ვასილ სოფრომაძე ამბობს, რომ ნებისმიერი საქმე გამოსდის, რასაც ხელს მოჰკიდებს, მაგრამ აქვს შედარებით ადვილი და რთული გამოწვევები. მისი საქმიანობების როგორც ნუსხა, ისე გეოგრაფიული არეალი ფართოა, თუმცა ინდუსტრია, რომელიც Fresco-ს საშუალებით ყველაზე მასშტაბურადაა წარმოდგენილი საქართველოში – ურთულესად მიაჩნია. ამ საქმეშიც მის წარმატებას უნივერსალური ფორმულა განსაზღვრავს, რომელსაც თითოეულ ბიზნესს არგებს. ვასილ სოფრომაძემ ეს მარტივი, თუმცა ძნელად გამოსაყვანი ფორმულა გაგვიმხილა.
როგორი იყო თქვენი, როგორც ბიზნესმენის, პირველი ნაბიჯები?
რა არის ბიზნესი? საქმე! ვინ არის ბიზნესმენი? საქმის კაცი! საქმიანობა მაშინ დავიწყე, როდესაც პირველად 21 წლის ასაკში ჩექმები ჩავიცვი და ოსტატის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ მშენებლობაზე სანქტ-პეტერბურგში. მე საქართველოში დავიბადე, თუმცა 16 წლიდან რუსეთში ვცხოვრობდი, კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში, შემდეგ ვცხოვრობდი ლონდონშიც, ასევე საფრანგეთშიც, იტალიასა და ისრაელშიც. ყველა საფეხური მაქვს გავლილი ქრონოლოგიურად: ვიყავი ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, შემდეგ უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი და გაერთიანების გენერალური დირექტორი. ოსტატობით იმიტომ კი არ დამიწყია, რომ სხვა პოზიციაზე მუშაობის შანსი არ მქონდა. 1985 წელს წარჩინებით დავამთავრე მაშინდელი ლენინგრადის საინჟინრო- ეკონომიკური აკადემია, გავიარე სტაჟირება ბულგარეთში ვარნის დიმიტროვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში. დამიჯერეთ, ჩემთვის ყველა გზა ხსნილი იყო, იმაშიც დიდხანს მარწმუნებდნენ, რომ გაცილებით უფრო მაღალ თანამდებობაზე უარი არ უნდა მეთქვა, თუმცა მე ჩემი გადაწყვეტილება არ შემიცვლია, მყარად ვიდექი, ვინაიდან მინდოდა, ინჟინრის ყველაზე დაბალი თანამდებობიდან დამეწყო და ყველა საფეხური გამევლო. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემიძლია და რა არ შემიძლია. ძალიან მოკლე ხანში გავიარე გზა ოსტატიდან გენერალურ დირექტორამდე, თუმცა საბჭოთა კავშირში ეს იმ დროს რეალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ არავის შვილი არ ვიყავი. 25 წლის ასაკში მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა, უპარტიო გენერალური დირექტორი ვიყავი და მთელი მაშინდელი ლენინგრადის რესტავრაცია მებარა. მაშინ გაერთიანებაში დაახლოებით 2000 ადამიანი მუშაობდა.
თქვენი, როგორც ბიზნესმენის, საქმიანობა როდის დაიწყო?
მაშინ, როდესაც ხელისუფლების სათავეში გორბაჩოვი მოვიდა, ცნება “ბიზნესი” ჯერ კიდევ არ არსებობდა. შესაძლებელი იყო კოოპერატივებისა და საერთო საწარმოების გახსნა – მათ შორის, უცხოეთთან თანამშრომლობითაც.
ამბიციები ყოველთვის მქონდა და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ამბიციური ხალხი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ადამიანს თავისი თავისთვის თუ არაფერი უნდა, ის ვერც სხვისთვის მოინდომებს და ვერც სხვას გამოადგება.
1989 წელს ჩამოვაყალიბე იტალია -საბჭოთა კავშირის ერთობლივი საწარმო სახელად “იტუსი”. რადგან ფული არც მე და არც ჩემს იტალიელ პარტნიორს არ გვქონდა, პირველი რაც გავაკეთე, იყო ის, რომ რუსეთში ხის გადამმუშავებელ ქარხნებს მივმართე, რათა გადამუშავებული ხის ნარჩენები მოეცათ ჩვენთვის. ისინი სიხარულით შეხვდნენ ჩემს ამ თხოვნას, რადგან მათთვის ეს ნარჩენები ნაგავი იყო, ჩემთვის კი ბიზნესის საწყისი კაპიტალი გამოდგა. ამ ნარჩენებისგან ხის ეგრეთ წოდებული კასეტები დავამზადეთ, რომლებიც შემდეგ მეტალის ძელებზე დავამაგრეთ. შექმნილი პროდუქტის მეშვეობით იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში ჩვენი კომპანია იყო პირველი, რომელმაც ხის სახლები ააშენა. ეს იყო ორი ტიპის სახლი და თითოეულ მათგანს საკუთრივ თავისი სახელი ჰქონდა – “გორბი” და “რაისა”. სულ 16 ასეთი სახლი ავაშენეთ – აი, ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი, თუმცა, როგორც ასეთი, პირველი და გარდამტეხი ნაბიჯი ჩემს ბიზნესსაქმიანობაში მაინც კერძო სამედიცინო კლინიკის გახსნა იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით მეორე იყო, მაინც უპრეცედენტოა იმ რეალობაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი კლინიკა ეკუთვნოდა აკადემიკოს ფიოდოროვს, იმ დროისათვის უკვე მსოფლიოში სახელგანთქმულ ოფთალმოლოგს. ძალიან ძნელი იყო სამედიცინო კლინიკის გახსნა, ვინაიდან კერძო ბიზნესი ახალი ხილი იყო და ერიდებოდნენ კერძო სექტორის ისეთ სფეროებში შესვლას, როგორიც იყო, მაგალითად, მედიცინა. გადაწყვეტილება კლინიკის შექმნის შესახებ მიღებულ იქნა მოსკოვში, ფინანსთა სამინისტროს ნებართვით და ჩვენ ეს გავაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში არავინ არ გვყავდა.
ზოგადად არც ადრე ვმეგობრობდი მთავრობასთან, არც ახლა ვმეგობრობ და არც მომავალში ვაპირებ. იცით, რატომ? მთავრობები მიდი-მოდიან და ბიზნესი კი რჩება. რაც შეეხება უშუალოდ კლინიკის საქმიანობას, იგი უროლოგიისა და გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობდა. მოველაპარაკე რუსეთის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ხელმძღვანელობას, რომ ის გამოგონებები, რომლებიც გარკვეული დოზით გასაიდუმლოებული იყო, ვინაიდან საქმე ეხებოდა სამხედრო მედიცინას, გამოგვეყენებინა საერთო მედიცინაში, ჩვენს კლინიკაში. პრეპარატების ამ ჯგუფს “პეპტიდები” ერქვა და ისინი სხვა პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში მათ ეფექტიანობას ერთიორად ზრდიდა. ეს კლინიკა, გარდა მედპერსონალისა და პრეპარატებისა, თავისი კონცეფციითაც გამორჩეული და ინოვაციური გახლდათ.
რა განაპირობებდა თქვენი ბიზნესსაქმიანობის განმავლობაში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებით დაინტერესებას?
ნებისმიერი ბიზნესის ეფექტიანობას მოგება და შემოსავალი განსაზღვრავს. ანუ როგორ ვიშოვოთ ფული? ამ შეკითხვაზე პასუხი ერთი მარტივი ფორმულით გაიცემა, და მე რომ ეს ფორმულა თავის დროზე არ წამეკითხა, უფრო გვიან, მაგრამ აუცილებლად თავადაც მოვიფიქრებდი: “მიეცი ადამიანს ის, რაც მას უნდა და ის ამაში გადაგიხდის ფულს” – ხომ ხედავთ, რა მარტივია. ასე იყო ტურისტული მომსახურების სფეროშიც, როდესაც მე ჩემს პარტნიორებთან ერთად სანაოსნოს ორი თბომავალი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ტურისტების კუნძულ ვალაამამდე გადაყვანას ემსახურებოდა, მაქსიმალური კომფორტით უზრუნველვყავით, მაგალითად, კონცერტებითა და კვების ხარისხის გაუმჯობესებით, მომსახურების ხარისხის გაზრდით და შევქმენით ის კომფორტული გარემო, რომელმაც საშუალება მოგვცა, ნონ-სტოპ რეჟიმში გვემუშავა ამ მიმართულებით.
ფორმულა, რომელიც მართლაც უნიკალურია, ჩემი საქმიანობის მოტივატორიც იყო და ძირითადი კრედოც. ჩემი ბიზნესისტორია არაერთ სფეროს მოიცავს, იქნება ეს უძრავი ქონება, დეველოპერული ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი, ავტობიზნესი, რესტორნების ბიზნესი, რიტეილი და ა.შ. ეს მრავალფეროვნება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს თავს გენიალურ ადამიანად ვთვლი. ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ხალხი, გუნდი, რომელთან ერთადაც ბევრი გაგვიკეთებია და მართლაც შესანიშნავი რეზულტატებისთვისაც მიგვიღწევია. გუნდის შექმნის მთავარი პრინციპი არის ის, რომ შეარჩიო პროფესიონალები, რომელთაც უყვართ თავიანთი საქმე, შეძლო მათთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნა, დააინტერესო მატერიალურად და მისცე შემოქმედებითი თავისუფლება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ზოგად წესს, რომლითაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს, თუ სურს მიზანს მიაღწიოს, ესეც უმარტივესია: გიყვარდეთ ადამიანები და იყავით ყურადღებიანი მათ მიმართ. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, იცავდე კანონს, მოითხოვო ის, რაც კანონით გეკუთვნის და არ იყო დამოკიდებული მეგობრულ კავშირებზე. ეს წესი განსაკუთრებით დასაცავია საქართველოში. კიდევ ბევრი წესი არსებობს ბიზნესის წარმატებისათვის, მაგრამ ყველაზე მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ უკან არ დაიხიო, სიძნელეებს არ შეუშინდე და ყოველდღე იბრძოლო დასახული მიზნის მისაღწევად.
კომპრომისებზე წასვლა თუ გიწევდათ ბიზნესში?
გამორიცხულია, ფულის საშოვნელად როდისმე კომპრომისზე წავიდე. თუმცა სხვა მიმართულებით კომპრომისი, რომელიც არ ეხება შენს სინდისსა და თავისუფლებას, ასევე შენი, როგორც ბიზნესმენის, დამოუკიდებლობას, შესაძლებლად მიმაჩნია.
ერთი მხრივ, მარტივ მიდგომასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი, ალბათ დამეთანხმებით. რაშია თქვენი მართვის საიდუმლო?
როგორც აღვნიშნე, ფულის შოვნის ფორმულა მარტივია, თუმცა თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ამ ფორმულის სისრულეში მოყვანა. საოცრად რთულია იმ სტრუქტურის შექმნა, რომელმაც ადამიანების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. დაუღალავი შრომის გარდა, ეს არის არაერთი უძილო ღამისა და სტრესის შედეგი. სწორედ ამ გამოწვევების ბრალია ის ოთხი სტენტი, რომელიც ჩემს გულშია ახლა, მაგრამ გზას გაივლის ყოველთვის ის, ვინც ამ გზაზე დადგება. ზოგადად ყოველთვის ასეა: წარმატებას აღწევს არა ის, ვისაც შეუძლია, არამედ ის, ვისაც უნდა. იყო დაკავებული – ძალიან ადვილია, მაგრამ იყო რეზულტატის დამდები, უკვე სხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჩართულობა ჩემს ბიზნესებში ძალიან მაღალია, მე პირდაპირ არასდროს არ ვმართავდი ჩემს ბიზნესებს. ვმართავდი მენეჯმენტს, რომელიც შემდგომ მართავდა ბიზნესს. ის, ვინც ფიქრობს, რომ მარტო რამის გაკეთება შეუძლია; ის, ვინც ფიქრობს, რომ მთავარია, ჰქონდეს ფული და ნებისმიერ საქმეს გააკეთებს, ჩემი აზრით, ძალიან ცდება. არ არსებობს ლიდერი გუნდის გარეშე და არ არსებობს გუნდი ლიდერის გარეშე და ეს ყველაფერი დაფუძნებულია ნდობაზე: როგორც ლიდერის – გუნდთან მიმართებით, ასევე გუნდის – ლიდერთან მიმართებით. სწორედ ამიტომ ნდობის ფაქტორი მართვის ერთ-ერთი ფუნდამენტური შემადგენელია.
თქვენი მიზანი რაში მდგომარეობს?
როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, გითხრათ იმის შესახებ, რომ მინდა, ამ საქმეში პირველი ვიყო, აბსოლუტურად მართალი არ იქნება. რა თქმა უნდა, მინდა, პირველი ვიყო, მაგრამ მინდა დავდო ჩვენი შრომის რეზულტატი, ანუ ის ფინანსები, რომლებიც მეც და ჩემს თანამშრომლებსაც, ჩემი გუნდის ნებისმიერ წევრს, საშუალებას მისცემს, დაიკმაყოფილოს ის ოცნებები, რაზეც ისინი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ოცნებობენ. ჩემი მიზანი ყოველთვის ჩემი და ჩემი თანამშრომლების კეთილდღეობა იყო. ამავდროულად იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, იმისათვის, რომ ბედნიერი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყოთ, პირველ რიგში აუცილებელია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ბედნიერი.
ჩემი და ჩემი გუნდის რეალური “Boss”-ი, სინამდვილეში არის ხალხი. ერთ დღესაც, ამ ხალხმა რომ გადაწყვიტოს ჩვენი დათხოვნა სამსახურიდან, მომენტალურად დაგვითხოვს. როგორ? არ ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით, მაგალითად, არ შემოვა სავაჭროდ “ფრესკოს” ქსელში და ამით დასრულდება ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ყოველდღე მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
მოდი, ახლა უშუალოდ თქვენს საქართველოში საქმიანობაზე ვისაუბროთ. რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება და რატომ კონკრეტულად რიტეილ ბიზნესი?
სინამდვილეში საქართველოში ორჯერ დავბრუნდი – პირველად, როდესაც 32 წლის ვიყავი და შემოთავაზება მივიღე ბატონი ედუარდ შევარდნაძისაგან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა დამეკავებინა. მე მაშინ მთავრობის წევრობაზე უარი ვთქვი. ვერ ვხედავდი მაშინდელი ხელისუფლების ხედვებსა და გეგმებში პერსპექტივას. სანაცვლოდ ბ-ნ ედუარდს ვუთხარი, რომ სხვა საქმეებით გამოვადგებოდი ჩემს ქვეყანას და ამას მოჰყვა სწორედ ჩემ მიერ პირველი აგროკონსორციუმის, კერძოდ “წეროვანის” შექმნა საქართველოში.
ასევე ჩემი განხორციელებულია იმ პერიოდში ძალიან რთული და მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები “ვარციხე ჰესზე”, რამაც 1 500 000 კილოვატ საათი დამატებითი ელექტროენერგია მისცა ქვეყანას. შემდეგ ისე მოხდა, რომ ორ წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ “წეროვანი” ძალიან წარმატებული კომპანია იყო, გარკვეული მიზეზების გამო გავყიდე და წავედი ქვეყნიდან.
როდესაც ექვსი წლის წინ საქართველოში ჩამოვდიოდი, ნამდვილად არ მქონდა აქ დარჩენა და ახალი ბიზნესის წამოწყება ჩაფიქრებული. პირიქით, არსებული აქტივების გაყიდვას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას ვგეგმავდი, თუმცა, რომ ჩამოვედი, დავინახე, რომ ყველაფერი დუღდა და ქვეყნის პროგრესით იმდენად მოვიხიბლე, რომ სამი დღით კი არა, ხომ ხედავთ, ექვსი წლით დავრჩი აქ და მთელი ჩემი ცხოვრება აქ დარჩენას ვაპირებ. დღეს რომ ჩამოვსულიყავი, აქ ერთი დღესაც არ გავჩერდებოდი, თუმცა მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და აუცილებლად ბიზნესი წამომეწყო საქართველოში.
იცით, რას მეუბნებოდნენ ჩემი ახლობლები? ვასო, ყველაფერს წაგართმევენ. მე კიგაკვირვებული ვუბრუნებდი შეკითხვას, რატომ უნდა წამართვან თუ ყველაფერს კანონიერად გავაკეთებ-მეთქი. მთელი ცხოვრება იმისთვის ვიბრძვი, რომ არავინ არაფერი წამართვას. არც მე მქონია ოდესმე სურვილი, ვინმესთვის რამე წამერთმია და არც ჩემსას არაფერს არავის არასდროს არ დავუთმობ. მე არც სააკაშვილის დროს შევუწუხებივარ ვინმეს და არც ახლა. შეიძლება იმიტომ, რომ იციან, საკადრის პასუხს მიიღებენ.
მოკლედ, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოში მეცხოვრა, გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი სად, რომელ ბიზნესში ჩამედო ინვესტიციები.
იმ დროისათვის ქსელური რიტეილი ახალი დაწყებული იყო ქვეყანაში, დავინტერესდი ამ მიმართულებით, მაგრამ რამდენადაც ეს ჩემთვის სულ ახალი თემა იყო, კონსულტაციები გავიარე ჩემს მეგობართან, ძალიან წარმატებული ქსელის, “ლენტას” მფლობელთან, რომ გამეგო, სად იყო ამ ბიზნესის მთავარი ამოსასვლელი წერტილი. ოლეგმა მარტივად მითხრა: “ვასო, იშოვე შენობა, დააწერე სუპერმარკეტი და გაუკეთე ორი კარი. ერთი კართან იმ ადამიანების რიგი დადგება, ვისაც შენს სუპერმარკეტში პროდუქციის გაყიდვა უნდა, მეორესთან კი – ამ პროდუქციის მყიდველების. ამ ყველაფერში მთავარი ის იყო , რომ მე ამ პროდუქციას ჩემს მარჟას დავადებდი, ეს იყო და ეს. ასე დაიწყო “ფრესკო”.
როგორ განავითარეთ “ფრესკო”?
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან არ არის აუცილებელი, სავაჭრო ქსელი ფლობდეს იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებშიც ახორციელებს ოპერირებას, მე მაინც სხვანაირად არ შემიძლია და ჩვენ ვაშენებდით ჩვენს მიწაზე, ჩვენს მარკეტებს.
მინდა გითხრათ, რომ რა ბიზნესით არ ვყოფილვარ დაკავებული ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე რთული ბიზნესი არ არსებობს. ახლაც, რომ ვუფიქრდები, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში, ე.წ ოქროს სამკუთხედში სულ ნაშენები აქვს ორ ადამიანს, პეტრე პირველს და მე, მაინც ვთვლი, რომ ის უფრო იოლი გასაკეთებელი იყო, ვიდრე რიტეილ ბიზნესის აწყობა საქართველოში. აქ, მილიარდი წვრილმანია. მაგალითად, გუშინ, 01:30 საათზე დავასრულეთ მუშაობა მეც და ჩემმა მენეჯმენტმაც. იცით, რა? ახლა ეს ვთქვი და გავიფიქრე, რომ ალბათ ჩემი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ რასაც ვაკეთებ იმ პერიოდში, ის მიმაჩნია ყველაზე მთავრად და მნიშვნელოვნად.
კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ შრომით მოიპოვება?
ნებისმიერი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას მისი მენეჯმენტი განსაზღვრავს. ამის გარდა, უამრავი დეტალია. “ფრესკოში” დახლზე მითითებული პროდუქტის ფასი და მისი ფასი სალაროსთან აუცილებლად ერთმანეთს ემთხვევა. ეს იცით, რის დამსახურებაა? როდესაც რაიმე სახის პროდუქტი იმ მომენტში, იმ დროს და დღეს სუპერმარკეტში არ არის, მის ადგილზე არც ერთი თანამშრომელი სხვა პროდუქციას არ განათავსებს. თქვენ რა გგონიათ, სხვა რა იწვევს ფასის არევას? ჩვენთან ყველამ ზუსტად იცის, სად, რა და რამდენი უნდა იდოს, მიუხედავად იმისა, რომ “ფრესკოში” 18 000 სახეობის პროდუქციაა წარმოდგენილი. ეს სწორად შემუშავებული და ძვირად ღირებული პროგრამების ხარჯზე მიიღწევა და ჩვენ ეს შევძელით.
კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, “ფრესკოს” შენობები მისი საკუთრებაა და იჯარას არ ვიხდით. დღეს სულ რვა სავაჭრო ობიექტი გვაქვს და ჯამში 35 000 კვადრატულ მეტრს მოვიცავთ. ეს, ცხადია, განსაზღვრავს ფასს, რომელიც კონკურენციის მთავარი შემადგენელი კომპონენტია. კონკურენცია აუცილებელია, მის გარეშე ტონუსში ვერასდროს იქნები და, თავისთავად, სადღაც რაღაც გამოგეპარება, რაც უკან დაგხევს. კონკურენცია ძვირი გვიჯდება, თუმცა შედეგი ყოველთვის მოლოდინს აჭარბებს. არა მარტო კანონების სიკარგე განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას, არამედ ჯანსაღი კონკურენცია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს რიტეილ ბაზარზე ჩემზე უკეთ იცით, რა სიტუაციაა და რამდენი კონკურენტი ჩამოშორდა ამ ბაზარს, მე ყოველდღე ვეუბნები ჩემს თავს და თანამშრომლებსაც, რომ ეს ჩვენც შეიძლება დაგვემართოს ნებისმიერ დროს, ასე რომ “ასტრალში” არასდროს გავდივართ
თქვენი სამომავლო გეგმები როგორია არა მარტო “ფრესკოსთან” მიმართებით?
მოდი, “ფრესკოთი” დავიწყებ. იმპორტის გაზრდა და საქართველოში 100%-ით ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის შემოტანა, ახალი ობიექტების დამატება, ასევე ახალი თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა ქსელის თითოეულ სუპერმარკეტს, ვინაიდან ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე არაფერი გამოდის, თუნდაც პროდუქციის მუდმივი მომარაგების მიმართულებით.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, “ფრესკოს” განვითარების გარდა, გეტყვით, რომ როდესაც ამ ბიზნესს ვიწყებდი, მაშინ რიტეილი იყო ყველაზე საინტერესო სფერო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. დღეს უკვე ვიცი, რომ მოგებიანია და ინვესტირება ღირს სასტუმროების მიმართულებით, ჰიდროენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და გადამმუშავებელ საწარმოებში.
შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ საქართველოში დაფუძნდით და თქვენი ძირითადი ბიზნესსაქმიანობაც მხოლოდ საქართველოთი შემოიფარგლება?
იცით, სულ რა მიკვირს? ხალხი რომ ამბობს, ასფალტი ვჭამოთ? შადრევნები ვჭამოთ? მე რომ ეს ყველაფერი, მათ შორის პატრულის მანქანები და კიდევ არაერთი პროგრესული ცვლილება არ მენახა საქართველოში ექვსი წლის წინ, რასაკვირველია, აქ ერთი დღითაც არ დავრჩებოდი. ინვესტორი სწორედ ამით იხიბლება და ინტერესდება. მე რომ ეს ყველაფერი არ მენახა, ამხელა ქსელს შევქმნიდი? 1000 ადამიანს დავასაქმებდი? არა. ჩვენი კომპანიისაგან მარტო გადასახადების სახით 60 მილიონი ლარი მიიღო საქართველოს ბიუჯეტმა. რა, ეს ცოტაა? მე ეს ქვეყანა მომეწონა მაშინ და მაგიტომაც დავრჩი. საბოლოოდ ის, რაც კარგია “ფრესკოსთვის”, კარგია საქართველოსთვისაც, ხოლო ის, ვინც საქართველოს მართავს, იმ ფიქრით უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს ყოველდღე, რომ ბიზნესს შეუქმნას სამართლიანი, დახვეწილი კანონებით ის გარემო, რომელშიც ბიზნესი წარმატებით განვითარდება.
მიპასუხეთ ერთ შეკითხვაზე – სამართლიანია, რომ დღეს ჩვენი მთავარი კონკურენტი დღგ-ის გადასახადისგან არის გათავისუფლებული? რა თქმა უნდა, არასამართლიანია. ასეთ უსამართლობას როდესაც ვხედავ, ვფიქრობ, ღირს კი ამ ქვეყანაში რამის კეთება? გადასახადების სტაბილურობა ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. და როდესაც საგადასახადო ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ცვლის დამფუძნებლის მიერ დაფუძნებული კომპანიის მიმართ გაცემული სესხის პროცენტს, ბოლოს კი მიდიან იმ აბსურდამდე, რომ ბიზნესმა თავად მოიძიოს ინფორმაცია, რომელი საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაცია მისცემს სესხს ისეთი სტატუსის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა და დამფუძნებელმა აქედან გამომდინარე უნდა დააწესოს პროცენტი კრედიტზე, რომელიც თავისივე დაფუძნებულ ორგანიზაციას მისცა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კორუფციის გზას ვადგავართ? რატომ? იმიტომ, რომ კანონში ზუსტად უნდა იყოს მითითებული სესხის პროცენტის რაოდენობა. ვინაიდან, სხვანაირად, სხვა ყველაფერი შეგრძნების დონეზეა გადაყვანილი. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ 8-9% კარგი მაჩვენებელია, სხვა ბიზნესმენი ფიქრობს, რომ 5-6%-ია კარგი მაჩვენებელი და რას ფიქრობს საგადასახადო, გვეტყვიან მაშინ, როდესაც შეგვამოწმებენ.
მიუხედავად ამისა, მე ვაპირებ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, თუმცა ასევე ვავითარებ ბიზნესს ინგლისსა და საფრანგეთში. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ახალი არაფერი შემიქმნია, უბრალოდ ძველ პროექტებს ვავითარებ.
თქვენ თქვით, რომ ამბიციური ადამიანები გიყვართ და რომ ეს გრძნობა უმნიშვნელოვანესია. თქვენი ამბიციების არეალი რამდენად ფართოა და რა არის ვასილ სოფრომაძის მთავარი ამბიცია?
ბედნიერი ხალხი, ბედნიერი ქვეყანა, დემოკრატიულ პრინციპებზე აწყობილი სახელმწიფო, თავისუფალი ბიზნესი, არაკორუმპირებული სახელმწიფო ორგანოები, სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამის ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილი “ფრესკო” და ვასილ სოფრომაძე, მაგრამ არც ერთ ვარიანტში პოლიტიკაში. მხოლოდ ბიზნესში. ჩვენს ბიზნესში ჯერ კიდევ იმდენი რამეა გასაკეთებელი, რომ ღმერთს ვთხოვ, იმის ძალა მოგვცეს, რომ ეს შევძლოთ. არ არის სავალდებულო, ყველა წარმატებული ადამიანი აუცილებლად პოლიტიკაში მიდიოდეს. მოდი, ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ერთ მშვენიერ დღეს მართლა გავიღვიძებთ იმ ქვეყანაში, სადაც გვეამაყება, რომ ვცხოვრობთ.