ADB: საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა

ADB: საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, ბანკი 5,9%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც გაზაფხულის პროგნოზზე 0,2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განვითარებადი აზიისთვის 2018 წლის პროგნოზი 5.7%-ია.

ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას გაზრდილ საგარეო მოთხოვნას უკავშირებს.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ADB-იმ 6,5%-დან 6,7%-მდე გაზარდა. ინდოეთში პროგნოზი უცვლელად 7,4%-ზეა.

ყაზახეთში აზიის განვითარების ბანკი მიმდინარე წელს 2.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც 0,2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაიზარდა სინგაპურის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ის 2,4%-ს შეადგენს, ნაცვლად 2,2%-სა.

ბანკმა შეამცირა ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 3,2%-ის ნაცვლად 3,1%-ს შეადგენს. ცენტრალური აზიის რეგიონში შედის საქართველოც. ADB-ის ბოლო პროგნოზი საქართველოსთვის 2017 წელს 3,8%-ს შეადგენს. ბანკი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში მოლოდინს გადააჭარბა, ზრდის მთავარი მამოძრავებელი კი მშენებლობის სექტორი იყო, რომელიც უმეტესად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე გაიზარდა.

ADB-ს დადებითი მოლოდინები აქვს ყაზახეთისა და სომხეთის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც, თუმცა განსხვავებულია ბანკის პროგნოზი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისთვის და მათ შორის აზერბაიჯანისთვის.

რაც შეეხება ინფლაციას, აზიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ფასების კლება 2018 წლიდან დაიწყება, წელს ინფლაციის ტემპის ზრდა კი გადასახადების ზრდას უკავშირდება.