საფრანგეთში რიგით მესამე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

საფრანგეთში რიგით მესამე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

საფრანგეთში რიგით მესამე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, სკოლებში სასწავლო პროცესი რეალურ რეჟიმში მინიმუმ სამი კვირით  შეწყდება.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე მომდევნო კვირიდან გადავლენ.

ასევე შაბათიდან დაიხურება ყველა ის მაღაზია, რომელიც არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციას ყიდის. აიკრძალება სახლიდან განსაკუთრებული მიზეზის გარეშე 10 კილომეტრის დაშორებით გამგზავრება.

სატელევიზიო მიმართვისას მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ აპრილი იქნება რთული თვე და თუ „ახლა არ ვიმოქმედეთ, კონტროლს დავკარგავთ“.

„ყველამ უნდა შეზღუდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აღდგომის დღეებში, რომელსაც კათოლიკური სამყარო ამ უქმეებზე აღნიშნავს, მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, გაემგზავროს იქ, სადაც მათ ლოქდაუნის პერიოდის გატარება სურთ.

ახალი რეგულაციის შესახებ მაკრონის გადაწყვეტილება დღეს პარლამენტში უნდა განიხილონ.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ამ დრომდე 19:00 საათიდან მოქმედებდა ე.წ. კომენდანტის საათი. აღნიშნული შემზღუდველი ზომაც შენარჩუნდება. დასაქმებულებს კვლავ მიეცემათ შინიდან მუშაობის საშუალება, თუ მათი სამუშაო ამის შესაძლებლობას აძლევთ.

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია. საერთო ჯამში ქვეყანაში 4,6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 95 000-ზე მეტი პაციენტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.