სამთო სამუშაოების კომპანია გრენლანდიაში ელექტრომობილების წარმოებისთვის საჭირო ლითონებს მოიძიებს

სამთო სამუშაოების კომპანია გრენლანდიაში ელექტრომობილების წარმოებისთვის საჭირო ლითონებს მოიძიებს

ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის მიერ მხარდაჭერილმა მინერალების მაძიებელმა კომპანია, KoBold Metals-მა და Bluejay Mining-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიები გრენლანდიაში ელექტრომობილების წარმოებისათვის საჭირო ლითონებს მოიძიებენ.

Bluejay-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ KoBold 15 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე სამუშაოების დასაფინანსებლად. სანაცვლოდ კი კომპანია პროექტის 51%-იან წილს მიიღებს. რაც შეეხება Blujay-ის, მისი წილი პროექტში 26% იქნება.

კომპანიებისათვის მინიჭებული ლიცენზიების თანახმად, ისინი ნიკელის, სპილენძის, კობალტისა და პლატინის მოპოვებას შეძლებენ.

KoBold-ი მინერალების მაძიებელი კომპანიაა, რომელსაც ზურგს ძალიან ბევრი მსხვილი ინვესტორი, კორპორაცია თუ ჰეჯფონდი უმაგრებს. მისი მფლობელი ორგანიზაცია Breakthrough Energy Ventures-ი, კლიმატისა და ტექნოლოგიების ფონდია, რომელსაც მხარს Microsoft-ი, Bloomberg-ის დამფუძნებელი მაიკლ ბლუმბერგი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯფონდის, Bridgewater Associates-ის, დამფუძნებელი რეი დალიო უჭერენ. გარდა ამისა, კომპანიის კონტრიბუტორი ინვესტორები ნორვეგიული სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია Equinor-ი და Andreessen Horowitz-ი არიან.

Bluejay-ის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ დასავლეთ გრენლანდიის ტერიტორიები გეოლოგიურად ძალიან მსგავსია რუსეთის ნორილსკის რეგიონისა, რომელიც ნიკელისა და პალადიუმის მთავარი მომპოვებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *