მილიარდერი ბო რიგლი კანაფის კომპანია PARALLEL-ს ქმნის და აპირებს, ის უფრო დიდი გახადოს, ვიდრე მისი ოჯახის საღეჭი რეზინის ბიზნესი… თანაც, ფსონს მომხმარებელთა დაბოლებაზე არ დებს.
რიგლის ბიზნესმოტივაცია ნაწილობრივ ისაა, რომ „დიდი ფარმას“ წამლების ჩამნაცვლებლები იპოვოს. მას მიაჩნია, რომ კანაფის ინოვაციურ პროდუქტებს შეუძლიათ, „ჯანდაცვას სახე უცვალონ“.
2017-ში, როცა თავისი ოჯახის ოფისის მმართველმა დირექტორმა, ჯეი ჰოლმსმა, მილიარდერი უილიამ „ბო“ რიგლის დარწმუნება სცადა, რომ კანაფი ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა იყო, ამ უკანასკნელმა უმალ უარი განაცხადა. „მეხუმრები? – გახლდათ მისი სიტყვები. – სულაც არ მინდა ფორთოხლისფერი ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყო და, სავარაუდოდ, ციხეში ამოვყო თავი“.
მიუხედავად ამისა, რიგლი, სრულად ამერიკული საღეჭი რეზინის ქონების მემკვიდრე, ვერ უარყოფდა, რომ ახლად გაფურჩქნილი ლეგალური მარიხუანის ინდუსტრია მის ყველა საინვესტიციო კრიტერიუმს აკმაყოფილებდა; აშკარა იყო მომხმარებელთა ქცევის ცვლილების ტენდენცია და რეგულაციური გარემოს ტრანსფორმაცია; ჯანდაცვაში კანაფის გამოყენების არაერთი შემთხვევაც დაფიქსირდა.
ჰოდა, ახლიდან დაფიქრდა ჰოლმსის წინადადებაზე. მას სამიზნე კომპანიის პოვნა დაავალა და, საბოლოოდ, არჩევანი ფლორიდაში დაფუძნებულ Surterra Wellness-ზე შეაჩერა. რიგლი და მისი გუნდი ტამპას გარეთ, Surterra Wellness-ის 180,000 კვადრატული ფუტის პუნქტში ჩაფრინდნენ; ეს კომპანიის ყველაზე დიდი ობიექტია, სადაც კანაფის ყვავილი იზრდება. სათესი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ (57 წლის რიგლი, რომელსაც, მისივე თქმით, მარიხუანა მხოლოდ ერთხელ აქვს მოწეული, პირველად მოხვდა კანაფით სავსე სივრცეში), ჯგუფი შინ გაემგზავრა და თვითმფრინავიდან ჩამოსულებს, ტანსაცმელი სულ ამ მცენარის ტკბილი, ინტენსიური სუნით ჰქონდათ გაჯერებული.
„არავინ იცოდა, სად ვიყავით და, მგონი, იფიქრეს, რომ დასაბოლებლად ვიყავით წასულები“, – იხსენებს რიგლი ერთ მზიან შუადღეს, თავისი სახლის შიდა ეზოში მოკალათებული, რომელიც ლაგუნა ლეიკუერთთან, ნორტ-პალმ-ბიჩში მდებარეობს.
ამ ექსკურსიიდან მალევე ის $65-მილიონიან საინვესტიციო რაუნდს გაუძღვა Surterra-ში, ხოლო 2018-ის ნოემბერში კომპანიის თანადამფუძნებელი მან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჩაანაცვლა. რიგლის კომპანიას, რომელსაც ახლა Parallel-ი ჰქვია, დღეს 42 დისპანსერი აქვს სამ შტატში: 39 – ფლორიდაში, დანარჩენი – მასაჩუსეტსა და ნევადაში, ხოლო ახლების გახსნას პენსილვანიასა და ტეხასში გეგმავს. Parallel-ს, ამ მომენტისთვის, ჯამში $400 მილიონი აქვს მოზიდული, ძირითადად, რიგლისა და სხვა დიდი ქონების პატრონებისგან. დაფინანსების უკანასკნელ რაუნდზე, რომელიც 2020-ში დასრულდა, ეს $250-მილიონიანი (2020-ის გაყიდვებით) კომპანია დაახლოებით $2 მილიარდად იქნა შეფასებული.
2019-ში Parallel-მა $100 მილიონზე მეტი დახარჯა ბოსტონში დაფუძნებულ სტარტაპზე, Molecular Infusions-ზე, რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლით (THC-ით) გაჯერებულ გაზიან წყალზე მუშაობს. გარდა ამისა, Parallel-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს, დაახლოებით $150 მილიონად რომ შეისყიდოს ჩიკაგოში მდებარე სამი მაღაზიის მქონე დისპენსერული ქსელი, რაც ამ ქალაქში, კომპანიას სახელ Wrigley-ს სინონიმად აქცევდა.
რიგლი კანადაში საჯარო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებსაც განიხილავს SPAC-გარიგების მეშვეობით. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ორი ადამიანი, რომლებიც ამ განხილვებში ჩახედულები არიან. რიგლი კომპანიის საჯარო ბაზარზე გატანას უარყოფს.
სულ რაღაც სამ წელიწადში რიგლიმ Parallel-ი ახლებურ კანაფის კომპანიად აქცია. მისიით, მარიხუანის პირველი მეინსტრიმ-ბრენდი შექმნას, თავის მმართველ რგოლს ის აკომპლექტებს აღმასრულებლებით მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და ცნობილი კორპორაციებიდან, მათ შორის, Coca-Cola-დან, Walgreens-იდან და Patrón Spirits-იდან. რიგლი თვლის, რომ მისი კანაფის კონცერნი, ერთ დღეს, მისი ოჯახის საღეჭი რეზინის ბიზნესს გაუწევს მეტოქეობას, რომელიც 2008-ში $23 მილიარდად Mars, Inc.-ის მიჰყიდა.
„ვფიქრობ, ის Wrigley-ზე დიდი შეიძლება, გახდეს, – ამბობს ის. – Wrigley-ში ჩვენ ადამიანების ცხოვრებას ვახალისებდით. ეს ამაზე დიდი საქმეა“.
Parallel-ი ამერიკაში ყველაზე მსხვილი კანაბისის ფირმა როდია. ამ სტატუსით მასაჩუსეტსში დაფუძნებული Curaleaf-ი სარგებლობს. არც თვით ფლორიდაშია ის ყველაზე მსხვილი (ეს როლი Trulieve-ს აკისრია), მაგრამ ის ნელა და მეთოდურად ქმნის თავის ოპერაციებს. მისი სტრატეგია მკვეთრად განსხვავდება Curaleaf-ის სტრატეგიისგან, რომელსაც, მილიარდერი თავმჯდომარის, ბორის ჯორდანის, თაოსნობით, მცირე კომპანიათა შესყიდვა-გაერთიანების აგრესიული, ნაციონალური მასშტაბის სტრატეგია აქვს არჩეული. ნაციონალური მიწის მიტაცების ნაცვლად, რიგლი მეტწილად ფლორიდაზეა ფოკუსირებული, რომელსაც ის „სამხრეთის ნიუ-იორკს“ უწოდებს და სადაც მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალურია.
ფლორიდის მზარდი მოსახლეობა ახლა 21 მილიონს შეადგენს და ყოველ წელს იქაურობას 100 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, რიგლი კი ვარაუდობს, რომ როცა ეს შტატი კანაფს რეკრეაციული მიზნებისთვისაც ლეგალურს გახდის, მისი კომპანიის ზრდის ფაქტორი ათს გაუტოლდება. „ჯერ მარტო ფლორიდაში პოტენციალი უშველებელია“, – ამბობს ის.
Parallel-ის საიდუმლო ღირებულება მის მიერ სამედიცინო და რეკრეაციულ კვლევასა და განვითარებაში განხორციელებულ ინვესტიციებს უკავშირდება. 2019 წელს კომპანიამ ექსკლუზიური თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი ბიოფარმაკოლოგიურ კომპანია Eleszto Genetika-სთან ბუდაპეშტში (უნგრეთი). საფუარზე დაფუძნებული მიკრობული პროცესის მეშვეობით, Eleszto Genetika-ს იშვიათი კანაბინოიდების გენეტიკური სეკვენირება შეუძლია და კონკრეტული ეფექტების ინჟინერია კომერციულ მასშტაბზე. ერთ-ერთი მომავალი პროდუქტი, რომელსაც რიგლი მოუთმენლად ელის, CBN-ია – კანაბინოიდი, რომელიც ძილის გაუმჯობესებაში გვეხმარება.
„მას Ambien-ის მკვლელი შეგვიძლია, ვუწოდოთ“, – ამბობს ის.
Parallel-ი THCV-საც აკვირდება, რომელსაც იგივე ეიფორიული ეფექტები აქვს, რაც კანაფის მთავარ ფსიქოაქტიურ შემადგენელს, THC-ს, მაგრამ მადას თრგუნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, რიგლის თქმით, „სასუსნავების“ ჭამა აღარ მოუნდებათ. იდეა ისაა, რომ ალკოჰოლის არაკალორიული ჩამნაცვლებელი შეიქმნას, რომელიც „თავს უკეთ გაგრძნობინებს, ფინჯან ყავაზე მეტად მიჩვევადი არ არის და არა აქვს არავითარი თანამდევი ეფექტი, – ამბობს რიგლი, და ამატებს: „ა, ჰო, და, სხვათა შორის, ის მადასაც აქრობს“.
რიგლი, რომელსაც ფეხებთან იტალიური ლაგოტო რომანიოლოს ჯიშის ძაღლი, რიო უზის, ლაპარაკს განაგრძობს: „ერთ-ერთი ამ პროდუქტთაგანი მთელ კომპანიაზე დიდია“.
რიგლი თავისი კომპანიის THC-ის წვეთებს ლაიმის LaCroix-ში ამატებს განსატვირთად და ამბობს, რომ კანაბინოიდებს „ცხოვრების ხარისხის“ გაუმჯობესების პოტენციალი აქვთ, იქნება ეს ტკივილის შემსუბუქება, შფოთვის შემცირება თუ კარგი გამოძინების ხელშეწყობა.
ამასთან, Parallel-ს აქვს ის, რაც არც ერთ სხვა კანაფის კომპანიას არა აქვს: სახელი Wrigley.
მორგან პაქსია – სან-ფრანცისკოს $150-მილიონიანი კანაფის საინვესტიციო ფირმის თანადამფუძნებელი – თვლის, რომ რიგლი მზად არის წარმატებული, მეინსტრიმული კანაფის კომპანიის შესაქმნელად. „ეს მათ დნმ-შია, – ამბობს პაქსია. – მრავალთაობაგამოვლილი, ოჯახით შთაგონებული… აი, ასე ვქმნით დიდ, გამძლე, მაღალი რეპუტაციის ტრადიციულ ბრენდებს“.
რიგლი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესდინასტიის წარმომადგენელია. მისმა სეხნია ბაბუამ, უილიამ რიგლი უმცროსმა William Wrigley Co. 1891 წელს, საპნის მწარმოებლად დააფუძნა, თუმცა 1893-ში გეზი იცვალა და Wrigley-ს კევების წარმოებას შეუდგა. კომპანიის მართვის სადავეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მას ბოს მამაც 1999 წლის მარტამდე – გარდაცვალებამდე – მართავდა. ბო, რომელმაც კომპანიაში მუშაობა 13 წლისამ, ზაფხულის არდადეგებზე დაიწყო, 35 წლის იყო, როცა მამის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე გახდა.
მის დამსახურებად ითვლება 100 წლის საოჯახო ბიზნესის ახალი სუნთქვა: რიგლის თაოსნობით, ბუნებრივი ფისის ფორმულა უფრო ხარჯეფექტიანი სინთეტური ბაზით ჩანაცვლდა და, Life Savers-ისა and Altoids-ის შესყიდვის შედეგად, კომპანიის გაქანება და ცნობადობა გაფართოვდა. 2008-ის ოქტომბერში რიგლიმ კარიერულად უმნიშვნელოვანეს გარიგებას მოაწერა ხელი: Wrigley Co. კერძო კომპანიად აქცია, როცა ის Mars, Inc.-ს მიჰყიდა – მისი მილიარდერების ოჯახის მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ კომპანიას.
რა გასაკვირია, ბევრი ფიქრობს, რომ რიგლი, ერთ დღესაც, კანაფის კევს გამოუშვებს. სამი წუთის განმავლობაში ის ენთუზიაზმით გვიხსნის მოლეკულურ ბიოლოგიას, საღეჭი რეზინის ბაზისგან სათანადო დროში, სათანადო არომატის გამოსაშვებად რომ არის საჭირო, მერე კი ამბობს, რომ კვლევისა და განვითარების პროცესის სიძვირე აფიქრებს, ისევე როგორც ბავშვებთან დაკავშირებული რისკები: ასეთი საღეჭი რეზინი ბავშვებისთვისაც შეიძლება, მიმზიდველი იყოს. და მაინც: „არასდროს თქვა არასდროს“, – დასძენს ის.
Wrigley Co.-სი არ იყოს, Parallel-საც აქვს გლობალური ამბიციები. Forbes-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, Parallel-ი კანაფისა და ქერელის კულტივაციის ლიცენზიათა მოპოვების შესაძლებლობებს განიხილავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (რიგლი აღიარებს, რომ ის ესაუბრა მთავრობის წარმომადგენლებს ამ რეგიონში, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებები პანდემიამ შეაფერხა).
„Wrigley-ს მსგავსად, ესეც კულტურათაშორისი პროდუქტია, – ამბობს ის. – 180 ქვეყანაში ვყიდდით პროდუქტს, კანაფიც ყველგან მოთხოვნადია“.
როცა ვეკითხებით, რას იფიქრებდნენ მისი წინაპრები ამ ინდუსტრიაში მისი ფეხის შედგმის შესახებ, რიგლი პასუხს აყოვნებს. თავისი მამულის მთავარ ჭიშკრამდე მიმავალ ხის ბილიკზე მდგარი, აქეთ-იქიდან კოით სავსე გუბურებითაა გარშემორტყმული. ახლომახლო, გოლფის მწვანე მოედანზე ჩარჭობილ დროშებს ლეი-უერთის ბრიზი აფრიალებს.
„ღმერთო, თავიდან ალბათ საფლავში დაიწყებდნენ ტრიალს“, – ამბობს ღიმილით.
მართალია, მოსაწევი კვლავ არალეგალურია ფედერალური კანონის მიხედვით, 43 შტატმა თავისი ლეგალური ბაზრები შექმნეს – ამა თუ იმ სახის, და ახლა, როცა კონგრესს დემოკრატები აკონტროლებენ, ნაციონალური ლეგალიზება ბევრად უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე. „ჩვენს ბიზნესს არალეგალურად არ მივიჩნევ, – ამბობს ის. – უბრალოდ, ამწუთას, ის პოლიტიკურ ქაოსშია გამომწყვდეული“.
$3.1 მილიარდის პატრონი რიგლის თქმით, ის თავს იღბლიანად თვლის, რომ შეუძლია, წვლილი შეიტანოს და ინდუსტრია შავი ბაზრიდან კანონიერ ბაზრად გარდაქმნას. იმ ანტრეპრენიორთა უკანასკნელმა თაობამ, ვინც მსგავს პრეტენზიას გამოთქვამდა, ქალაქი-უდაბნო – ლას-ვეგასი – მულტიმილიარდდოლარიანი საჯარო კორპორაციების ბინად აქცია. რიგლი კანაფის დღევანდელ ინდუსტრიას მაფიის შემდგომი პერიოდის ვეგასს ადარებს, მანამ იქაურობას ძვირფასი სასტუმროები დაიპყრობდნენ.
„ჩვენი თავი იმ ეპოქას მაგონებს, სანამ სტივ ვინი ჩავიდოდა ვეგასში და მას სამოგზაურო დანიშნულების პუნქტად აქცევდა, – ამბობს ის. – ყველას შეუძლია, მაგიდას მწვანე ქეჩა გადააკრას და ზედ აზარტული თამაშები მოაწყოს, მაგრამ მან ვეგასში ჩასულებს სხვა გამოცდილება შეუქმნა, იქნებოდა ეს ხელოვნება, Bellagio, შადრევნები თუ სხვა რამ. და სწორედ ამით იქცა ის დანიშნულების ადგილად“. რიგლი თვლის, რომ Parallel-ს შესწევს ძალა, მსოფლიოში პირველ ოქროს სტანდარტის მქონე კანაფის კომპანიად იქცეს იმით, რომ ის შეცვლის ამერიკელთა მიერ მარიხუანის აღქმას – თითქმის ისევე, როგორც ვინმა შეცვალა „ცოდვების ქალაქის“ იმიჯი. „ეს დაბოლებაზე არაა, – ამბობს რიგლი. – ეს ცხოვრების ხარისხზეა“.