საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ?

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წლიურ ჭრილში 5.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათ შორის ექსპორტმა 5.468 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4%-ით გაიზარდა, იმპორტი 13.556 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა – წლიურ ჭრილში 4.8%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.08 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.04 მლრდ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611 მლნ. აშშ დოლარი).

ამავდროულად, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.21 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (1.59 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1.48 მლრდ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.63 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (2.06 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (1.72 მლრდ. აშშ დოლარი).

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 161 216.5 აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 128 833.9 აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 68 149.7 აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით (შაქრის დანამატების შემცველობით), ასევე ხილი (გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და სხვა), შესაბამისად, 53 430.6 და 32 242.7 აშშ დოლარით.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 438 229.1 აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 122 063.3 აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) იკავებს 82 477.3 აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ხორბალი და მესლინი, ასევე კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, შესაბამისად, 62 816.4 და 39 055.1 აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 3.8%-ით გაიზარდა, იმპორტის მაჩვენებელი კი უცვლელი დარჩა.