემცირება მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე არ მიგვითითებს. კერძო სექტორი მგრძნობიარეა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება მეწარმისთვის არის სიგნალი, რომელიც მოქმედებს არჩევანზე: გააფართოოს ბიზნესი, ახალ საქმეს მოჰკიდოს ხელი, თუ შეამციროს ან, სულაც, შეწყვიტოს. თუ საშინაო პოლიტიკა ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზეა ორიენტირებული, მეწარმემ შესაძლოა ეკონომიკურად რთულ პერიოდშიც შეინარჩუნოს ოპტიმიზმი.

განვლილი ორი წლის მანძილზე საზოგადოებისთვის შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილი კერძო სექტორის განვითარებისა და, მთლიანობაში, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ბიზნესის მოლოდინების გარდაქმნაში ამან დიდი წვლილი შეიტანა.

რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არაა

2013 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის წევრები გამოვიდნენ წინადადებით, იპოთეკების აღსრულება ექვსი თვით შეჩერებულიყო. ეს ინიციატივა გადახდისუუნარო მსესხებლების მდგომარეობას გრძელვადიანად არ შეცვლიდა – მათი პრობლემების მხოლოდ დროში გადავადება თუ მოხდებოდა. სამაგიეროდ, შესაძლო უარყოფითი შედეგები ცალსახა იყო: ცვლილება არალიკვიდურს გახდიდა კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების ხელში არსებულ უძრავ ქონებას, გაზრდიდა საკრედიტო რისკებს, წაახალისებდა მსესხებლებში სასესხო ვალდებულებების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და შექმნიდა ვადაგადაცილებული სესხების გაზრდის რისკს. საფრთხეების ჩამონათვალი შეიძლება გავაგრძელოთ, თუმცა უკვე აღნიშნული რისკებიც ცხადად აჩვენებს, რამდენად უარყოფითად შეეძლო ემოქმედა ეკონომიკაზე ამ, ერთი შეხედვით, კეთილშობილურ წამოწყებას. რომ არა კერძო სექტორისა და ბიზნესომბუდსმენის მყისიერი რეაგირება, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორებისთვის 2013-2014 წლები უფრო მძიმე იქნებოდა.

2014 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, უცხოელებისთვის გართულდა სტუმართმოყვარე საქართველოს საზღვრების გადმოკვეთა. ამ ინიციატივასაც კეთილშობილური მოტივებით, ევროკავშირთან დაახლოების საჭიროებით ამართლებდნენ, და ისიც ნაჩქარევად და უაყოფითი შედეგების გაუთვლელად იყო შემუშავებული. ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა ასეთ მსხვერპლს არ ითხოვდა.

2014 წლის სექტემბერში აღმოჩნდა, რომ საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული ბევრი უცხოელი სტუდენტი გართულებული სავიზო რეჟიმის გამო ვეღარ აგრძელებდა სწავლას ან მნიშვნელოვნად უფერხდებოდა სასწავლო პროცესი. ასევე აღმოჩნდა, რომ საქართველოში საკუთარი ბიზნესის მქონე უცხოელებს, საქართველოში მოქმედი კომპანიების მენეჯმენტში თუ მოწვეულ სპეციალისტად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება და თავიანთ ინვესტიციასა თუ კარიერაზე ზრუნვა შორიდან უწევდათ. ამავდროულად, დეკლარირებული ეკონომიკური სტრატეგიის მიხედვით, საქართველო ერთ- ერთ გლობალურ ჰაბად გადაქცევისკენ მიისწრაფვის.

ეს ცვლილება აღსანიშნავია კიდევ ორი მიზეზით: სათანადო სტრუქტურები კანონის აღსრულებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდნენ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვიზების მისაღებად დიდი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა მოუხდათ; და მეორე – სხვადასხვა ბიზნესასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და თავად უცხოელი მოქალაქეების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ამ ცვლილების უარყოფითი შედეგების (საქართველოს, როგორც ღია და ლიბერალური ქვეყნის იმიჯის გაუარესება, ტურისტების ნაკადის შემცირების საფრთხე, კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის შეფერხება) გაცნობიერება. ამის მიუხედავად, სავიზო რეჟიმის კვლავ გამარტივებასა და საწყის წერტილში დაბრუნებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

2015 წლის თებერვალში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალი კანონპროექტით გამოვიდა, რომელიც შრომით მიგრაციას ეხება. კანონპროექტის პირველი ნაწილის მიზანი ტრეფიკინგის შესაძლებლობების აღმოფხვრაა. მეორე ნაწილი კი პროტექციონისტულია – ართულებს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას, ითხოვს რა კომპანიებისგან დასაბუთებას, რომ ვაკანტური ადგილისთვის საქართველოს მოქალაქე ვერ შეარჩიეს. დამატებით, კანონპროექტი დამსაქმებლებს ავალდებულებს, საჭირო კადრები ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაოს მაძიებელთა ბაზიდან შეარჩიოს.

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სამშენებლო კომპანია და გჭირდებათ ინჟინერი. საქართველოში დღეს კვალიფიციური ინჟინრების დეფიციტია (ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, სადაც თანამშრომლების უდიდეს ნაწილს ტექნიკური სპეციალისტები შეადგენენ, ინჟინრების საშუალო ასაკი 60-65 წელია). ან რძის გადამამუშავებელი ქარხნის შექმნა გსურთ: ამისთვის ტექნოლოგი დაგჭირდებათ, რომელიც სამინისტროს ბაზაში სანთლით უნდა მოიძიოთ და ილოცოთ, რომ იმ იშვიათ შემთხვევას გადააწყდებით, როდესაც ადამიანის კვალიფიკაცია სტატუსს შეესატყვისება. ყოველი ახალი ბარიერი ზრდის შანსს, რომ ბიზნესის გაფართოება თუ წამოწყება უბრალოდ გადაიფიქროთ.

კანონპროექტის ამ ნაწილის მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეების დაცვა უცხოელების კონკურენციისგან. ჩნდება შეკითხვა: ხომ არ ჯობია, განათლებითა და საჭირო უნარების განვითარებით დავძლიოთ კონკურენცია, და არა საზღვრების ჩაკეტვით? კანონპროექტში არსებული საფრთხეების თავიდან არიდებაზე ამჯერადაც კერძო სექტორმა იზრუნა. ბიზნესგაერთიანებები ჩაერთვნენ განხილვებში და შეძლეს ინიციატორებისა და ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის დარწმუნება, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ზიანს თუ მოუტანდა სამუშაო ძალის ბაზარსა და მთლიანად ეკონომიკას.

2015 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტმა წამოაყენა ინიციატივა, ეროვნულ ბანკს საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახური გამოეყოს, თანაც ასეთი მასშტაბური ინსტიტუციური ცვლილება სულ რაღაც ორ თვეში – პირველი ივლისისთვის განხორციელდეს. მაისშივე ეროვნული ვალუტის გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ ხუთი წლის მაქსიმუმს (2.3650) მიაღწია. ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას მოჰყვა ბანკების პირდაპირი თუ ირიბი დადანაშაულება სპეკულაციურ გარიგებებში, რამაც შესაძლოა, საფინანსო სექტორის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეარყიოს.

კანონპროექტის გაცხადებული მიზანია, მეტი დამოუკიდებლობა შესძინოს საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურს და გამიჯნოს ის მონეტარული პოლიტიკისგან. ჩნდება კითხვები: რატომ ახლა და რატომ ორ თვეში? ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხებია საჭირო, რომ კერძო სექტორს სტაბილობისა და გარემოს პროგნოზირებადობის განცდა არ დაეკარგოს.

კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შესახებ, იპოთეკის აღსრულების შეჩერება, სავიზო რეჟიმის გამკაცრება, კანონი შრომით მიგრაციაზე, საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი – დღეს ამ ინიციატივათაგან უმეტესი შეჩერებულია ან მათზე მსჯელობა სხვადასხვა მხარის მონაწილეობით გრძელდება. თუმცა, იმის მიუხედავად, იქცევა თუ არა კანონად, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ინიციატივების მუდმივად წამოჭრას თავისთავად აქვს უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ მოლოდინებზე. კერძო სექტორს ეკარგება სტაბილურობის განცდა და შეგრძნება, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მის განვითარებაზეა ორიენტირებული.

როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად რთულ პერიოდში შედის, რომელიც, გარკვეულწილად, საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული, ორი მიმართულებით შეგვიძლია ვიფიქროთ: პირველი, დაველოდოთ საგარეო ფაქტორების გაქარწყლებას; და მეორე, რაც შეიძლება მეტი სტიმული მივცეთ ეკონომიკას – მოკლევადიან ეფექტიან გადაწყვეტილებებთან ერთად, მასშტაბური რეფორმები გავატაროთ: გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადის გაუქმება ხელისუფლების ინიციატივაა, რომელიც ასეთ სტიმულად გამოდგება. ახლა მთავარი სწორი ინიციატივების განხორციელებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *