საქართველოში საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობა ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდება. აღნიშნული რეფორმის განხორციელების პირობა არაერთ საარჩევნო პროგრამაში ასახულა, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა. შესაძლოა, ხელისუფლებას აშინებს სისტემის თანამდევი ისეთი მოსალოდნელი რისკები, როგორიცაა: საკითხში არასათანადო გარკვეულობა, მოკლევადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილის საგრძნობი კლება ან გავლენის ინსტრუმენტის შესუსტება. ხაზს გავუსვამდი ბოლო ფაქტორს. ხელისუფლება დაკარგავს პენსიონერებზე (ამომრჩევლებზე) ზეგავლენის „ინსტრუმენტს“ – ასაკოვან მოქალაქეებს შეეძლებათ საპენსიო წლების საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფა და ამიტომ ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე.
რეფორმისას, პირველ რიგში, ცვლილებები უნდა შეეხოს საპენსიო უზრუნველყოფის საკანონმდებლო გარანტიებს, რომლებიც საქართველოში მინიმალურია, შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს. კერძოდ, ჩვენს სინამდვილეში პენსიის გაცემის საფუძვლად რჩება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო სხვა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით პენსიონერის უფლება, პრაქტიკულად, არ არის უზრუნველყოფილი.
ამას გარდა, აღსანიშნავია საპენსიო ფონდის მუდმივად მზარდი ზეწოლა საჯარო ფინანსების სექტორზე, რაც დიდ ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. შესაბამისად, პრობლემურ საკითხად რჩება პენსიის ადეკვატურობა და გრძელვადიანი საპენსიო ვალდებულებების მდგრადობა.
საპენსიო რეფორმამ საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში უნდა შეამციროს ზეწოლა სახელმწიფო ბიუჯეტზე. ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით პენსიას, სინამდვილეში წარმოადგენს სოციალური დახმარების ერთგვარ სახეს.
დღევანდელი დემოგრაფიული სურათის ფონზე, რომელიც ნამდვილად არ გახლავთ სახარბიელო, აუცილებელია რეფორმის დაუყოვნებლივი გატარება, რომ თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი საპენსიო რისკები მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში. საპენსიო რეფორმის წარმატებით გატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ნორმატიული ბაზა და დაიწყოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან რეფორმის აუცილებლობისა და მისი სიკეთეების თაობაზე. ამ ნაწილში კარგი იქნება ჩვენი მეზობელი ქვეყნის – სომხეთის – გამოცდილების გაზიარება, რომელმაც მნიშვნელოვნად ადრე დაიწყო საზოგადოების ინფორმირება და რომელსაც უკვე მეორე წელია, რეალური საპენსიო სისტემა აქვს.
აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიული სურათი მსგავსია დანარჩენ მსოფლიოშიც. World Population Aging-ის კვლევის მიხედვით, თუ 2011 წელს 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 11%-ს უდრიდა, 2050 წლისთვის მისი 22%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. 2050 წლისთვის 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 2 მილიარდს გადააჭარბებს. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის დემოგრაფიული პროფილისა და მისი ასაკობრივი ჭრილის მნიშვნელოვანი ცვლილება და სამუშაო ძალაზე დაწოლის გაძლიერება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია საპენსიო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობის დასასაბუთებლად.
დღეს ასაკობრივი პენსიონერების რიცხვმა საქართველოში თითქმის 900 000 (ცხრაასი ათასი) ადამიანს მიაღწია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში მილიარდ ლარზე მეტი უჯდება, აღნიშნულს კი აღმავალი ტრენდი გააჩნია, რასთან გამკლავებაც სახელმწიფოს გაუჭირდება.
საპენსიო რეფორმამ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს და უზრუნველყოს:
1. ადეკვატური პენსია სტაჟისა და მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე;
2. სახელმწიფოსთვის საპენსიო უზრუნველყოფის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება.
საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა ისევე თვალსაჩინოა, როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ეკონომიკაში (განვითარების საფეხურისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწეული დონის მიუხედავად).
საპენსიო რეფორმის გატარების პროცესში აუცილებელია შესწავლილ და შეფასებულ იქნეს საპენსიო სისტემის გლობალური და ადგილობრივი პერსპექტივები, გაანალიზდეს საპენსიო უზრუნველყოფის მოდელები, სხვადასხვა ქვეყანაში საპენსიო სისტემის რეფორმის წარმატებული და წარუმატებელი მაგალითები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საპენსიო რეფორმის ოპტიმალური მოდელის შემოთავაზება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესი და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პერსპექტივები.
