საკვები, ჯანდაცვა, განათლება - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას

საკვები, ჯანდაცვა, განათლება - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას

Unicef-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგების მიხედვით, ბოლო ორი წლის მანძილზე შინამეურნეობების რეალური შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2015 წელს საქართველოში შინამეურნეობების ნომინალური საშუალო თვიური შემოსავალი 608.9 ლარს შეადგენდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 771.9 ლარამდე გაიზარდა, რაც 26.8%-იან ზრდას ნიშნავს. შინამეურნეობის საშუალო თვიურ შემოსავალში ხელფასს ყველაზე დიდი წილი – 52.2% უკავია; მას მოსდევს სოციალური ტრანსფერი (22.4%), თვითდასაქმება (19.1%) და სხვადასხვა კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად, ქირა ან კერძო ფულადი გზავნილები 7%. კვლევის წინა ეტაპზე მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით, შინამეურნეობის რეალური საშუალო თვიური შემოსავალი 18.8%-ით გაიზარდა. 

2017 წელს ქალაქში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი 867.1 ლარს შეადგენდა, ხოლო სოფლად – 672.7 ლარს. საშუალოდ ქალაქში შინამეურნეობების თვიური შემოსავალი სოფლის შინამეურნეობების შემოსავალს 29%-ით აღემატებოდა. ქალაქებში შინამეურნეობის მთლიან თვიურ შემოსავალში ხელფასის წილი 64.8%-ია, ხოლო სოფლად – 35.2%. ამის საპირისპიროდ, თვითდასაქმებით მიღებული შემოსავალი სოფლებში უფრო მაღალია (მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 30%) ქალაქთან შედარებით (10.9%). უფრო მეტიც, სოფლად შინამეურნეობების მიერ სოციალური ტრანსფერებით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად მაღალია (27.1%), ვიდრე ქალაქში (18.9%).

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში, გასული ორი წლის განმავლობაში, შინამეურნეობების საშუალო ნომინალური თვიური ხარჯები (788.6 ლარი) 4.1%-ით შემცირდა. ინფლაციის გათვალისწინებით, შინამეურნეობების საშუალო თვიური მოხმარება 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 10.1%-ით შემცირდა. 

რაც შეეხება ხარჯების განაწილებას, 2017 წელს შინამეურნეობების მიერ საკვებ პროდუქტებზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 36.7%-ს შეადგენდა. საშუალოდ ერთი შინამეურნეობა გრძელვადიანი მოხმარების არასაკვებ პროდუქტებზე 33.8%-ს, ხოლო ჯანდაცვასა და მიმდინარე არასაკვებ პროდუქტებზე – შესაბამისად 8.7% და 14.8%-ს ხარჯავდა. 

ამასთან ერთად, შემოსავლების მცირე ნაწილი განათლებასა (2.8%) და სახლის გარეთ კვებაზე (3.1%) იხარჯებოდა.