სახიფათო ცვლილებები

სახიფათო ცვლილებები

კახეთის გზატკეცილზე, 10 ნომერში მდებარეობს ტალღის ფორმის გამჭვირვალე, ლამაზი შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის თითქმის ყველა კატალოგშია შესული. შენობის მეორე სართულზე, მარცხენა მხარეს დიდი თეთრი კაბინეტია განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მოხერხებული კაბინეტია საქართველოში, ორ წელზე მეტია, ის ცარიელია. ბოლო სამმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახალაიამ, ღარიბაშვილმა და ჭიკაიძემ არ მოისურვეს მისი დაკავება. ახალაია მოდულში დაჯდა, ორი უკანასკნელი მინისტრი კი – ორთაჭალაში, კახა თარგამაძისეულ კაბინეტში.

რატომ გაიზარდა დანაშაული ასე მკვეთრად (თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ადრე უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა და გიმალავდნენ, ჯობს ამ სტატიის კითხვა აქვე შეწყვიტოთ) და რატომ გამოიყურება ერთ დროს ყოვლისშემძლე რეპუტაციის მქონე შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე უსუსურად? რა შეიცვალა ბოლო ორ წელიწადში, საით მივდივართ და სად არის გამოსავალი?

2004 წელს, როდესაც მაშინდელ უშიშროების სამინისტროში (ამავე წლის ბოლოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა) მუშაობა დავიწყე, მაშინვე ორი პრობლემის წინაშე დავდექი. ერთი იყო საპირფარეშოს საშინელი სული, რომელიც მთელ შენობაში იდგა და რომელიც მალე გაქრა, და მეორე, გაუთავებელი ზარები ნაცნობ-მეგობრებისაგან.

თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი თვლიდა, რომ მე, როგორც თანამდებობის პირს, მეკისრებოდა წმიდათაწმიდა მოვალეობა, მათ “რამეში გამოვდგომოდი”. თანაც არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ნაცნობებსა და –ნათესავებსაც. თავიდან თხოვნები ასატანი იყო და ძირითადად ეხებოდა იმას, რომ ვიღაცის ახლობელს სახლი გაუტეხეს ან მანქანა მოჰპარეს და გამომძიებელს თუ ვინმე “ზემოდან დაავალებს”, საქმე უფრო მალე გაიხსნება. ასეთი ზარების გადამისამართება ადვილი საქმე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ათიდან ათ შემთხვევაში “ზემოდან ზარი” საქმის გახსნა-არგახსნაზე არავითარ გავლენას არ ახდენს, პოლიციის უფროსთან დარეკვა და თხოვნა, რომ ამა და ამ კაცის საქმისთვის ყურადღება მიექციათ, არაფერს აფუჭებდა. თანაც სამი-ოთხი წლის შემდეგ ასეთი ზარები საერთოდ შეწყდა.

თხოვნების მეორე ტიპი შეეხებოდა ნაცნობებს, რომლებსაც, თავის მხრივ, ჰყავდათ ნაცნობები, რომლებიც იყვნენ ნიჭიერები, ჩვენიანები (ეს ჩვენიანი დღემდე ვერ მივხვდი, რას ნიშნავს) და გაუჩნდათ პოლიციაში მუშაობის დაწყების დაუძლეველი სურვილი. ასეთი ზარებიც არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ კანდიდატს გაგზავნიდი აკადემიაში ტესტირებაზე და თუ ვერ ჩააბარებდა, მხოლოდ საკუთარი თავისათვის შეეძლო დაებრალებინა.

ნამდვილი, სერიოზული პრობლემა იყო მესამე ტიპის ზარები. რომლებიც, როგორც წესი, იწყებოდა ასე: “აშველებდა”, “უბრალოდ იქ იყო”, “საერთოდ არაფერი არ დაუშავებია”, მხოლოდ ასიდან ერთ შემთხვევაში პროტექტორი უშვებდა იმის თეორიულ შანსს, რომ პროტეჟე შეიძლება დამნაშავე ყოფილიყო. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც ნაცნობმა საუბარი დაიწყო იმით, რომ დაკავებული “სიფხიზლეში ძალიან კარგი ბიჭია”, რითაც დაუშვა, რომ სიმთვრალეში არ შეიძლება ყოფილიყო ასეთივე კარგი. და, რა თქმა უნდა, ყველას შეეძლო ეხსენებინა ვიღაც სხვა მესამე პირი, რომელმაც ბევრად უფრო სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და დაუსჯელი დადის.

 ჩვენამდე ასეთი ზარები, როგორც წესი, სწრაფად გადაიზრდებოდა მარტივ არითმეტიკულ ამოცანად და ციფრის სწორად დასახელების, გამოკლებისა და გაყოფის შემდეგ მხარეები ურთიერთსასარგებლო გარიგებამდე მიდიოდნენ. 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც ეს აღებმიცემობა დამთავრდა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა “პატრონის ძებნა”.

ასეთ ზარებს იღებს ყველა, დაწყებული უბნის ინსპექტორით, დამთავრებული შინაგან საქმეთა მინისტრითა და გენერალური პროკურორით, მათი მეგობრებითა და ოჯახის წევრებით. სოციალური ზეწოლა უზარმაზარია. რეკავს ყველა – მეგობრები, კოლეგები, თანამდებობის პირები, “ცნობილი სახეები”, პოლიტიკოსები, მტერი და მოყვარე. ის, თუ რამდენად შეუძლია პოლიციას ასეთ ზეწოლას გაუძლოს, ხშირად განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელია პოლიცია.

თუ გადავხედავთ ბოლო დროს თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებს (ბარნოვზე და ავლაბარში ჩადენილი დანაშაულები), ერთი გარემოება გვეცემა თვალში: მკვლელები არიან ადამიანები, რომლებიც რომ არა ეს სოციალური ზეწოლა, დანაშაულის ჩადენის დროს ციხეში უნდა მსხდარიყვნენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გათავისუფლებულები, საპოლიციო კონტროლის ქვეშ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ და იარაღით სიარული ვერ გაებედათ.

თბილისის პოლიციის შემადგენლობას რომ გადახედოთ, მათი უდიდესი ნაწილი ძველი თანამშრომლები არიან. მეტ-ნაკლებად მსგავსი ვითარებაა სხვა დანაყოფებშიც. ანუ, პოლიციელები ისევ ისინი არიან, ვინც რამდენიმე წლის წინ თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აქცია. ისინი პროფესიონალები არიან, დანაშაულის პრევენციაც მშვენივრად შეუძლიათ და ძალიან რთული საქმეების გახსნაც. ამის მიუხედავად, დღეს მათ ღამღამობით რეიდებზე უწევთ დგომა.

რატომ?

წარმოვიდგინოთ ერთი თბილისური უბანი და დავუშვათ, რომ ამ უბანს ჰყავს ერთი უბნის ინსპექტორი და ერთი, გნებავთ “ძველი ბიჭი” ვუწოდოთ, გნებავთ მოკრიმინალო ელემენტი. უბნის სიმშვიდეს ამ ორ ადამიანს შორის ძალთა ბალანსი განსაზღვრავს. პოლიციელი ცდილობს, ეს ძველი ბიჭი ან ციხეში ჰყავდეს ან, თუ გარეთ არის, მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ აიყვანოს და აიძულოს, რომ ნორმალურად მოიქცეს. თუ ეს ძველი ბიჭი “დაჩმორებულია”, ეს სიგნალია დანარჩენი უბნისათვის. სხვები მასთან არ ძმაკაცობენ, შარია. თანატოლები და მასზე უმცროსები მას არ ბაძავენ, მაგალითად, იარაღით არ დადიან.

ასეთ სიტუაციაში, რა შანსი აქვს, თავის მხრივ, ძველ ბიჭს? იგი იძულებულია გავლენიანი ნაცნობები ეძებოს, თანამდებობის პირების შვილებთან იძმაკაცოს, მათ საჭირო სამსახური (ხშირად საჩოთირო საქმეებში) გაუწიოს, ანუ მოძებნოს ისეთი მოკავშირე, რომელსაც შეუძლია, მისი დაჭერის შემთხვევაში, პოლიციასთან დაარეკვინოს და გამოაშვებინოს.

თუ მან ერთხელ მაინც მოახერხა, რომ სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და სასჯელს გადაურჩა, ეს ანგრევს უბანში ძალთა ბალანსს. პოლიციელი დაჩაგრულია, მან იცის, რომ კრიმინალის დაჭერა არ შეუძლია, ამიტომ განყოფილებაში იკეტება და ცდილობს, შარს გაექცეს. კრიმინალი, თავის მხრივ, გალაღებულია, იწყებს იარაღით სიარულს, საჯაროდ აგინებს და დასცინის პოლიციას და უბანში ლიდერი ხდება, რომელსაც სხვებიც ბაძავენ. უბანში ჩნდება ბირჟა. უბანში ჩხუბის შემთხვევაში, პოლიციელი ცდილობს არ ჩაერიოს და ვითარების მოგვარების პრივილეგიას ძველ ბიჭს უთმობს. მსხვერპლი, რომელიც ადრე პოლიციას მიმართავდა, ახლა ხვდება, რომ დაუცველია და კანონის ენით საუბრის ნაცვლად, ურჩევნია პრობლემა კრიმინალთან კომპრომისით მოაგვაროს.

 ეს ხდება დღეს თბილისისა და საქართველოს ბევრ უბანში. რაც უფრო “ელიტარულია” უბანი, მით უფრო მწვავეა პრობლემა. ბუნებრივია, “ელიტარულ” კრიმინალებს “ელიტარული” მფარველები ჰყავთ. შეუიარაღებელი თვალით, პროცესი ძნელი შესამჩნევია, რადგან ერთი შეხედვით, პოლიციელიც იგივეა და კრიმინალიც, მაგრამ ძალთა ბალანსში თითქოს უმნიშვნელო ცვლილებამ მათ შორის ურთიერთობები ძირფესვიანად შეცვალა.

ხელისუფლებამ, რომელმაც 15 000-ზე მეტი დამნაშავე ხელის ერთი მოსმით გამოუშვა ციხიდან, პრაქტიკულად დაკარგა უნარი, გაუძლოს ამ ტიპის სოციალურ ზეწოლას. როდესაც მკვლელი გყავს შეწყალებული, როგორ გინდა, მაგალითად, შენივე პარლამენტის წევრს, ან რომელიმე ცნობილ ინტელიგენტს უარი უთხრა რიგითი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული “ბავშვის” გამოშვებაზე, ანდა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლაზე. არადა, თითოეული ასეთი გამოშვებული “ბავშვი” არის ლურსმანი კანონმორჩილი საზოგადოების კუბოში.

მე თუ მკითხავთ, პოლიციის რეფორმა არ დაწყებულა პატრულის ახალი მანქანებითა და გამჭვირვალე შენობებით. ის დაიწყო ერთი, თითქოს უმნიშვნელო, ეპიზოდით. 2004 თუ 2005 წელს ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი ქართული თეატრის მსახიობმა პოლიციელს რესტორანში თავზე ბოთლი გადაამტვრია. მსახიობი დააკავეს. თეატრის ხელმძღვანელმა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და მსახიობის გამოშვება სთხოვა, თან აღუთქვა, მე თვითონ დავსჯიო. მინისტრი გაოცებული დარჩა, რომ თეატრის ხელმძღვანელმა ეს გაბედა და ცივი უარი უთხრა. თავის მხრივ, თეატრის ხელმძღვანელიც გაოცებული დარჩა, რომ უარი აკადრეს და საოცრად უნიჭო სპექტაკლი დადგა, რომელშიც მთავარ უარყოფით პერსონაჟად სწორედ ეს მინისტრი გამოიყვანა.

ამგვარად მოგვარდა “მესამე ტიპის” ზარების პრობლემა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა თავის თავზე აიღეს პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული სოციალური წნეხი. ამან პოლიციელებისა და პროკურორების ცხოვრება გაამარტივა. ნებისმიერი თხოვნა ან ზეწოლა გადამისამართდებოდა ზემოთ, სადაც უკვე არანაირი ნაცნობობა (როგორც წესი) არ ჭრიდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თითოეული ის შემთხვევა, როდესაც ეს პრინციპი დაირღვა, მაშინდელ ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდა.

იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ამგვარ ზეწოლას გაუძლონ (ცხადია, ზეწოლა უმეტესწილად საკუთარი გუნდის გავლენიანი წევრებისა თუ ცნობილი მხარდამჭერებისაგან მოდის), მათ პირველ რიგში საკუთარი გუნდის შიგნით უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ავტორიტეტი. სხვა მინისტრებმა, დეპუტატებმა და ცნობილმა სახეებმა ვერ უნდა გაუბედონ მათ, მოსთხოვონ დამნაშავეებისადმი ლოიალობის გამოჩენა. მათაც და ყველას უნდა ახსოვდეთ, რომ პოლიციელი, რომელსაც ერთხელ მაინც “ზემოდან” დაურეკეს და დამნაშავის უკანონოდ გაშვება აიძულეს, პოლიციელი აღარ არის.

რა მოხდება, თუ ასე გაგრძელდა? მოხდება ის, რომ ორგანიზებული კრიმინალი შეძლებს საკუთარ გავლენას დაუქვემდებაროს საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი. პატარა მაღაზიების მფლობელები ჩათვლიან, რომ ჯობია ადგილობრივ ავტორიტეტებს ყოველთვიური ხარკი უხადონ, ვიდრე რისკზე წავიდნენ და პოლიციას მიმართონ. ბევრს ახსოვს რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც საზამთროს გამყიდველმა სასიკვდილოდ დაჭრა იმ “უბნის ბიჭებიდან” ერთ-ერთი, რომლებიც მასთან ხარკის ასაკრეფად მოვიდნენ. თუ ასე გაგრძელდა, სხვა საზამთროს გამყიდველები მომავალში ხარკის გადახდას არჩევენ. თუ ფული, გავლენა, ძვირფასი მანქანები და სახლები ისევ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა, მაშინ შეიძლება დავუბრუნდეთ 90-იანი წლების ბოლოს ქუთაისში არსებულ ვითარებას, როდესაც სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების ბიჭების 30%-ს ქურდობა, გოგონების 40%-ს კი ქურდის ცოლობა უნდოდა. პოლიცია კი ვერ შეძლებს ამას წინ აღუდგეს. არა იმიტომ, რომ პოლიციელები სუსტები ან კორუმპირებულები არიან, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების სტრუქტურა შეიცვლება და ამ ცვლილების წინაშე პოლიციელები უძლურები იქნებიან.

იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობას არ უნდა ან არ შეუძლია პრობლემის არსს შეებრძოლოს, ის ახდენს კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციას. იმიტაციის ხერხები სხვადასხვაა. ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პროსტიტუციისთვის დააკავეს. რამდენჯერმე გაიზარდა ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისათვის დაკავებულ პირთა რაოდენობა. სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულისთვის დაკავებული უცხოელების ჩვენება შსს-ის ახალი ჰობია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კრიმინოგენურ ვითარებაზე ასეთი დაკავებები ნულოვან გავლენას ახდენს.

სულაც უარყოფით გავლენას ახდენს ეს კარგად დავიწყებული ძველი სიახლე – რეიდები. მაშინ როდესაც ღამით ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დამამცირებელ პროცედურებს გადის, ეს ახლად გამოჩეკილი ძველი ბიჭები ნაცნობობის წყალობით ადვილად აღწევენ თავს რეიდებს და კიდევ უფრო იმაღლებენ ავტორიტეტს თავიანთი სავარაუდო მიმდევრებისა თუ მსხვერპლის თვალში.

თუ გვინდა, დანაშაულს ეფექტურად ვებრძოლოთ, სულ უნდა გვახსოვდეს ზემოთ მოყვანილი “უბნის ბალანსი” და არ უნდა დავუშვათ, რომ ის დამნაშავისაკენ გადაიხაროს.

ამ ბოლო დროს ხშირად ცდილობენ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს არჩევანი მდგომარეობს, ერთი მხრივ, “ცოცხებსა” და, მეორე მხრივ, ოდნავ გაზრდილ კრიმინალთან გაგებით მოკიდებას შორის. ეს ყალბი არჩევანია. როგორც საბჭოთა, ისე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული მილიცია და პოლიცია რეგულარულად იყენებდნენ უსასტიკეს მეთოდებს დანაშაულის გასახსნელად (დენზე შეერთება, ბოთლითა და ე.წ. “დუბინკით” გაუპატიურება, აირწინაღით წამება), მაგრამ პრაქტიკულად შედეგს ვერ აღწევდნენ. მიუხედავად ცალკეული გამონაკლისებისა, ამგვარი მეთოდების გამოყენება მინიმუმამდე შემცირდა 2003 წლის შემდეგ და სწორედ მაშინ იქცა საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად.

არის ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელიც დამნაშავეობაზე დიდ გავლენას ახდენს: ეფექტური კონტროლი ციხეებზე, პოლიციელების შერჩევისა და დაწინაურების ეფექტური, და არა ნეპოტიზმზე დაფუძნებული სისტემა, სახელმწიფოს მხრიდან ზომიერად მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარება. დანაშაულის დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაზე უარის თქმა. თუმცა მთავარი მაინც სოციალური ბალანსია. საზოგადოება ყოველთვის უნდა ხედავდეს, რომ ყველაზე დაბალი თანამდებობის პოლიციელი უფრო ძლიერია, ვიდრე უბნის ყველაზე “ავტორიტეტული” კრიმინალი.

დაბოლოს, რომ დავუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ. დღევანდელ საქართველოს სჭირდება პოლიციის ისეთი ხელმძღვანელი, რომელსაც ეყოფა გავლენა და ავტორიტეტი, პოლიტიკურ და სოციალურ ზეწოლას გაუძლოს; მინისტრი, რომელიც თეთრ კაბინეტში შესვლას გაბედავს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში)