ათობით ქართული რესტორანი და საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე – პოლონეთში საქართველო მრავლადაა წარმოდგენილი. კარგად იცნობენ ქართულ ღვინოსაც, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ცენტრალური ევროპის ამ ნაწილში. გარდა ამისა, საქართველო ცნობილი ტურისტული მიმართულებაა პოლონელებისთვის, რომელთაც უბრალოდ უყვართ ამ ქვეყანაში მოგზაურობა. ამის საპირისპიროდ, არც ისე დიდია პოლონელი ინვესტორების რაოდენობა საქართველოში. პოლონურ-ქართულ კავშირებზე Forbes Georgia-მ და BMG-მ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი ჩაწერა, რომელიც 2016 წლიდან იკავებს ამ პოსტს.
როგორ შეაფასებთ საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას და გარემოს? თქვენი აზრით, რამდენად ახდენს გავლენას ინვესტორების განწყობებზე ეს ვითარება?
დიდი მადლობა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ცოტა ქართულად, უფრო მეტი კი ინგლისურად ვისაუბრო თქვენთან. ძალიან მიხარია, რომ უკვე ოთხი წლის განმავლობაში მაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაო ქართულ-პოლონური კავშირებისთვის, ახლა კი ინგლისურად საუბარზე გადავიდეთ. მსურს, გავიხსენო საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი, რომელიც საქართველოს და პოლონეთის მეგობარია. მან რამდენიმე საათი დაყო ქართველ პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორთან და ხაზი გაუსვა თავის განცხადებებში, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერება დასავლეთის ინტერესებშია – როგორც ამერიკის, ასევე ევროკავშირის. ასე რომ, ჩვენ ჩვენს განცხადებებში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი საერთო მიზანი და ინტერესი არის ამ რეგიონში ძლიერი საქართველო, რათა ის მუდმივად იყოს საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ევროკავშირისთვის, ნატოსთვის და სხვა დასავლელი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ ყველაფერი, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია ძირითადად ჩვენი მთავრობებისკენ, და არა საქართველოს საზოგადოებისკენ, ვინაიდან ჩვენ ვართ ელჩები, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, გავეცნოთ ვითარებას ქვეყანაში და ვაცნობოთ ამის შესახებ ჩვენს დედაქალაქებს. მინდა ხაზი გავუსვა, არც ისე კმაყოფილი ვარ იმ სიტუაციით, რასაც არაერთხელ გადავაწყდი, რომ ელჩები აფასებენ იმ ქვეყნის შიდა სიტუაციას, სადაც ისინი არიან აკრედიტებულები. ამიტომაც მე ვისურვებდი, თავიდან ამერიდებინა ის სიტუაცია, რომ მე რაღაცას ვაფასებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვარ პოლონეთის ელჩი კარგად განვითარებულ პარტნიორ ქვეყანაში, ვთანამშრომლობ ძალიან მეგობრულ ქვეყანასთან, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი კავშირები და დავეხმაროთ საქართველოს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების კლუბისკენ მიმავალ გზაზე.
დაახლოებით ორი წლის წინ პოლონურ-ქართულ ბიზნესფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველო პოლონური კომპანიებისთვის მიმზიდველია სტრატეგიული მდებარეობისა და სხვადასხვა ბაზარზე წვდომის გამო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი მთავარი მიმზიდველობა?
პოლონეთის ელჩის თავის ტკივილია ის პრობლემები, რომელთა გამოც ვითარება არც ისე დამაკმაყოფილებელია, როგორც ჩვენ ვისურვებდით. პოლონურ-ქართული ვაჭრობის მაჩვენებელი 2019 წელს დაახლოებით 125 მლნ დოლარი იყო, მათ შორის საქართველოდან პოლონეთში დაახლოებით 20 მლნ დოლარის იმპორტი, რომელიც მოიცავდა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციას – როგორც ღვინოს, რომელიც ძალიან პოპულარულია პოლონეთში, ასევე ხილს, თხილს, და სხვა. რატომ ვსაუბრობ ამ ნაწილზე? ეს გვიჩვენებს, რომ არსებობს შესაძლებლობები პოლონელი ინვესტორებისთვის, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება ერთობლივად თქვენს ქვეყანაში. ჩემი აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა პოლონეთის ვაჭრობის პალატასთან, რათა დამერწმუნებინა ისინი, რომ აქ ჩამოსულიყვნენ და დაეწყოთ ერთობლივი წარმოება ან სულ მცირე, იმ სექტორში, რომელიც კვების ინდუსტურიას ეხება და რომელიც ფოკუსირებას ახდენს შეფუთვაზე და მომხმარებლისთვის მის ლამაზად შეთავაზებასა და გაყიდვაზე. პოლონური კომპანიები ძალიან კარგები არიან ამ კუთხით. ჩვენ ევროპულ ბაზარზე სულ უფრო ვძლიერდებით.
ჩვენ შეგვეძლო ასეთი ნოუჰაუს საქართველოში შემოტანა, შეგვეძლო ერთად მუშაობა, ეს იყო იდეა, მე ვეცადე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა დიდი წარმატება ამ კუთხით. პრობლემა როგორც პოლონურ, ასევე ქართულ მხარეშიც იყო. ერთ კონკრეტულ მხარეს არ ვადანაშაულებ. უნდა გავიგოთ, რომ კარგად განვითარებულ და სწრაფად მზარდ პოლონურ ბიზნესს მთლად მარტივად არ შეუძლია ინვესტიციების ქვეყნის გარეთ გატანა. პირველი პრობლემა არის დისტანცია. 3000-4000 კმ – ეს დიდი დისტანცია. ისინი უფრო მეტად კონცენტრირებულები არიან რეგიონში, ვგულისხმობ ცენტრალურ ევროპას. ასევე, ბოლო სამი-ოთხი წელია, ინვესტორების ყურადღება მიიპყრო უკრაინამ, ინვესტორებისთვის იქ არსებული პირობების გამო. ვცდილობ, ავხსნა, რატომ ვითარდება ეს პროცესი ასე ნელა. პოლონელი ინვესტორები არ არიან მზად, დღეს ჩამოვიდნენ საქართველოში და ინვესტიციები განახორციელონ, ამას დრო სჭირდება. მოდი, დავიცადოთ. პოლონურ-ქართული ვაჭრობის პალატის იდეა ძალიან კარგია. ქვედა სილეზია არის პოლონეთის რეგიონი, საიდანაც მოდის ინტერესი, რომ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები გადავიდნენ კავკასიაში. მათ რამდენიმე წლის წინ გამოხატეს ინტერესი. შემდეგ ჩვენ ბიზნესფორუმის ორგანიზების შესაძლებლობა მოგვეცა და შედეგებიც მივიღეთ. ძალიან ბევრი პოლონური კომპანია ჩამოვიდა საქართველოში, რათა ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ და თანამშრომლობის დასაწყებად არსებული გარემო შეეფასებინათ. ამ წელს უკვე ველოდებოდი შედეგებს, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა. ჩვენ გვაქვს ვიდეოკონფერენციები, ვებინარები, თუმცა ვირტუალური კომუნიკაცია უშუალო ურთიერთობას ვერ შეედრება.
თქვენ ახსენეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, კიდევ რა სექტორები შეიძლება გახდეს საინტერესო პოლონური კომპანიებისთვის საქართველოში?
გასულ წელს არაერთ საწარმოსთან მქონდა შეხვედრები. ისინი დაინტერესებულები არიან ენერგოსექტორით, განსაკუთრებით – მზის პანელების მიმართულებით. ასევე დაინტერესებულები არიან ელექტროსადგურების მშენებლობით და ა.შ. ვფიქრობ, შეგვიძლია საინტერესო კონტაქტების დამყარება, განსაკუთრებით ინჟინრებსა და სპეციალისტებთან საქართველოში. ეს საწარმოები მუშაობენ ჩვენი ჩართულობის გარეშე, ასე რომ, ვფიქრობ, ისინი ავითარებენ ასეთ პროექტებს. ესძალიან დიდი პროექტებია, რომლებიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ასევე საჭიროა დრო, რომ მომზადდეს დოკუმენტაცია და აპლიკაცია ექსპერტების სამუშაოზე დაყრდნობით, რაც, რა თქმა უნდა, ორივე მხარის – ქართველი და პოლონელი სპეციალისტების ჩართულობას გულისხმობს. ვგანსაკუთრებით საუბარია მზის პანელების მიმართულებაზე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში. არ მინდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, ვინაიდან შესაძლოა, ეს მათთვის ჯერჯერობით საიდუმლოა, თუმცა ისინი სერიოზულად არიან დაინტერესებულები ამ სექტორების განვითარებით.
ჩვენ ძალიან კარგად ვართ წარმოდგენილები კოსმეტიკისა და ფარმაციის სექტორში საქართველოში. ამ კუთხითაც შეიძლება თანამშრომლობა. ასევე მუდმივად მახარებს ის ფაქტი, რომ „ნიკორასა“ თუ „ორ ნაბიჯში“ შემიძლია ვიყიდო პოლონური რძის პროდუქტები, მათ შორის ყველი, რომელსაც აქვს პოლონურ ენაზე წარწერა და აღწერა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პოლონური დღეები გაიმართა, როდესაც საქართველოში მაღაზიებში პოლონური დროშებით აღვნიშნეთ დახლებზე პოლონური პროდუქციის გამოჩენა, ეს იყო ერთ-ერთი აქტივობა საელჩოს მხირდან, რათა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა წავახალისოთ.
გსმენიათ თუ არა პოლონური კომპანია გემბიაკ-მიკსტაცკის შესახებ, რომელიც ქუთაისში სამშენებლო მასალების ქარხნის აშენებას აპირებდა?
არ მახსოვს კონკრეტულად ეს კომპანია, ვინაიდან ეს რამდენიმე წლის წინ იყო. თუმცა ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ორი წლის წინ მქონდა კომუნიკაცია პოლონურ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს აღჭურვილობას ევროპაში თანამედროვე მაგისტრალების მშენებლობისთვის. მათ შესთავაზეს თბილისის მერიას ე.წ. საექსპერიმენტო სამუშაოები. მათ 500 მეტრის სიგრძის გზა გააკეთეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ მიერ გაკეთებული გზა და მათი ტექნიკა საუკეთესო შედეგებს იძლევა, და რომ მათ მიერ დაგებულ გზას ათ წელიწადში რეკონსტრუქცია არ დასჭირდებოდა. ბოლო წლებში ჩვენ ამ სექტორს პოლონეთში ძალიან სწრაფად ვავითარებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ მაგისტრალების მშენებლობაზე ქვეყანაში. როგორც იცით, პოლონეთი ევროპის შუაგულია, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს სწრაფი კორიდორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი სპეციალისტები გავხდით. მე მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია.
შესაძლოა ფასი იყოს მიზეზი..
არა, პრობლემა გაცილებით უფრო რთულია. ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს, და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა, ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით, საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ? ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად.
რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, საინტერესოა, რას ფიქრობენ პოლონელი ტურისტები საქართველოზე? როგორი რეპუტაცია აქვს ჩვენს ქვეყანას პოლონეთში?
პოლონელი ტურისტები არ ფიქრობენ, მათ უბრალოდ უყვართ საქართველო. ამას ახსნა არ სჭირდება, ვინაიდან სიყვარული სიყვარულია. ეს ემოციაა და ჩვენ თუ რაიმეს შევეხებით, ვიგრძნობთ და რაღაცაში დარწმუნებულები ვართ, რაციონალური არგუმენტები მეორე ეტაპზე გადადის… ეს დიდი ხნის ისტორია… რატომ არჩევენ პოლონელები არდადეგების საქართველოში გატარებას? უბრალოდ მათ უყვართ. საქართველო ძალიან პოპულარულია ბოლო 10-15 წელია. ბევრ პოლონურ ტურისტულ კომპანიას აქვს შეთავაზებები.
გასულ წელს პოლონეთიდან თითქმის 90 000 ტურისტი ეწვია საქართველოს. ეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შეიძლება ითქვას, ყველაზე მაღალი რიცხვია. შესაძლოა, გერმანიიდან იყოს უფრო მაღალი მაჩვენებელი, თუმცა, თუ პოლონეთის ზომას გერმანიისას შევადარებთ, ვნახავთ – ის გაცილებით დიდია. საქართველო რომ პოპულარულია, ეს ნათლად ჩანს ჩვენს ქალაქებშიც, განსაკუთრებით ვარშავაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული რესტორნების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. მახსოვს, 2007 წელს, როდესაც ნათესავები ეწვივნენ საქართველოს და მიყვებოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, მათ დამპატიჟეს რესტორან „თბილისში“ ვარშავაში, მაშინ ეს რესტორანი ერთადერთი იყო ქალაქში, დღეს უკვე 30-40 ქართული რესტორანია. მხოლოდ დედაქალაქში არა, პატარა ქალაქებშიც შეხვდებით ქართულ კერძებს, ერთგვარი კონკურენციაც კი არის ქაბაბსა და ხაჭაპურსა და ხინკალს შორის.
რა არის პოლონეთში ქართული რესტორნების რაოდენობის ზრდის მიზეზი?
ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა სასწავლებლად, სამუშაოდ. ჩვენ უამრავი აპლიკაცია გვაქვს სამუშაო ვიზაზე. თუ პოლონეთში უფრო დიდხანს დარჩენა გსურთ, მაშინ საკონსულოს უნდა მიმართოთ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რიცხვებს. თითქმის 10 000 აპლიკაცია შემოდის წლის განმავლობაში. საქართველო მესამე თუ მეოთხე ქვეყანაა სამუშაო მიზნით ჩასულთა რაოდენობის მიხედვით. აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები. პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ჩვენ ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც.
პოლონური პროდუქცია საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, მათ შორის განსაკუთრებით კოსმეტიკური ნაწარმი…
დიახ, Ziaja შენიშნული მაქვს. ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პოლონურ კოსმეტიკურ კომპანიებთან, ისინი კმაყოფილები არიან. ვინაიდან ქართული ბაზარი საკმაოდ პატარა ბაზარია, ამიტომაც ტონობით კოსმეტიკას აქ ვერ ჩამოვიტანთ, ქალების რაოდენობა ქვეყანაში, მოსახლეობის ნახევარი რომ ავიღოთ, 2 მილიონს არ სცდება…
რაც შეეხება ქართულ პროდუქტს პოლონური სუპერმარკეტების დახლებზე?
მე პირადად მუდმივად ვამოწმებ მაღაზიებში ქართულ ღვინოს. სულ ვკითხულობ, გაქვთ ქართული ღვინო? რომელია ყველაზე ძვირი? ყველაზე იაფი? დიახ, არის ქართული ღვინო. პოლონეთში ხალხი არ სვამდა ღვინოს, კომუნისტების დროს არაყი იყო პირველ ადგილზე. როგორც იცით, ჩვენ შემდეგ დავიწყეთ სწავლა იმისა, თუ როგორ უნდა დააგემოვნო დიდებული ღვინო. ჩვენ ეს 20-30 წლის წინ ვისწავლეთ. ამას დრო სჭირდება, ამჟამად სიაში პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, არის ღვინო იტალიიდან და საფრანგეთიდან. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება და ამას ექსპორტის მონაცემებიც ადასტურებს. პოლონეთი რიგით მეოთხე ქვეყანაა ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობით. თუმცა, რა ღვინოსაც ვხვდები პოლონეთის მაღაზიებში, ძირითადად არ არის საუკეთესო ხარისხის. საქართველოში ოთხწლიანი ცხოვრების განმავლობაში ვისწავლე, თუ როგორ უნდა გაარჩიო კარგი და ცუდი ღვინო ერთმანეთისგან. თუმცა პოპულარული გახდა მაღაზიები, რომლებიც კონცენტრირებულები არიან კარგი ხარისხის ღვინოზე. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს კარგი ხარისხის ქართულ ღვინოს. რამდენიმე მათგანი ვნახე კრაკოვში, ვარშავაში, ვროცლავში. ამას აქვს პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში.
შეგიძლიათ, დაასახელოთ თქვენთვის საყვარელი ქართული ღვინო?
არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩემთვის ორი ყველაზე სასურველი ღვინის კომპანია, რომლის ხშირი მომხმარებელი ვარ, არის „მუხრანი“ და „ხარება“. თავიდან ქვევრის ღვინოს ვერ ვსვამდი, ჩემთვის არ იყო, თუმცა ორი წლის წინ ჩემმა ქართველმა მეგობარმა წარმომიდგინა ქვევრის ღვინო და მითხრა, რომ შემეხედა მისთვის სხვა პერსპექტივიდან. მასწავლა, როგორ უნდა დამეგემოვნებინა და შემომთავაზა მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინო. შემდეგ უკვე ძალიან მომეწონა. ამიტომ მომწონს ქვევრის ღვინოც, რომელიც თქვენი ქვეყნის უძველეს ისტორიას უკავშირდება.
არაერთი ინვესტორი იკავებს თავს ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებისგან საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ მათ მოსაზიდად?
უფრო მეტი ბავშვი დაიბადოს. გაიზარდონ, არ დატოვონ ქვეყანა და განავითარონ ქვეყანა (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ვფიქრობ, რომ საქართველოს, და არა მხოლოდ საქართველოს, მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის პერსპექტივა არის ბაზრის სხვებისთვის გახსნა, გამოსავლის პოვნა და თანამშრომლობა – ერთი კავკასიური „ევროპული კავშირის“ შექმნა. მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდა (თუმცა, ყველა მხარისთვის მაინც არასასურველად), ვფიქრობ, თავიდან უნდა გაანალიზდეს გაერთიანების იდეა. რათა შეიქმნას ერთი სავაჭრო სივრცე, ერთი საკომუნიკაციო სივრცე. რაც სხვა პრობლემების მოგვარებაშიც დაგვეხმარება. ეს იქნება გზა, თუ როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები უცხოეთიდან. ისინი შეხედავენ ამ სივრცეს და იტყვიან, ნახეთ, ეს არ არის 3-4 მილიონიანი ბაზარი, ეს არის 15 თუ მეტი მილიონი მომხმარებლის ბაზარი, რომელსაც აქვს წვდომა თურქეთზე, ირანსა და რუსეთზე. თქვენ გზაგასაყარზე მდებარეობთ ევროპისგან მოშორებით, თუმცა მაინც ევროპაში და ამავე დროს გაქვთ წვდომა აზიაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ახალი მიდგომა, ახალი შესაძლებლობების შენება თქვენი ქვეყნისთვის გახსნის უფრო მეტ კარს და ფანჯარას ინვესტიციებისთვის.
უპირველესად, რა პრობლემები უნდა მოგვარდეს ინვესტორებისთვის, რომლებიც შესაძლოა აქ ჩამოვიდნენ, აწარმოონ, და აქედან გაიტანონ ექსპორტზე პროდუქტი?
პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებდი საკომუნიკაციო სისტემაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაზე, ეს ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე იოლი გზაა.
რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეს?
როგორც ამბობენ, საქართველოს მაღალი პოზიციები უჭირავს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით რეიტინგებში. მე არ შემიძლია ამის დადასტურება, არ ვყოფილვარ ბიზნესის დაწყებაში ჩართული. რა თქმა უნდა, მარტივია აქ დაარეგისტრირო კომპანია და დაიწყო აქტივობები, თუმცა პრობლემები შემდეგ იწყება.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა პრობლემებს გულისხმობთ?
პრობლემა უკავშირდება სპეციფიკურ კავკასიურ კულტურას. უნდა იცნობდე ვიღაცას, უნდა გქონდეს კონტაქტები, უნდა გაითვალისწინო პარტნიორის ოჯახი, უნდა დაიქირაო თანამშრომლები არა პროფესიული და პირადი უნარების გათვალისწინებით, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ვიღაცასთან დაკავშირებული პირი და ა.შ. ეს პრობლემაა. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე. გამიგია ბევრი საჩივარი, მაგალითად, საერთაშორისო კომპანიებისგან, რომლებიც მუდმივად არის ასახული ფადი ასლის ღია წერილებში. ის მუდმივად უსვამს ამას ხაზს. რამდენიმე დღის წინ მაიკ პომპეომაც თქვა, რომ ინვესტიციებისთვის კარგი გარემოს უზრუნველყოფის საფუძველი [თავისუფალი] სასამართლოა.
დაბოლოს, როგორ შეუძლია დაეხმაროს პოლონეთი საქართველოს? რა შეიძლება ვისწავლოთ პოლონეთისგან?
პირველი გაკვეთილი, რაც შემიძლია გაგიზიაროთ, არის ის, რომ დაეყრდენით საკუთარ თავს. პრობლემა ის არ არის, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, არამედ ის, როგორ დაეხმარება საქართველო საკუთარ თავს უცხოელი პარტნიორების გამოყენებით. ვფიქრობ, ატმოსფერო კავშირების კუთხით შესანიშნავია. საჭიროა ყოველდღიური კონტაქტები, რომლებიც შეგვიძლია, კიდევ განვავითაროთ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.