სიღარიბის დაძლევა საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ სიღარიბის დაძლევა “ინკლუზიური ზრდით” მოხდება.
“უმოკლეს ვადებში დავნერგავთ რეფორმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მოდელი შევცვალოთ და მოვარგოთ ინკლუზიურ ზრდას. მთავარი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული სიღარიბე”, – მამუკა ბახტაძე.
“ინკლუზიური ზრდა” საქართველოს მთავრობის წევრთა მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებული უცხო სიტყვაა. “ინკლუზიური ზრდა”, მსოფლიო ბანკის განმარტებით, ნიშნავს ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებზე ნაწილდება. ტერმინი პირველ რიგში სიღარიბის დაძლევის კონტექსტში განიხილება.
მთავრობას, რომლისთვისაც ეკონომიკური რეფორმის შეფასების ამოსავალი წერტილი მისი ინკლუზიურობაა, არ უნდა გამორჩენოდა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა – საპენსიო რეფორმა – სიღარიბის შემცირების კონტრიბუტორი ვერ იქნებოდა. ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი.
საპენსიო რეფორმის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტისთვის ახალი ვალდებულება წარმოიქმნება: თითოეული დასაქმებული მოქალაქის ხელფასის 2% საპენსიო სააგენტოში გადარიცხოს.
აღნიშნული თანხის მოცულობა 2019 წელს 90 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ის ყოველწლიურად გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ერთდროულად დააფინანსებს 2 მილიარდი ლარით დღეს არსებული პენსიონერების პენსიას და 40 წლის შემდგომ საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეების პენსიას 90 მილიონი ლარით.
საქართველოს სახელმწიფო რესურსები შეზღუდულია. ცენტრალურ მთავრობას არა აქვს უსასრულო რაოდენობის ფული, რომ მოსახლეობას დაურიგოს. ასე რომ იყოს, სიღარიბის პრობლემა დიდი ხნის აღმოფხვრილი იქნებოდა.
დღეს მოქმედი საპენსიო სისტემის მთავარი ნაკლოვანებაა ის, რომ 200-ლარიანი პენსია არასაკმარისია და ის ადამიანთა ღირსეული არსებობისთვის საჭირო ხარჯებს არ ფარავს. მეორე კი ის, რომ მოქალაქეთა შედარებით მაღალშემოსავლიანი ნაწილისთვის უნივერსალური პენსია დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს და ის უფრო მეტად საგადასახადო შეღავათს წარმოადგენს. შესაბამისად, არსებული საპენსიო სისტემის თანხების უფრო მეტად მიზნობრივად მიმართვა არის შესაძლებელი, რაც სიღარიბის შემცირებაზე გარკვეულ ეფექტს იქონიებს.
ახალი საპენსიო სისტემა კი თვისებრივად განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება – სახელმწიფო გაცილებით მეტ საბიუჯეტო რესურსს დახარჯავს შედარებით უფრო შეძლებული მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფაზე, ვიდრე მათ საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას უფრო მეტად საჭიროებენ. ამის გამო რეფორმას ხანდაზმულთა სიღარიბის აღმოფხვრაზე მნიშვნელოვნად დადებითი ეფექტი ვერ ექნება. მეტიც, აღნიშნული სისტემა პირიქით, არსებულ სოციალურ უთანასწორობას განამტკიცებს.
შევადაროთ მოქალაქეთა ორი ჯგუფი.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, საშემოსავლო გადასახადს 1.2 მილიონი ადამიანი იხდიდა, მათგან:
1. 230,000 მოქალაქის წლიური შემოსავალი 1200 ლარზე ნაკლები, ანუ თვეში 100 ლარზე ნაკლები იყო. ამ მოქალაქეებს, თუ ისინი 2019 წელსაც მსგავს შემოსავალს მიიღებენ, წლის განმავლობაში სულ 72 ლარი დაეზოგებათ, აქედან 48 ლარის გაღება ამ ადამიანებსა და მათ დამსაქმებლებს, ხოლო 24 ლარის გაღება კი სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს.
2. 80,000 მოქალაქის წლიური შემოსავალი 12000-15000 ლარი იყო, რაც თვეში მინიმუმ1000 ლარის ანაზღაურებას ნიშნავს. ამ მოქალაქეებს, პირველ ჯგუფთან შედარებით, საპენსიო სისტემაში წლის განმავლობაში ზუსტად ათჯერ დიდი თანხა – 720 ლარი დაეზოგებათ. აქედან 480 ლარის გაღება ამ მოქალაქეებსა და მათ დამსაქმებლებს, 240 ლარის გაღება კი ცენტრალურ ბიუჯეტს მოუწევს.
თვალსაჩინოა კონტრასტი ყველაზე დაბალშემოსავლიან და საშუალო შემოსავლის მქონე დასაქმებულებს შორის. მთლიანი დაზოგილი თანხის განაწილებაში საშუალო დასაქმებულებს შეხვდათ ზუსტად ათჯერ უფრო დიდი სახელმწიფო კონტრიბუცია, ვიდრე ყველაზე დაბალშემოსავლიანებს.
2019 წლის ბიუჯეტში საპენსიო რეფორმისთვის დარეზერვებული 90 მილიონი ლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ასე განაწილდება – მეტი თანხა გადაირიცხება საშუალო და საშუალოზე მაღალანაზღაურებიანი მოქალაქეების ანგარიშებზე, დაბალშემოსავლიანები კი მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ.
იურისტების შეფასებით, საპენსიო სისტემის ეს გარემოება სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შემოსავლების მიხედვით დისკრიმინაციას წარმოადგენს. ეს კი ადამიანთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-მ აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
“მოცემულ შემთხვევაში, არსებითად უთანასწორ პირთა დისკრიმინაცია ხდება მათი ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით, სახელმწიფო საპენსიო სისტემაში მონაწილე სხვადასხვა ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირთა მიმართ საბიუჯეტო სახსრებს ანაწილებს დისკრიმინაციულად, პენსიაზე გასვლის მომენტისთვის ნაკლები ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირის მიმართ ახორციელებს ნაკლებ კონტრიბუციას, ხოლო შედარებით მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირებს უხდის უფრო მეტს, ან იგივეობრივი რაოდენობის თანხას”, – წერია ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელში.
ახალი საპენსიო სისტემის შემოღება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმაა. ის მოქალაქეთაგან სახელმწიფოს მიმართ თვისებრივად ახალი ტიპის – გრძელვადიან ნდობას მოითხოვს. სისტემა საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს, არაერთ შემთხვევაში 40 წელს და მეტს ეხება.
რეფორმის მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მიმართ გრძელვადიან პერიოდში ნდობის ნაკლებობაა. მოსახლეობას ახსოვს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ფინანსური კრიზისი და ჰიპერინფლაცია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა უფსკრულის პირას მიიყვანა. შესაბამისად, დღეს საქართველოში არაა სათანადოდ განჭვრეტადი გარემო ისეთი გრძელვადიანი ინვესტიციისთვის, როგორსაც საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს.
შესაბამისად, განჭვრეტადი გარემოს არარსებობის პირობებში მოსახლეობის მიერ ფონდში გადარიცხული თანხა არის ხარჯი. ეს არის თანხა, რაც მოსახლეობის მიერ განკარგულ შემოსავლებს აკლდება. საქართველოში სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა (მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსახლეობის 69% ან უკიდურესად, ან საშუალოდ ღარიბია) ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელსაც მცირე შემოსავალი აქვს, 4%-ის გადახდის დავალდებულება სოციალურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.
ამავდროულად, იზრდება საგადასახადო ტვირთი დამსაქმებლებზეც, რაც მათ მიერ განკარგულ სახსრებს პირველივე წელს 2-4%-ით შეამცირებს. გადასახადის ზრდამ კი შესაძლოა, მათ მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი შეანელოს, რაც, თავის მხრივ, ისევ სიღარიბის აღმოფხვრის შენელებულ ტემპში აისახება.
იმის მიუხედავად, რომ, მთავრობის წარმომადგენელთა მტკიცებით, საპენსიო შენატანი გადასახადი არაა, საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულზე მეტყველებს.
OECD-ის პრაქტიკის მიხედვით, თუ სოციალური უზრუნველყოფის ფონდში განხორციელებული შენატანი სავალდებულოა, მაშინ ის განიხილება გადასახადად. მაგალითად, დანიაში ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი შემოსავლის გარკვეულ ოდენობამდე სავალდებულოა, ხოლო გარკვეული ოდენობის შემდგომ – ნებაყოფლობითი. ის გადასახდელი, რაც სავალდებულო წესით გადაიხდება, განიხილება გადასახადად, განსხვავებით ნებაყოფლობითი გადასახდელისაგან. დიდი ბრიტანეთის საპენსიო შენატანი სახელმწიფოს საპენსიო სქემის მიხედვით, მისი სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, განიხილება გადასახადად, ხოლო კერძო სქემის მიხედვით, რომელიც ნებაყოფლობითია, არ კვალიფიცირდება გადასახადად.
საქართველოში დამსაქმებლები იძულებული არიან, გადაიხადონ საპენსიო შენატანები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით, სანქციის სახით ჯარიმას გადაიხდიან.
შინაარსობრივად ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აშშ- ის უზენაესმა სასამართლომაც, როდესაც დაამტკიცა, რომ Obamacare- ში მოქალაქეთათვის დაზღვევის ყიდვის ვალდებულების დაკისრება გადასახადს წარმოადგენდა.
დამსაქმებლებისა და მოქალაქეების მიერ განკარგული შემოსავლების შემცირებასთან ერთად, საპენსიო სისტემას კიდევ ერთი – მორალური პრობლემაც ახლავს. სახელმწიფო მოქალაქეებს ართმევს არჩევანის უფლებას, საკუთარი გადაწყვეტილებით განკარგონ საკუთარი ფინანსები. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიდგომა საფუძველს აცლის ეთიკური ავტონომიის პრინციპს, ვინაიდან სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და, ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ მოდელში.
იმის მიუხედავად, რომ საპენსიო სისტემაში აკუმულირებული თანხების მკაცრი მონიტორინგი მოხდება, სახელმწიფო არ იქნება გარანტორი, რომ მოქალაქეები დაზოგილ თანხას დანაკარგის გარეშე დაიბრუნებენ. აღნიშნულს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების სახე არ ექნება. შესაბამისად, სისტემაში აკუმულირებული თანხები არ იქნება იმუნური საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისადმი, იქნება ეს საბაზრო კრახები, მაღალი ინფლაცია თუ ეკონომიკური კრიზისები.
ხშირად საპენსიო ფონდებში განთავსებული თანხებისთვის მთავარ რისკს არა საბაზრო, არამედ პოლიტიკური პროცესები წარმოადგენენ. მაგალითად, 2014 წლის თებერვალში პოლონეთის მთავრობამ საპენსიო ფონდებში არსებული თანხის ფაქტობრივი ექსპროპრიაცია მოახდინა. 2014 წლის თებერვალში პოლონეთის მთავრობამ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდების მიზნით, 13 საპენსიო ფონდის მიერ პოლონეთის სახაზინო ობლიგაციებში განთავსებული 153 მილიარდი ზლოტი ($50.4 მლრდ) დააკავა, ეს თანხა მათი საინვესტიციო პორტფელების ნახევარზე მეტი იყო. იურიდიული არგუმენტების მიღმა, დონალდ ტუსკის მთავრობის მიერ ობლიგაციების მიტაცების მთავარი მიზეზი მთავრობის ვალის ზრდის შეჩერება გახლდათ. ობლიგაციების გამოთხოვის შემდეგ მთავრობამ ისინი გააუქმა. უმალვე ბიუჯეტის დეფიციტი ნამატად იქცა და სახელმწიფო ვალი შემცირდა. საბოლოოდ მილიონობით პოლონელის საპენსიო ანგარიში მნიშვნელოვნად შემცირდა.
შესაძლოა, ასეთი მოვლენები საქართველოში არ განვითარდეს – დღევანდელი და მომავალი მთავრობები საპენსიო ფონდში არსებულ თანხებს სულაც არ მოეპყრონ ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც პოლონეთში მოხდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი რეფორმის ნათელი შედეგი იქნება ის, რომ ახალი სისტემა ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მისცემს იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც უფრო მაღალია, დაბალშემოსავლიანები კი მხოლოდ საბაზო პენსიის ანაბარა დარჩებიან, რაც დღეს თვეში 200 ლარს შეადგენს.