საქართველოში გვყავს დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთაც სამსახური უნდათ. ამის შესახებ ბესო ნამჩავაძე თავის ბლოგში წერს, სადაც უმუშევრობის სტატისტიკას და პრობლემას მიმოიხილავს.
როგორც ეკონომისტი წერს, პანდემიამდე, 2013-2019 წლებში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 20 ათასით იზრდებოდა.
„პრობლემაც სწორედ ესაა: ყოველწლიურად 20 ათასი კაცის დასაქმებით, მილიონი ადამიანის დასაქმებას 50 წელი დასჭირდება. თუ სრულ დასაქმებას ვნახავთ, ანუ დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს ერთად განვიხილავთ, მაშინ გამოდის, რომ 2013 – 2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 12 ათასით იზრდებოდა. ფართო სურათში ახალი სამუშაო ადგილების პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად ჩანს“, – წერს ის.
მისივე თქმით, საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ესენია: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია. ამასთან, ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი მუშაობის მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. „შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა“, – ამბობს ის და საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამო საქართველოში საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემასაც ასახელებს.
„ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო. შესაბამისად, საქართველოში არის დღევანდელ მოთხოვნებთან მიმართებით იმ არაკვალიფიციური კადრების სიჭარბე, რომლებიც ემიგრირებაზე არიან ორიენტირებული და რადგან განვითარებულ ქვეყნებში იაფ, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა, იქ დაიწყონ მუშაობა. ემიგრანტები ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისთვის იაფი სამუშაო ძალაა, მაგრამ ქართველებისთვის იქ მიღებული შრომის ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ არა მარტო საკუთარი თავის, საქართველოში დარჩენილი ოჯახის შენახვაც შეუძლიათ“, – აღნიშნავს ეკონომისტი.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ საქართველო ოფიციალური უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს.
„საქართველოზე ღარიბ ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1. ემიგრაციიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებულება, რასაც თან ერთვის მჭიდრო ნათესაური კავშირების კულტურა. ემიგრანტი ან საქართველოში დასაქმებული არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის შრომისუნარიან წევრებს, არამედ შესაძლოა, ნათესავის ოჯახსაც არჩენდეს; 2. უმუშევრობის დათვლის ახალი მეთოდოლოგია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩაითვალა უმუშევრად და 3. არაფორმალური დასაქმების (ნაწილი აღრიცხულია თვითდასაქმებულად) მაღალი დონე, რომლის აღრიცხვა რთულია“, – ამბობს ეკონომისტი.