აფრიკის უმდიდრესი ადამიანები

აფრიკის უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს სხვა კუთხეების მსგავსად, აფრიკაშიც, ყველაზე მდიდრებმა მშვენივრად გაართვეს თავი პანდემიას. კონტინენტის 18 მილიარდერიდან თითოეულის ქონება საშუალოდ $4.1 მილიარდს უტოლდება, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა და რაც, ნაწილობრივ, ნიგერიის მკვეთრად აღზევებულ საფონდო ბირჟას უნდა მივაწეროთ. ზედიზედ მეათე წელია, ნიგერიელი ცემენტის მაგნატი ალიკო დანგოტე (ზემოთ) აფრიკის უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება, წელს, $2 მილიარდით – $12.1 მილიარდამდეა – გაზრდილი. მეორე ადგილს ნასეფ სავირისი იკავებს ეგვიპტიდან, რომლის ყველაზე მსხვილ აქტივს თითქმის 6%-ის წილი წარმოადგენს Adidas-ში.

თუმცა აქ ერთ პიროვნებას ვერ ნახავთ. იზაბელ დოს სანტოსს ვგულისხმობთ ანგოლადან. 2013-ში, Forbes-მა ეს $3.5 მილიარდის პატრონი აფრიკაში ყველაზე მდიდარ ქალად დაასახელა; მაშინ ვწერდით, თუ როგორ დააგროვა ანგოლას სტაჟიანი პრეზიდენტის ქალიშვილმა თავისი აქტივები: ნაწილობრივ – ქვეყნის ძარცვით (იმ პერიოდში, მისმა წარმომადგენელმა Forbes-ს უთხრა, რომ დოს სანტოსი „კერძო ინვესტორი“ იყო და „მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენდა“ და რომ მისი ინვესტიციები „გამჭვირვალე“ იყო).

ანგოლას მთავრობას, ახალი პრეზიდენტის, ჯოაო ლორენცოს მმართველობის პირობებში, ნაძარცვის უკან დაბრუნება უნდა. 2020-ის იანვარში, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა დოს სანტოსს, მის ქმარსა და ბიზნეს-კოლეგას სხვისი საკუთრების მითვისებასა და ფულის გათეთრების ბრალდებები წაუყენა, რაც ანგოლას $1.1 მილიარდი დაუჯდა. დოს სანტოსმა ყველა ბრალდება უარყო (მისი ქმარი გასულ ოქტომბერს დუბაიში გარდაიცვალა – გავრცელებული ცნობებით, ყვინთვის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო).

ანგოლას ოფიციოზმა ქვეყანაში მისი აქტივები გაყინა, მათ შორის, წილები მობილური ტელეკომუნიკაციების კომპანიასა და ორ ბანკში. მოგვიანებით, იგივე გააკეთეს სასამართლოებმა პორტუგალიაში (რომელიც ანგოლას ყოფილი კოლონიზატორია) და ჰოლანდიაში. Forbes-ი, დღეს, მის გაყინულ აქტივებს ნულად აფასებს; საკუთრივ მისი ქონება $1 მილიარდზე ქვემოთ ჩამოვიდა. წარმომადგენლის პირით, დოს სანტოსმა კომენტარზე უარი შემოგვითვალა.

პირველი ხუთეული

ალიკო დანგოტე

ქონება: $12.1 მილიარდი
ქვეყანა: ნიგერია
სიმდიდრის წყარო: ცემენტი

ნასეფ სავირისი

$8.5 მილიარდი
ეგვიპტე
მშენებლობა, ინვესტიციები

ნიკი ოპენჰაიმერი

$8 მილიარდი
სამხრეთ აფრიკა
ალმასები

იოჰან რუპერტი

$7.2 მილიარდი
სამხრეთ აფრიკა
ფუფუნების საგნები

მაიკ ადენუგა

$6.3 მილიარდი
ნიგერია
ტელეკომუნიკაციები, ნავთობი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.