საქართველოს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია

საქართველოს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია

“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.

ნოყიერი ნიადაგების, წყლის რესურსებისა და კლიმატის გათვალისწინებით,საქართველოში იდეალური ბუნებრივი პირობები გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად კლებულობს და ამჟამად მხოლოდ 7.7%-ს წარმოადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში 5.9 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, ე.ი. ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 1.2 მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უცხო ქვეყნების სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ხალხის ხელფასებში, საწარმოო ხარჯებსა და ამ უცხოური წარმოებების მოგებაში.

ცხადია, ისმის კითხვა, არსებული ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სოფლის მეურნეობის ისე განვითარება, რომ საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის თვალსაზრისით გახდეს თვითმყოფადი ქვეყანა, მოხდეს იმპორტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება და სოფლის მეურნეობის დარგი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს? მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა არა იმ გზებითა და მიდგომებით, რომლებსაც დღეს ვიყენებთ.

სოფლის მეურნეობის არასწორი გააზრება:

ჩვენთან ითვლება, რომ თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს და საოჯახო მეურნეობაში აწარმოებს საკვებ პროდუქტს, ის დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ეს არის სოფლის მეურნეობის ჩვენებური, სამწუხაროდ, ფუნდამენტურად არასწორი გააზრება. სოფლის მეურნეობის ამ არასწორი განმარტების შედეგია ოფიციალური სტატისტიკური აბსურდი, რომლის მიხედვით შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-ზე მეტი, რომელიც სოფლად ცხოვრობს, თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში.

მიუხედავად იდეალური ბუნებრივი რესურსებისა – ნოყიერი ნიადაგები, წყალი, კლიმატი – ვერ მოხერხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზაცია, თუ ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე მეურნეობების განვითარებას შორის ტოლობის ნიშანი დარჩება. სოფლად, მცირე მეურნეობებში საკვები პროდუქტების წარმოება არის ოჯახების არსებობისა და გადარჩენის ერთადერთი გზა. მაგრამ ეს არ არის ქვეყანაში კონკურენტუნარიანი, იმპორტის ჩამნაცვლებელი და ექსპორტის პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შექმნის გზა, რომელიც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

ხომ ცხადია, რომ საქართველო ვერ გახდება კონკურენტუნარიანი რეგიონალური სატრანსპორტო კორიდორი ურბანულ დასახლებებში ტაქსისა და სამარშრუტო ტაქსის მომსახურების განვითარებით და ამ სექტორში მოსახლეობის მზარდი ნაწილის დასაქმებით. ასევე, საქართველოში არსებული ნოყიერი ნიადაგი, წყალი და კლიმატი ვერ იქნება ეფექტიანად გამოყენებული, თუ სოფლის მეურნეობის განვითარება მცირე საოჯახო მეურნეობების განვითარების იმედად დარჩება. ეს შეუძლებელია და ამის დასაბუთებას შევეცდებით.

ვფიქრობთ, რომ ცნებები, დეფინიციები და მათი სწორად გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან მათ არასწორ გააზრებას შედეგად მოაქვს უამრავი არასწორი გადაწყვეტილება, საბიუჯეტო თანხების ფუჭად ხარჯვა, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა, საჭირო გადაწყვეტილებების არმიღება და შესაძლებლობების უგულებელყოფა. თითქოს ეკონომიკური დარგის განმარტებაზე ვსაუბრობთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური დარგის არასწორი განმარტება გახლავთ მიზეზი ყველა იმ წარუმატებლობისა, რეგრესისა და არაეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკისა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობაში და რატომაც სოფლის მეურნეობა ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე.

მცირე მეურნეობების გამოწვევები და პერსპექტივა:

საქართველოში სამომხმარებულო კალათის 80% იმპორტირებულია. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ბუნებრივი რესურსი და პირობა, რომ ნაცვლად იმპორტისა, ეს პროდუქტები ადგილობრივად ვაწარმოოთ. თუმცა ადგილობრივი წარმოება ვერ ანაცვლებს იმპორტს. ეს მოცემულობა ახსნას და ანალიზს საჭიროებს.

ჩვენთან იმპორტირებული საკვები პროდუქტების უმეტესობა არის ინდუსტრიული წარმოების შედეგი, იქნება ეს რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები თუ მარცვლეული კულტურები.

ოცდამეერთე საუკუნეში საკვები პროდუქტების კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის გადამწყვეტია მასშტაბის ეკონომია და თანამედროვე ტექნოლოგიები. ინდუსტრიული წარმოება, მასში გამოყენებული ტექნოლოგიები და მასშტაბის ეკონომია არის ერთადერთი გზა მასობრივი მოხმარების სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის.

ადგილობრივი წარმოების დაწყება თავისთავად პრობლემა არ არის. წარმოება, განყენებულად აღებული, სულაც არ არის გამოწვევა და სირთულე. მთავარია, აწარმოო ის, რაც კონკურენტუნარიანია და თან ისე, რომ მწარმოებელს მოგება დარჩეს. თუ ეს ორივე პირობა არ სრულდება, მაშინ ჩვენ არ ვსაუბრობთ ეკონომიკურად მიზანშეწონილ საქმიანობაზე.

მაგალითისათვის, მსხვილი მეურნეობები, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ერთ ჰექტარ მიწაზე იღებენ 12 ტონამდე ხორბალს, საშუალოდ კი – 8-9 ტონას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალმა ხორბლის მოსავალმა ერთ ჰექტარზე შეადგინა 4 ტონა, ძირითადად კი 2-3 ტონას ვიღებთ. ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ მიუხედავად იმპორტირებული ხორბლის სატრანსპორტო და საგადასახადო დანამატებისა, ადგილობრივი ნაწარმი კონკურენციას ვერ უწევს იმპორტს. შედეგად, თუ ავიღებთ ბოლო ხუთი წლის საშუალო მონაცემს, საქართველოში ყოველწლიურად ხდება 110 მილიონი დოლარის ხორბლის იმპორტი. მიზეზი არის ადგილობრივი მცირე მეურნეობების წარმოების მაღალი თვითღირებულება, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია მცირე მასშტაბითა და ტექნოლოგიების არქონით. თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ეფექტიანი, ბიოლოგიურად სუფთა და მოგებიანი საკვები პროდუქტის შექმნა ოცდამეერთე საუკუნეში შეუძლებელია.

სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგი – მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურების, ხილის, ბოსტნეულის მოყვანა – ძალიან მოწყვლადია სხვადასხვა კლიმატური და ვირუსული რისკის მიმართ. ამ რისკების თავიდან აცილება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ესენია: სეტყვისაგან დამცავი მოწყობილობები, საირიგაციო მოწყობილობები, ხარისხიანი შეწამვლის საშუალებები, მღრღნელებისა და მწერებისაგან დაცვის საშუალებები, ვირუსების პრევენციის სტანდარტები და წამლები და უამრავი სხვა. პროდუქტიული და სტაბილური წარმოებისათვის ასევე აუცილებელია ცოდნა – სპეციფიკური და ტექნოლოგიური ცოდნა.

ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, ცხადია, მცირე მეურნეობებისათვის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ხშირად ვხედავთ, როგორ ნადგურდება მოსავალი – მთელი წლის შრომის შედეგი ერთი სეტყვის ან მწერის შემოსევის გამო, ან როგორ ნადგურდება მთლიანი ფერმები ვირუსების გამო. ნიშანდობლივია, რომ ასეთი რისკებისგან ყოველთვის ზარალდებიან მცირე მეურნეობები და არა მსხვილი მეურნეობები (მაგალითისათვის გამოდგება ფაროსანა დასავლეთ საქართველოში, სადაც შედარებით მსხვილი მწარმოებლებისა და მეურნეობების თხილის პლანტაციებს ფაროსანას პრობლემა არ შეჰქმნიათ).

ტექნოლოგიური, ცოდნისა და ფინანსური რესურსების სიმწირის გამო მცირე მეურნეობებს არ შეუძლიათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძირითადი რისკების პრევენცია და გასაღების ბაზრის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. მცირე მასშტაბის მეურნეობები ამ რისკების პრევენციისათვის თუ გასწევენ ყველა საჭირო ინვესტიციას, მაშინ მათი საქმიანობა ეკონომიკურად არამიზანშეწონილი, არამოგებიანი გახდება.

შესაბამისად, გარდა ბუნებრივი რესურსებისა, საქართველოს მცირე მეურნეობებს არა აქვთ არც ერთი ის კომპონენტი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია სიცოცხლისუნარიანი, კონკურენტუნარიანი და მოგებიანი მეურნეობისათვის: მასშტაბი და მასშტაბის ეკონომია, ეფექტიანი და სტაბილური წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიები და ტექნიკური ნოუ-ჰაუ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ჩვენი სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტირებული, მაშინ როცა იდეალური ბუნებრივი კლიმატი და რესურსები გვაქვს ამ პროდუქტების წარმოებისათვის.

ყველანაირ ეკონომიკურ და რაციონალურ საფუძველს არის მოკლებული მოსაზრება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი შეიქმნება მცირე მეურნეობების განვითარების გზით, რომ მცირე მეურნეობებით კონკურენციას გავუწევთ ინდუსტრიულად წარმოებულ იმპორტირებულ საკვებ პროდუქტს, რომ ევროკავშირში ექსპორტზე გავიტანთ ადგილობრივი მცირე მეურნეობების მიერ წარმოებულ მარცვლეულს, ხორცპროდუქტებს, რძის პროდუქტებს და რომ მცირე მეურნეობების განვითარების შედეგად საქართველო, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თვითმყოფადი ქვეყანა გახდება. ეს ილუზიაა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მცირე მეურნეობები არ არის საკმარისი სოფლად მცხოვრები ოჯახების ელემენტარული სოციალური უზრუნველყოფისა და სიღარიბიდან გამოსვლისთვისაც კი; მეურნეობის ზრდაზე, განვითარებასა და დოვლათის შექმნაზე ხომ საუბარი ზედმეტია. (ცხადია, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს სტაბილური შემოსავალი და მცირე კაპიტალის ინვესტირებას ახდენს მცირე და საშუალო მეურნეობებში. ამას ხშირად უფრო ჰობის და განტვირთვის სახე აქვს. ასეთ ინვესტიციებს ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან, ცხადია, არაფერი აქვთ საერთო და, შესაბამისად, არც ინტერესის საგანს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია, სწორად გვესმოდეს საოჯახო მეურნეობების პერსპექტივა. არ  უნდა გვქონდეს იმედი იმისა, რომ საოჯახო მეურნეობებში კერძო თუ საბიუჯეტო სახსრების დახარჯვით რაიმეს მიღწევა შეიძლება. თუ ამ იმედით გავაგრძელებთ სვლას, საოჯახო მეურნეობებით დაკავებული ადამიანები დარჩებიან სიღარიბეში, როგორც არიან ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გაიზრდება სოციალური პრობლემები და მიგრაცია სოფლებიდან.

სახელმწიფო პოლიტიკა და შედეგები:

საქართველოში მცირე მეურნეობების ერთ-ერთი პრობლემა იყო მიწის დასამუშავებელი, მოსავლელი და მოსავლის ასაღები ტექნიკის არქონა.

“ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის დროს მოხდა სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკის შეძენა, რაშიც ბიუჯეტიდან ათობით მილიონი დოლარი იქნა გადახდილი. საოჯახო მეურნეობებს შეეძლოთ ამ ტექნიკის დაქირავება და გამოყენება. იდეამ არ იმუშავა: ტექნიკის დაქირავება და მიწების დამუშავება მცირე მეურნეობების მიერ თითქმის არ მომხდარა.

“ქართული ოცნების” მთავრობამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში საოჯახო მეურნეობებს შესთავაზეს სუბსიდიები – ამ ტექნიკით მიწების დამუშავება, ფაქტობრივად, უფასოდ. ამანაც არ იმუშავა: მიწები დახნეს, მაგრამ არაფერი დაითესა და დახნული მიწები არავინ გამოიყენა. ისმის კითხვა: რატომ არ გამოიყენეს მცირე მეურნეობებმა ეს სუბსიდიები? ხშირად პასუხად გვსმენია, რომ ხალხი გაზარმაცდა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მოსაზრებაა.

საქმე ისაა, რომ ქართველმა გლეხებმა და მცირე მეურნეობებმა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება მიიღეს. დახნულ მიწაზე უამრავი შრომა და დამატებითი ფინანსები არის საჭირო მოსავლის მისაღებად და, რაც მთავარია, მოსავლის სარეალიზაციოდ. გარდა ამისა, არის რისკები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ამ შრომის, ინვესტიციებისა და რისკების გათვალისწინებით, ამ საქმიდან მიღებული სარგებელი ვერ ფარავს ამ საქმესთან დაკავშირებულ შრომით და ფულად ხარჯებს და ვერ ანაზღაურებს მოსავლის მიღებისა და მისი რეალიზაციის რისკებს. სწორედ ამიტომ იყო გლეხებისა და საოჯახო მეურნეობების გადაწყვეტილება ეკონომიკურად მართებული, როდესაც მათ დახნულ მიწებზე ინვესტიციებისგან თავი შეიკავეს.

მთავარი პრობლემა ისევ წარმოების მცირე მასშტაბი, ტექნოლოგიებისა და ცოდნის არარსებობა და ძირითადი რისკებისადმი მოწყვლადობაა, რასაც შედეგად მოჰყვება არაკონკურენტუნარიანი პროდუქტი. მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ასობით მილიონი ლარისა, არც დახნული ფართობები გაზრდილა და არც დახნული ფართობების პროდუქტიულობა. ეს არის ნათელი მაგალითი ბიუჯეტის უშედეგო ხარჯვისა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტები, სუბსიდიები, თანადაფინანსების პროგრამებისა და პროექტების მთელი წყება ფერმერული და მცირე მეურნეობების განვითარებაზეა მიმართული. შესაბამისად, სამინისტროს ძირითადი ფუნქცია არის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა და დასაქმება. ეს არის ის პოლიტიკა და მემკვიდრეობა, რომელიც დღევანდელ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინა მთავრობებისაგან ერგო და რომელიც მხარდაჭერილია ამჟამინდელი მთავრობის მიერ. უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას – სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გარკვეულ სოციალურ უზრუნველყოფას, თუმცა ამ საქმიანობას არაფერი აქვს საერთო სოფლის მეურნეობასთან, როგორც ეკონომიკურ დარგთან და მის განვითარებასთან.

2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 1.46 მილიარდი ლარი დახარჯა. ამ ხარჯების შედეგი მარტივად შეიძლება შეფასდეს შემდეგი ციფრებით:

– 2013 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 9.4%, 2018 წლისათვის ის შემცირებულია 7.7%-მდე.

– ერთწლიანი საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი 2014 წელს შეადგენდა 216 ათას ჰექტარს. 2018 წლისათვის ის შემცირებულია 30%-ით 153 ათას ჰექტარამდე. საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობები შემცირებულია 7%-ით.

– 2018 წელს სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 16 მილიონი დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 1.3% და ფაქტობრივად არ გაზრდილა 2013 წელთან შედარებით. 

აგრობიზნესის პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2013 წელს იყო 7.2 მილიარდი ლარი, 2018 წელს კი მან 9.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს ზრდა ამ პერიოდის ინფლაციის ეფექტია და ამ ეფექტის კორექტირებით რეალურად გამოშვების შემცირება მივიღეთ.

ეს ციფრები ადასტურებს, თუ რა შედეგს იძლევა მცირე მეურნეობებზე გათვლილი სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა. ციფრები ასევე ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღევანდელი საქმიანობა და მისი პროექტები მოსახლეობის გარკვეული ნაწილის – სოფლად მცხოვრები მოსახლეობის – დამატებითი სოციალური მხარდაჭერაა.

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის შესაქმნელად, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება? იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკური დარგი, ვფიქრობთ, რამდენიმე კრიტიკული საკითხი არის გადასაწყვეტი.

პირველ რიგში, ცხადია, უნდა შევთანხმდეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიების, ინდუსტრიული წარმოებისა და ღია ბაზრის პირობებში ქვეყანა ვერ გახდება თვითმყოფადი მცირე მეურნეობების ხელშეწყობის/ სუბსიდირების გზით. ტექნოლოგიებზე დამყარებული ინდუსტრიული წარმოება არის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზა.

მეორე, პოტენციურ ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეისყიდონ საოცრად ფრაგმენტირებული სასოფლო თუ არასასოფლო მიწები და მათი კონსოლიდაცია მოახდინონ. საქსტატის მიერ ბოლო სასოფლო- სამეურნეო აღწერის მიხედვით, შინამეურნეობების 80%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰექტარზე ნაკლები სასოფლო- სამეურნეო მიწა. თუ როგორ და რატომ მოხდა მიწების ასეთი დანაწევრიანება გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, ყველასათვის ცნობილია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცირე მეურნეობებისათვის ეკონომიკურად არამიზანშეწონილია ამ მიწების დამუშავება. შედეგად მათი უდიდესი ნაწილი ათწლეულობის განმავლობაში დაუმუშავებელია.

მაგალითად, იმისათვის, რომ ყოველწლიურად საქართველოში იმპორტირებული 500 ათასი ტონა ხორბლის 25% ადგილობრივი ხორბლით ჩანაცვლდეს, საჭიროა მხოლოდ 15,000 ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი – მეურნეობების საკუთრებაში არსებული სასოფლო მიწების დაახლოებით 2%. შესაძლო შედეგის გათვალისწინებით, ეს არ არის ძალიან დიდი ფართობი. გარდა ამისა, ასეთი მეურნეობის შექმნაც არ არის დაკავშირებული ძალიან დიდ ინვესტიციებთან. უმთავრესი პრობლემა არის 15,000 ჰექტარის “შეგროვება”. სასოფლო მიწის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი ერთ მეურნეობაზე არის კახეთში და შეადგენს მხოლოდ 3.6 ჰექტარს. შესაბამისად, 15,000 ჰექტარის კონსოლიდაციისათვის ინვესტორი უნდა მოელაპარაკოს 4100 (!) მიწის მფლობელს. თავად განსაჯეთ, ეს მოცემულობა რას ნიშნავს თუნდაც ძალიან დაინტერესებული ინვესტორისათვის.

აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია: შეიქმნას საგადასახადო დემოტივატორი ანუ გადასახადი საკუთრებაში არსებულ დაუმუშავებელ მცირე მიწებზე, რათა გამოუყენებელი სასოფლო მიწის შენარჩუნება არ იყოს ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ხელი შეეწყოს მიწების კონსოლიდაციას. ცხადია, ეს რაციონალური გადაწყვეტილება ძლიერ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს და მას ექნება საგრძნობი ეფექტი სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

მესამე: თუ გავაანალიზებთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ხელშეკრულებებს (მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს) უმრავლეს შემთხვევაში ამ ხელშეკრულებების პირობები ჩვენი ადგილობრივი წარმოებისათვის საზიანოა. ჩვენი ბაზარი გახსნილია იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის თითქმის შეუზღუდავად, მაშინ როდესაც გვაქვს კონკრეტული კვოტები ამავე ქვეყნებში ჩვენი პროდუქტების ექსპორტზე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი პოლიტიკისა და ამ ხელშეკრულებებზე ხელმომწერი მოხელეთა ჯგუფის მოლაპარაკებების წარუმატებლობის შედეგია.

თუ თქვენ გსურთ აგროპროდუქტების ექსპორტი ევროგაერთიანებასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, მოგიწევთ შესაბამისი კვოტის მოპოვება. გარდა ამისა, თუ ამავე ქვეყნებში გადაწყვეტთ აგროპოდუქტების წარმოების დაწყებას (ხორცპროდუქტები, მარცვლეული კულტურები, რძის პროდუქტები) პირველ რიგში მოგიწევთ ადგილობრივი წარმოების კვოტის შეძენა ან სახელმწიფოსაგან – თუ წარმოების სახელმწიფო კვოტა თავისუფალი და ხელმისაწვდომია – ან კერძო მწარმოებლისაგან, რომელსაც წარმოების გამოუყენებლი კვოტა აქვს. ამ ქვეყნებში აგროპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმოების მოცულობის გაზრდამდე და ინვესტიციებამდე აუცილებელია წარმოების არსებული კვოტისა და დამატებითი კვოტის ფასების გათვალისწინება. სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, გავშალოთ იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების კვოტირების სხვადასხვა მექანიზმი. არსებობს უამრავი ქვეყნის მიერ გამოცდილი და დახვეწილი კვოტირების მექანიზმები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა და დახვეწა ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. ამ სახელმწიფოებმა, ერთი მხრივ, მოახერხეს აგროპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა აგროპროდუქტების ადგილობრივი წარმოების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

დარგის სწორი გააზრებისა და პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოში სრულიად შესაძლებელია შეიქმნას სოფლის მეურნეობა როგორც ეკონომიკური დარგი. მას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გადაჭრას არა მარტო სოციალური პრობლემები, არამედ იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტზე ორიენტაციის გზით გახდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამისათვის საჭიროა მასშტაბი, ინდუსტრიული წარმოება, ტექნოლოგია და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა.

———————–

“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.

რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. “ჩირინას” პროდუქტები იყიდება “ბიუ-ბიუს“ ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მესამე კვარტალიდან ექსპორტი დაიწყება სომხეთში. “ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locusის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან. სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.