საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 15.5%-ით გაიზარდა

საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 15.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2021 წლის მეორე კვარტალის მონაცემები წარმოადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5%-ით, შესაბამისად 177.9 ლარით გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 214.0 ლარით არის გაზრდილი და 1,389.6 ლარს უტოლდება. არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი კი 1,226.6 ლარით განისაზღვრა და გასულ წელთან შედარებით 117.8-ლარიანი ზრდა დააფიქსირა.

საქმიანობების სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი, 2,354.7 ლარი,  საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.4%-ით მაღალი მაჩვენებელია. შემდგომ მოდის ინფორმაცია და კომუნიკაცია, 2,173.0 ლარი, მშენებლობა – 2,006.1 ლარი და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 1,919.5 ლარი.

რაც შეეხება სქესის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასის გადანაწილებას, 2021 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი ქალების შემოსავალს კვლავ აღემატება და 1,560.0 ლარს უდრის, ქალების საშუალო თვიური ანაზღაურება კი 1,077.8 ლარია. წლიური ზრდა შესაბამისად 207.6 და 153.6 ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *