საქსტატმა 2020 წელს საწარმოების ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საქსტატმა 2020 წელს საწარმოების ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის განმავლობაში საწარმოთა ინოვაციური აქტივობის შესახებ გამოკვლევის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს ბაზარზე საწარმოთა 7.3%-მა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა, 7.7%-მა კი – ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება.

საქსტატის ინფორმაციით, ინოვაციების უმეტესობა საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იქნა შემუშავებული. ამ მაჩვენებელმა საქონლის შემთხვევაში – 42.1%, მომსახურების შემთხვევაში კი 33.6% შეადგინა. ამას გარდა, ინოვაციების 47.4% – საწარმოებისთვის, 52.6% კი ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენდა.

რაც შეეხება საწარმოთა მიერ 2020 წელს ახალ ან გაუმჯობესებულ ბიზნესპროცესების  ინოვაციებს, ამ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საქონლის წარმოების, განვითარების ან მომსახურების მიწოდება – 18.8%
  • ინფორმაციის დამუშავება ან კომუნიკაცია – 16.7%
  • რეკლამირების, შეფუთვის, ფასების, პროდუქტის განთავსების ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მარკეტინგი – 15.8%
  • ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა ადმინისტრაციული ოპერაციები – 13.9%
  • ლოგისტიკის მიწოდება და დისტრიბუცია – 13.5%
  • სამუშაო პასუხისმგებლობის ორგანიზების, გადაწყვეტილების მიღებისა ან ადამიანური რესურსების მართვა – 12.4%
  • პროცედურების ან საგარეო ურთიერთობების ორგანიზების ბიზნესპრაქტიკა – 8.9%

ზემოაღნიშნული ინოვაციების 62.5% უშუალოდ საწარმოებმა შეიმუშავეს, 16.3% კი – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად. ამ უკანასკნელთა მიერ დამოუკიდებლად დანერგილი ინოვაციები 11.9%-ს შეადგენს. რაც შეეხება დარჩენილ 9.3%-ს, ის საწარმოთა მხრიდან სხვების მიერ უკვე შემუშავებული საქონლის ან მომსახურების ადაპტირება-მოდიფიცირებაზე მოდის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საწარმოთა 1.2%-მა იყიდა/მიიღო ლიცენზია პატენტზე ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე (IPR). როგორც ცნობილია, მისი 62.3% შეძენილ/მიღებულ იქნა კერძო ბიზნესსაწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კვლევის დროს ყურადღება საწარმოთა ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიაზე, ასევე ბიზნესგარემოს შეფასებაზე გაამახვილა. აღმოჩნდა, რომ საწარმოთა 17.6% ფოკუსირებას პროდუქტის მაღალ ხარისხზე ახდენს, 13.7%-ისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე არსებული საქონლისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. ბიზნესგარემოს შეფასებისას ძირითად გამოწვევად ფასების ზრდა დასახელდა, რაც, მეწარმეთა განცხადებით, მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას განაპირობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოების 45.9% ხარჯების მომატებასა და ნედლეულის გაძვირებაში მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილების შედეგად შექმნილ გარემოებას ანიჭებს.