საქართველოში საწარმოთა 47.7% სოციალურ ქსელებს არ იყენებს

საქართველოში საწარმოთა 47.7% სოციალურ ქსელებს არ იყენებს

საქართველოში საწარმოთა 98.4%-ს ინტერნეტთან წვდომა აქვს. სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენება ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 40,2% და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 31,8%.

ამასთან, საწარმოთა 17,3% იყენებს მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 10,6% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

საწარმოებში დასაქმებულთა 46,5% იყენებს საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 44,7%-ით.

საწარმოები ძირითადად იყენებენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, LinkedIn და ა.შ.) – 33,7%, ხოლო საწარმოთა 47,7% საერთოდ არ იყენებს სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (25,5%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (27,2%).

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მოქმედი საწარმოები, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 9 კაცს. კველვაში მონაწილეობა შემდეგი დარგების საწარმოებმა მიიღეს: მრეწველობა, მშენებლობა, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ტრანსპორტი და დასაწყობება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ადმინისტაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.

კვლევა გასული წლის მონაცემებს აერთიანებს.