სამუშაო უნარები, რომელსაც ქართველი დამსაქმებლები ითხოვენ

სამუშაო უნარები, რომელსაც ქართველი დამსაქმებლები ითხოვენ

ძირითადი პრობლემა, რომელიც ექმნებათ საწარმოებს ახალი კადრის აყვანისას იმ ტექნიკური უნარ-ჩვევების არცოდნაა, რომლებიც დაკავშირებულია დაწესებულებაში გამოყენებულ კონკრეტულ აღჭურვილობასთან ან პროცესებთან (30.5%), – ასეთია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები.  შემდეგ მოდის, ჯგუფური მუშაობის უნარების ნაკლებობა (16%), ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნიჭისა (13.2%) და გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენების უნარების (9.6%) ნაკლებობა.

თბილისში ძირითად პრობლემებს წარმოადგენს გამოთვლის, წაკითხვის და მონაცემებისა და ცხრილების გამოყენებისა (85%) და ახალი ინფორმაციების/უნარების შეძენის (83%) ნაკლებობა, ხოლო სხვა დანარჩენ საქართველოში ყველაზე პრობლემურად დასახელდა გადაწყვეტილების მიღებისა (47%) და პრობლემის მოგვარების უნარების (41%) ნაკლებობა.

აპლიკანტთა უნარების ნაკლებობა პროფესიული ჯგუფების მიხედვით:

სპეციალისტ-პროფესიონალებს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის (გამოკითხულთა 6.5%), განათლების (2.4%) და კომერციული საქმიანობის (3.8%) სფეროში უმრავლესობას ძირითადად პრობლემები აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარებთან მიმართებით;

 ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები (1.5%) განიცდიან ICT უნარების ნაკლებობას;

ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებსა და მოდელებს (2.8%), გამყიდველებსა და საქონლის დემონსტრატორებს (13.7%) აქვთ ტექნიკური უნარ-ჩვევების ნაკლებობა;

კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკები განიცდიან როგორც ტექნიკური უნარ-ჩვევების (13.7%), ასევე ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნაკლებობას (10.7%);

კლიენტების ინფორმირებით დაკავებული სფეროს წარმომადგენლების უმრავლესობას აქვს გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენებისა და ინფორმაციის გაცნობის, გაანალიზებისა და გადმოცემის უნარების ნაკლებობა (2.8%).

კვლევამ ცხადყო, რომ დამსაქმებლები არ არიან აქტიურად ჩართულები სამუშაო ძალის განვითარების კუთხით. კერძოდ, გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 5%-ს (4,762 საწარმო) აქვს ბოლო 12 თვის განმავლობაში ტრენინგებში მონაწილება მიღებული (ტრენინგებში ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ ვაჭრობის (22%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (14%), ჯანდაცვისა (10%) და ტრანსპორტის (9%) სფეროს წარმომადგენლები), აქედან, საწარმოთა 71.3%- ს თვითონ აქვს ტრეინინგი ჩატარებული, ხოლო 55% თავად საწარმოთა მიერ დაფინანსდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.