COVID19-ის გავრცელების დინამიკა და ტურიზმის აღდგენის მოლოდინი

COVID19-ის გავრცელების დინამიკა და ტურიზმის აღდგენის მოლოდინი

„თიბისი კაპიტალმა“ მაკროსექტორული მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვათა შორის, COVID-19-ის გავრცელების დინამიკა და პანდემიასთან დაკავშირებული ტურიზმის აღდგენის მოლოდინიც განიხილა.

ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობა დიდწილად ვაქცინაციის პროცესსა და მის ტემპებზეა დამოკიდებული. საქართველოში იმუნიზაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და მომატებული მესამე ტალღის რისკების გათვალისწინებით, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 90 პროცენტის აღდგენა მხოლოდ 2022 წლისთვის ივარაუდება.

ზოგადად, გლობალურადაც, ვაქცინაციის პროგრამის ტემპი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა, თუმცა განვითარებული ქვეყნების ნაწილი, საზოგადოებაში ვაქცინაციის მაღალი მიმღებლობის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ვაქცინის მიწოდების ნავარაუდევი ზრდის გათვალისწინებით, 2021 წლისთვისვე შეძლებს კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას.

საბაზო სცენარის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას მოგვიანებით, 2022 წლის მეორე კვარტალისთვის მოახერხებს. ამ პერიოდისთვის, სავარაუდოდ, ტურიზმის სექტორიც თანდათანობით აღდგენას შეძლებს. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შესაძლებლობას, მაგალითისთვის, პანდემიის პერიოდში რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურისტების რაოდენობის 20%-იანი ზრდა ამყარებს. ტურისტული ღია სივრცეების სიმრავლის, შედარებით ახალგაზრდა ტურისტებისა და განმეორებითი ვიზიტების მაღალი წილის გათვალისწინებით სექტორის აღდგენის ტემპები მეტად დაჩქარდება და 2022 წლისთვის მის აღდგენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *