ხელისუფლებასთან რამდენიმეკვირიანი დაპირისპირების შემდეგ, ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამხრეთ კორეის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი დააკავა. სეულის საოლქო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გასცა, თუმცა პირადი დაცვის წინააღმდეგობის გამო, აღსრულება აქამდე ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, იუნს იმპიჩმენტი 2024 წლის 14 დეკემბერს გამოუცხადეს. ამის მიზეზი მის მიერ 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადება გახდა, რომელიც პარლამენტის წინააღმდეგობის შემდეგ, მალევე გააუქმა. პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად ქვეყნის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა დაასახელა. მისმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დემონსტრაციები გამოიწვია, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოჰყვა.
იმპიჩმენტის მიუხედავად, იუნი სეულში, პრეზიდენტის რეზიდენციაში დარჩა და უარი თქვა მაღალი თანამდებობის პირების კორუფციის გამოძიების ოფისთან (CIO) თანამშრომლობაზე.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტო ხელმძღვანელობს ერთობლივ გამოძიებას პოლიციასთან და სამხედროებთან იმის თაობაზე, იყო თუ არა სოკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ამბოხის მცდელობა.
იუნი სამხრეთ კორეის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიით სარგებლობს, რაც მას სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს ანიჭებს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება სერიოზულ დანაშაულებსა და ბრალდებებზე, როგორიცაა ამბოხი და ღალატი.