19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი და SOLO.
2022 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლეში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები და პირადი არქივი ინახება, რომელთა საქართველოში ჩამოტანა კულტურის მინისტრის ინიციატივით მოხდა. მათ შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
თამარ დე ლეტე – ვაჩნაძე სან პაულოს თეატრის მხატვარი იყო, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კი რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვის. ის მრავალი მიმართულებით მუშაობდა, ქმნიდა საბალეტო დადგმებს – „წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“.
ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.
1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრები სხვადასხვა პარიზულ გალერეებში იყო გამოფენილი, მათ შორის „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მიერ შესრულებული თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. S