მიუხედავად იმისა, რომ პანდემია 2021 წელსაც გაგრძელდა, 2020 წლისგან განსხვავებით, გასულ წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა. 2020 წლის რეცესიის შემდეგ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად წარიმართა. 2020 წელს პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმი, სამუშაო ძალის მიგრაცია და საგარეო ვაჭრობა შეაფერხა. საგარეო ვაჭრობა 5.3%-ით შემცირდა.
საქართველომ, როგორც პატარა ღია ეკონომიკამ, პანდემიისგან მომდინარე საგარეო შოკი ძალიან მწვავედ იწვნია. 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 15%-ით შემცირდა. მათ შორის, ექსპორტი 12%-ით (455 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 16%-ით (1,466 მლნ დოლარით) შემცირდა.
2021 წელს 2020 წელთან შედარებით საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტი 27%-ით (899 მლნ დოლარით) გაიზარდა და 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რეკორდულ წლიურ მაჩვენებელს მიაღწია იმპორტმაც, რომელიც 25%-ით (2 მილიარდი დოლარით) გაიზარდა და 10.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს ექსპორტი 444 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 554 მლნ დოლარით.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი
იმპორტის ექსპორტზე მეტად ზრდამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 1.1 მილიარდი დოლარით გაზარდა და წლიურმა დეფიციტმა 5.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასულ წელზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი საქართველოში მხოლოდ 2018 წელს დაფიქსირდა – 6 მილიადი დოლარი. რეკორდულად მაღალ წლიურ დეფიციტს მხოლოდ 151 მლნ დოლარი დააკლდა.
გაზრდილი სავაჭრო დეფიციტი ემიგრანტებისგან გადმორიცხული თანხების ზრდამ, გაზრდილმა შემოსავლებმა ტურიზმიდან და საგარეო ვალის აღებამ გადაფარა.
ექსპორტი 2021 წელს
ქვეყნების მიხედვით 2021 წელს საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად რუსეთში გაიზარდა – 169 მლნ დოლარით და 610 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარზე ექსპორტში ყველაზე მეტად, 63 მლნ დოლარით ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. ფეროშენადნობები რუსეთის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზეა 172 მლნ დოლარით. რუსეთში ღვინის ექსპორტი 11 მლნ დოლარით გაიზარდა და 131 მლნ დოლარი შეადგინა. 17 მლნ დოლარით გაიზარდა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც 138 მლნ დოლარით მეტი საქონელი გავიტანეთ. ჩინეთს საქართველოს ექსპორტში პირველი ადგილი უჭირავს 616 მლნ დოლარით. ჩინეთში ექსპორტირებულ საქონელს შორის პირველი ადგილი 497 მლნ დოლარით სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უჭირავს, რომელთა ექსპორტი 2021 წელს 98 მლნ დოლარით გაიზარდა.
ტოპ-10 ქვეყანა საქართველოს ექსპორტში 2021 წელს
გასულ წელს თურქეთში ექსპორტი 132 მლნ დოლარით გაიზარდა, აშშ-ში 115 მლნ დოლარით, აზერბაიჯანში – 90 მლნ დოლარით. ევროკავშირში ექსპორტი 20 მლნ დოლარით გაიზარდა.
ჯამური ექსპორტის მნიშვნელოვნად ზრდის მიუხედავად, ბულგარეთსა (59 მლნ დოლარით) და შვეიცარიაში (26 მლნ დოლარით) ქართული პროდუქციის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა. ბულგარეთთან ჯამური ექსპორტის კლება სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის 58 მლნ დოლარით შემცირებამ განაპირობა.
პროდუქციის მიხედვით 2021 წელს ყველაზე მეტად ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა – 230 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ექსპორტი 52.5 მლნ დოლარით გაიზარდა. უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 52 მლნ დოლარით გაიზარდა, მინერალური და ქიმიური სასუქების ექსპორტი – 47 მლნ დოლარით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 36 მლნ დოლარით, ღვინის – 29 მლნ დოლარით, თხილის 24 – მლნ დოლარით.
რეექსპორტის გამოკლებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (ე.წ. ადგილობრივი ექსპორტი) 2021 წელს 30%-ით გაიზარდა 3.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში
ადგილობრივი წარმოების ექსპორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უჭირავს 815 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე ფეროშენადნობებია 477 მლნ დოლარით. ღვინო მე-3 ადგილზეა 238 მლნ დოლარით.
იმპორტი 2021 წელს
2021 წელს ნომინალურ გამოსახულებაში ექსპორტზე მეტად იმპორტი გაიზარდა – 2 მილიარდი დოლარით. ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად თურქეთიდან გაიზარდა – 416 მლნ დოლარით. ჩინეთიდან იმპორტი 156 მლნ დოლარით გაიზარდა, რუსეთიდან – 140 მლნ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი 458 მლნ დოლარით გაიზარდა.
საქართველოს იმპორტში პირველ ადგილს თურქეთი იკავებს (1,824 მლნ დოლარი), შემდეგ მოდის რუსეთი (1,028 მლნ დოლარი), ჩინეთი (865 მლნ დოლარი), აშშ (625 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (604 მლნ დოლარი).
ტოპ-10 საქონელი საქართველოს იმპორტში, 2021 წელი
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით გასულ წელს ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (ძირითადად საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 324 მლნ დოლარით. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 154 მლნ დოლარით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების – 117 მლნ დოლარით, კომპიუტერებისა და მათი ნაწილების – 83 მლნ დოლარით, ვაქცინების – 75 მლნ დოლარით, მობილური ტელეფონების – 57 მლნ დოლარით, მედიკამენტების – 55 მლნ დოლარით და ბუნებრივი აირის – 40 მლნ დოლარით.
საქართველოს იმპორტში პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს – 2021 წელს 899 მლნ დოლარის შემოვიდა. მეორე ადგილზე ნავთობპროდუქტებია 823 მლნ დოლარით, მესამეზე – სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 736 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის სამკურნალო საშუალებები 382 მლნ დოლარით.