საქართველო მსოფლიო ღვინის რუკაზე

საქართველო მსოფლიო ღვინის რუკაზე

იყო და არა იყო რა, მართლაც სხვა უკეთესი რა იქნებოდა, თუ არა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე წარდგენა…

მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკეთესიც ხდება… ქართული ღვინის წარდგენის ნაცვლად “საქართველოს ენოლოგთა კავშირმა”, “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის” ეგიდით, მსოფლიოში ცნობილ ღვინის ექსპერტებს, კავისტებს, სომელიეებს მოუყარა თავი და 12 ქვეყნის 78 ღვინის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციის დეგუსტაცია-კონკურსი, პირდაპირ საქართველოში მოაწყო.

საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც არამხოლოდ თბილისში, არამედ ზოგადად საქართველოში პირველად ჩატარდა, სამი დღის განმავლობაში ოთი კომისიაოც საერთაშორისო დეგუსტატორთან ერთად მუშაობდა. OIV-ის ოფიციალურ დამკვირვებლად თავად ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჟან-მარი ორანი იყო წარმოდგენილი, კონკურსში მონაწილეობის პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. აქ მხოლოდ ღვინის ხუთი კატეგორია დაიშვებოდა:
თეთრი მშვიდი ღვინოები, ქვევრის ღვინოები; ვარდისფერი და წითელი ღვინოები; თეთრი, ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოები; დესერტის, არომატული ღვინოები; ასევე ალკოჰოლური სასმელების ხუთი სახეობა: ბრენდი, კონიაკი, არაყი, ბალზამი, ლიქიორი.

პირველი ღვინო ალბათ დღევანდელი საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე დაიწურა. ზუსტად ვერავინ იტყვის, კონკრეტულად სად, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი რეგიონია ის ადგილი, სადაც ჯერ პირველი ღვინო დაიწურა, შემდეგ კი ვაზის გაკულტურება მოხდა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ძველი მეღვინეობის ტრადიციების მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო ექსპერტების ყურადღებით გათამამებული მაინც არ არის. ამიტომ ამ ღონისძიების ჩატარება მიზნად ისახავდა იმ აზრის განმტკიცებას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და აგრეთვე ღვინის კონკურსების მაღალ დონეზე ჩატარების ადგილიც.

“ორდღიანმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო დეგუსტაციამ, შეიძლება ითქვას, წარმატებით ჩაიარა. ჩვენ გვქონდა საშუალება, ღვინის მრავალი, 12 ქვეყნიდან წარმოდგენილი სახეობა დაგვეგემოვნებინა. ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელებს მაღალი დონის დეგუსტატორები აფასებდნენ, რომელთა უმრავლესობა უცხო ქვეყნებიდან იყვნენ მოწვეული, რაც კონკურსის გამჭვირვალობას უსვამს ხაზს. ტექნიკური თუ ლოგისტიკური თვალსაზრისითაც, კონკურსი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მქონდა იმის ბედნიერება, რომ ქართული ღვინოები დამეგემოვნებინა, ჩემი მოწონება განსაკუთებით ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე დიდი მომავალი აქვს”, – ასე შეაფასა ქართული ღვინო და საქართველოში პირველად გამართული საერთაშორისო კონკურსი Forbes Georgia-სთან საუბარში OIV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟან-მარი ორანმა.

ორდღიანი საერთაშორისო დეგუსტაციის შემდეგ გამარჯვებულებიც შეირჩა, თუმცა აღნიშნული ღონისძიების დასკვნითმა ნაწილმა თბილისიდან ღვინის რეგიონში, კახეთში გადაინაცვლა და შედეგების მოლოდინში, ყველამ ერთად “შატო ზეგაანში” მოიყარა თავი.

“შატო ზეგაანი” გახლავთ სამეღვინეო ადგილ-მამული, რომელიც 1820 წელს, XIX საუკუნის დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწისა და ქართული კულტურული მეღვინეობის ფუძემდებლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ იქნა მოწყობილი. “შატო ზეგაანი” ასევე ითვლება მეღვინეობის პროცესებზე საფრანგეთის ზეგავლენის მტკიცებულებად, რადგან ალექსანდრე ჭავჭავაძემ აღნიშნული მამული საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგული შატოს მსგავსად მოაწყო. სწორედ ამიტომ ზეგაანში მდებარე სამეღვინეო ციხესიმაგრე შატოს სახელით მოიხსენიება. “შატო ზეგაანს” ამჟამად ტატულაშვილების ოჯახი ფლობს, რომელიც ღვინის წარმოების სრულ ციკლს წარმატებით უძღვება. ასევე წარმატებით უმასპინძლა ოჯახის უფროსმა ზეგაანში ჩასულ სტუმრებს და შედეგების გამოცხადებამდე, შემოდგომის ამ მზიან დღეს მათ ექსკურსიაც მოუწყო, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. ქართული სტუმართმოყვარეობით მოხიბლული სტუმრები ემოციების მორევმა ჩაითრია და კონკურსი ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

“ასეთი ზეიმები ძალიან ხშირად უნდა გვქონდეს. მეღვინეებისა და წარმოების რაოდენობა იზრდება, იზრდება ასევე ხარისხიც და გვინდა, რომ ეს ტენდენცია საქართველოში არ გაჩერდეს”, – აცხადებს “შატო ზეგაანის” მფლობელი, დავით ტატულაშვილი Forbes Georgia-სთან საუბარში და აქვე აღნიშნავს: “ეს იყო პირველი კონკურსი, რომელიც ამ დონეზე ჩატარდა და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია”.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე პრიზები მონაწილეთა 30%-ს გადაეცა. გრანპრი კი მოლდავურ კომპანია “დივინს” ერგო. გულდაწყვეტილები არც ქართული ღვინის კომპანიები დარჩნენ. ოქროს მედლები მოიპოვეს კომპანია “ვაზი +”-ის “საფერავი რეზერვმა” და “საფერავი ქვევრმა”, “შილდას” “საფერავი ქვევრმა”, კომპანია “შუმის” დაძველებულმა კონიაკმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო, ღვინის კულტის ქვეყნიდან, ღვინის კულტურის ქვეყნად იქცეს. კარგია, რომ დღეს საქართველოში ღვინის აღორძინების ხანა დგას, ჩნდება ახალი მარნები, იცვლება ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება ზოგადად ღვინისადმი, სულ უფრო მეტი უცხოელი სპეციალისტი თუ მომხმარებელი ინტერესდება ქართული ღვინით და ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ქართული ღვინო პოულობს თავის თავს და თავის ადგილს მსოფლიო ღვინის უზარმაზარ ოჯახში.

ფოტოები: ჯაბა ჩიტიძე.