დღეს საქართველოს საპენსიო სისტემა ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ძირითადია სახელმწიფო საპენსიო სისტემა, რომელიც ეფუძნება სოლიდარული გადანაწილების პრინციპს და ემყარება ფიქსირებული პენსიების გაცემას საბიუჯეტო სახსრებიდან.
არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას კი ბაზრის უმნიშვნელო წილი უკავია და, საკანონმდებლო თუ სხვა სახის აუცილებელი წანამძღვრების არარსებობის გამო, კვლავაც განვითარების დაბალ საფეხურზეა. ამ მიმართულების განვითარებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნებაყოფლობითი ჩართულობის ასამაღლებლად ასევე შესაძლებელია გარკვეული სამოტივაციო ელემენტების შემოტანაც.
ქვეყნის ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მათი დინამიკა, ასევე საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტები და დემოგრაფიული სურათის ცვალებადობა კი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკასა და ბიუჯეტს ნაკლებად აქვს იმის ფუფუნება, რომ საპენსიო დანახარჯების გასტუმრება კვლავაც უპირატესად სახელმწიფოს ფუნქციად დარჩეს, და თუკი ასე გაგრძელდება მომავალშიც, ეს გაართულებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას, ხელს შეუშლის ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვას და შეანელებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს საპენსიო სისტემის 3 ძირითადი კატეგორია: სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა, დაგროვებითი პენსია და ინდივიდუალური საპენსიო ანაბრები. საპენსიო სისტემებს ძირითადად ოთხი გამაერთიანებელი მიზანი გააჩნია:
• ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა რაც შეიძლება მეტი პენსიონერისთვის;
• რისკების დივერსიფიკაცია, რათა ნებისმიერი საპენსიო სქემის თანამდევი რისკები სწორად დაიზღვეს;
• ქვეყნის საპენსიო სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისი, ადეკვატური სარგებლის მიღება;
• მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის კვალდაკვალ გაზრდილ საბიუჯეტო ტვირთთან გამკლავების მეთოდების შემუშავება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო სისტემის რეფორმის დადებითი შედეგები ქვეყანამ შეიძლება იგრძნოს არამყისიერად, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო რეფორმა დაიწყოს მაქსიმალურად მოკლე ვადებში. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას რეალური საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც დაგროვებით სქემას უნდა დაეყრდნოს.
ამ სისტემის მიხედვით, ადამიანები დასაქმებულად ყოფნის პერიოდში ხელფასიდან ან/ და შემოსავლიდან ანარიცხებს აკეთებენ კერძო ან სახელმწიფო ფონდში. როდესაც მათ საპენსიო ასაკი დაუდგებათ, დაგროვილი თანხა, გარკვეული პროცენტული დანამატებით, პენსიის სახით უბრუნდებათ. ანარიცხებს ფონდი ათავსებს მოგებიან აქტივებში, რომელთაც გარკვეული შემოსავალი მოაქვს საინვესტიციო ფონდისთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, ვისაც ფონდში გარკვეული შემოსავლები შეაქვს.
საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია ჩამოყალიბდეს რეფორმის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, განისაზღვროს მისი განხორციელების ვადები და შესაძლო ხარჯები, აგრეთვე რეფორმის შედეგები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და იძლეოდეს საშულებას, პროგრამაში ჩართულ ადამიანს ნებისმიერ მომენტში ჰქონდეს წვდომა მის პირად ანგარიშზე/ ბარათზე.
მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად გავიაზროთ ყველა ის პრობლემა, რაც საპენსიო სისტემის რეფორმის განხორციელებისას წარმოიქმნება (განხორციელების ვადა და ხარჯები, გარდამავალი პერიოდის რისკების მინიმიზება, საპენსიო ფონდებში აკუმულირებული სახსრების ინვესტირების ინსტრუმენტები, ფონდებში დაგროვილი კაპიტალის მოძრაობის სქემები, ზედამხედველობა და ა.შ.)
ამავე დროს, აუცილებელია ყველა იმ პოზიტიური შედეგის გამოკვეთა და საზოგადოებისთვის შეტყობინება, რაც არასახელმწიფო საპენსიო სისტემის განვითარებას ექნება არა მხოლოდ საქართველოს საპენსიო სისტემისთვის, არამედ მთელი ეკონომიკისთვის. საუბარია ახალი ფინანსური და საინვესტიციო რესურსების გაჩენაზე, ასევე მათ ზრდაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და ლიკვიდურობას.
ავტორი: ირაკლი ასლანიშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაცია.