სასამართლო: აქილევსის ქუსლი ეკონომიკისთვისაც

სასამართლო: აქილევსის ქუსლი ეკონომიკისთვისაც

სასამართლო რეფორმა რომ საქართველოსთვის აქილევსის ქუსლია – ახალი ამბავი არ არის. ფაქტია, არც ერთმა ხელისუფლებამ ან არ მოინდომა ამ სფეროს რეფორმირება, ან – ვერ შეძლო. არადა, ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლება დაცული არ არის, განვითარებაც ჭირს და კეთილდღეობაც.

საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად ერთხელ უკვე აღიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნების პირობებში, ქვეყანას აქვს იმის უნარი და პოტენციალი, უკეთეს შედეგებს მიაღწიოს და საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის თუ რიგითი ადამიანებისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველ ადგილად იქცეს. თუმცა, რატომღაც ამ ტიპის რეფორმატორული გარღვევა არც მაშინ და არც დღეს სასამართლო სისტემას არ შეხებია.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზა, რაც მათ შორის საქართველოს დონორი ორგანიზაციებისგან უკვე წლებია, ისმის – სტრუქტურული რეფორმებია, ანუ ისეთი რეფორმები, რომლებიც ქვეყნის სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფენ და მას საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით უფრო დიდ კონკურენტულობას სძენენ. მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ სასამართლო  რეფორმა იგულისხმება.

გამართული სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტულობას. მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსშიც კარგად ჩანს, რომ ინსტიტუტების განვითარების ნაწილში ერთ-ერთი სუსტი რგოლი სწორედ სასამართლოა – 2018 წლის ინდექსის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით საქართველოს 83-ე ადგილი უჭირავს 140 ქვეყანას შორის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ტენდენცია წინა წელთან შედარებით ამ კომპონენტში ქულის გაუარესებაა და არა – გაუმჯობესება.

სავარაუდოდ, ეს სურათი ახალ ინდექსში კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რადგან რანგის დადგენისას ეს რეიტინგიც, სხვა რეიტინგების მსგავსად, უკვე არსებულ მიგნებებსაც ეყრდნობა. ერთი ასეთი ახალი მიგნება Heritage Foundation–ს ეკუთვნის. ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსი ამ თვეში გამოქვეყნდა.

2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 0.3 ქულით გაუარესდა და 75.9 ქულას შეადგენს. მართალია, ეკონომიკური თავისუფლების ჯამური ქულის გაუარესება რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე არ ასახულა და ის 2018 წლის მსგავსად ისევ მე-16 ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ, თავის მხრივ, 2018 წელს საქართველო 2017 წლის ინდექსთან შედარებით 3 ადგილით ჩამოქვეითდა, გამოდის: დღეს საქართველო იმყოფება უფრო უკან, ვიდრე 2017 წელს იყო.

2019 წლის ქულის დაცემის უდიდესი წილი სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კომპონენტის გაუარესებაზე მოდის. 2018 წელს საქართველოს ქულა ამ კომპონენტში 64.2 იყო, 2019 წლის ინდექსით კი ეს მაჩვენებელი 54.6 ქულამდე ჩამოვიდა. საინტერესოა ის დაკვირვებაც, რომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კომპონენტის გაუარესების კვალდაკვალ გაუარესებულია ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა ბიზნესის და სავაჭრო თავისუფლებები.

თუ აქამდე სასამართლოს თემა უფრო პოლიტიკურ, ძირითადად, “ქართული ოცნების” შიგნით არსებული განხეთქილების ჭრილში განიხილებოდა, სურათი სულ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა, როდესაც საქართველოს ყველაზე მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა და საერთაშორისო სავაჭრო პალატებმა კიდევ ერთხელ დაიწუნეს კერძო სექტორთან მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის პროცესში აქტიურად ჩართვის უფლება მოითხოვეს.

“უზენაესი სასამართლო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ როგორც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის სიმბოლოს”, – ნათქვამია ღია წერილში, რომელიც აღნიშნულმა მსხვილმა ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალე ობის შემსრულებელს, დავით მათიკაშვილს მისწერეს, ასლი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძეს გადაუგზავნეს.

საქართველოს უმსხვილესი ბიზნესასოციაციები ერთხმად ითხოვენ, პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში და საჭიროებისამებრ, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. “ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ მთავრობასა და პარლამენტთან ნებისმიერი გზით, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ [მოსამართლეების] შესარჩევი და დანიშვნის პროცედურების სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებთან”, – ნათქვამია ღია წერილში. ბიზნესასოციაციებისა და სავაჭრო პალატების ერთობლივ წერილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ყველა დაინტერესებული მხარისათვის მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის კარი ღიაა, მათ შორის

ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. “გვაქვს სპეციალური ფორმატი პარლამენტში, სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღია და საჯაროა. იქ მოხდება ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ყველა ხედვამ, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს უკავშირდება, იქ უნდა მოიყაროს თავი”, – აცხადებს მათიკაშვილი.

საქართველოს მსხვილი ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატების ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთი ასპექტია მნიშვნელოვანი. ისინი ხელისუფლებას ურჩევენ, სასამართლო რეფორმას უფრო ფართო ჭრილში შეხედოს.

ბიზნესასოციაციების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე, კიდევ უფრო აღვივებს საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის უარყოფით აღქმას, რომელიც ბევრ დამკვირვებელს შორის უკვე არსებობს. “ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნესგარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე”, – ნათქვამია ღია წერილში.

გამართული სასამართლო სისტემა ქვეყანას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზნებისთვისაც სჭირდება. კარგად შესწავლილი კანონზომიერებებია, რომ კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცულობის პირობებში, ქვეყანაში გაცილებით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის, იკლებს კორუფციის დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა უფრო მეტად და უფრო სწრაფად იზრდება, ხოლო კეთილდღეობა, ბუნებრივად, გაცილებით უფრო ინკლუზიური ხდება.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლების წინაშე დღეს ასეთი არჩევანია: ან ისე გააგრძელოს, როგორც აქამდე – რეგულაციებით ებრძოლოს შედეგებს (სიღარიბე, ჭარბვალიანობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა) და დიდი დრო და რესურსი დახარჯოს ამ მიმართულებით, რაც მთავარია, დადებითი შედეგის გარანტიის გარეშე, ან თანამიმდევრულად და პრინციპულად ებრძოლოს ყველა ამ უარყოფითი შედეგის მთავარ მიზეზს – გაატაროს რეალური სასამართლო რეფორმა და როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციებისთვის ბიზნესგარემოც უფრო მიმზიდველი გახადოს.

საქართველოს კონკურენტულობის მთავარი წითელი ხაზი სწორედ აქ გადის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *