ყოველწლიურად მსოფლიოში მილიარდობით დოლარის ღირებულების საშობაო დეკორაციების ექსპორტი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის ყველა სახლს ამშვენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ საკმაოდ გასაკვირი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ მათი უმეტესობა სულ რამდენიმე ქვეყანაშია წარმოებული.
საშობაო დეკორაციების ტოპ-10 ექსპორტიორი ქვეყანა
საშობაო ნაძვის ხეების, სანთლების, განათებებისა და სხვა უამრავი სახეობის დეკორაციის უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფო, სრულიად მოსალოდნელად, ჩინეთია. მასზე მსოფლიო ექსპორტის 87% მოდის. 2020 წელს ჩინეთიდან ექსპორტირებული საშობაო დეკორაციების ღირებულებამ 6.62 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მისი წილი მსოფლიო ექსპორტში იმდენად მაღალია, რომ ის მის კონკურენტებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შთანთქავს. ჩინეთს საკუთარი ნიში ნაპოვნი აქვს აღნიშნული ინდუსტრიაში, ამიტომაც სხვა სახელმწიფოები დიდი მონდომებით არც ცდილობენ მისთვის კონკურენციის გაწევას.
მსოფლიოში საშობაო დეკორაციების ექსპორტით მეორე ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება ბაზრის 4%-იანი წილით. ნიდერლანდებიდან ექსპორტირებული საშობაო დეკორაციების ჯამური ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მესამე ადგილზე რეიტინგში პოლონეთი იმყოფება, რომელსაც ბაზრის თითქმის 1%-იანი წილი უკავია. პოლონეთიდან ექსპორტირებული დეკორაციების ღირებულება კი 68 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ტოპ-ათეულში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისა ინდოეთი, გერმანია, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი, ბელგია, ტაილანდი და გაერთიანებული სამეფო შედიან.
საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ათი სახელმწიფო მთლიანი ბაზრის ექსპორტის 97%-ზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, დანარჩენი 185 სახელმწიფო გლობალური ექსპორტის მხოლოდ 3%-ს ახორციელებს.
დამეთანხმებით, საინტერესოა, თუ სად მიდის საშობაო დეკორაციების ყველაზე დიდი რაოდენობა. ყველაზე დიდი ექსპორტიორების ვინაობა უკვე შევიტყეთ, ახლა კი დროა, მონეტის მეორე მხარესაც დავხედოთ და გავიგოთ, თუ რომელი სახელმწიფოები არიან საშობაო დეკორაციების ყველაზე დიდი იმპორტიორები.
ასევე ყველასათვის მოსალოდნელი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი იმპორტიორი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ და მასზე გლობალურად საშობაო დეკორაციების იმპორტის 57% მოდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, იმპორტის საერთო ღირებულება აშშ-ში 3 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. გარდა შეერთებული შტატებისა, მსხვილ იმპორტიორებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო, კანადა, გერმანია და ნიდერლანდები.
ცნობისთვის, წელს საშობაო დეკორაციების ღირებულება ჩვეულებრივზე მაღალია. ეს კი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. ჩინეთიდან ექსპორტირებული საშობაო დეკორაციების 80% ქალაქ ივუში მზადდება. აღნიშნული ქალაქი კი წელს დეკორაციების დასამზადებელი მასალების დეფიციტს განიცდიდა. გარდა ამისა, კოვიდის გამო გაძვირებულია ტრანსპორტირების ხარჯებიც. წელს ჩინეთიდან ევროპაში სტანდარტული კონტეინერის ტრანსპორტირება რამდენჯერმე უფრო ძვირი გახდა. ამან კი, ბუნებრივია, სათამაშოებისა და სხვა საახალწლო დეკორაციების ღირებულებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.