სატელევიზიო შემოსავლები: ორ მედიაჰოლდინგს სარეკლამო ბაზრის 81% უკავია

სატელევიზიო შემოსავლები: ორ მედიაჰოლდინგს სარეკლამო ბაზრის 81% უკავია

“2012 წლის ტელეკომპანიების შემოსავლები 63,355,996 ლარიდან 2017 წლის ჩათვლით 25,658,525 ლარით გაიზარდა და 89,014,521 ლარი შეადგინა”, – კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანახმად, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში მაუწყებლების რაოდენობა 54-დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების რაოდენობა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) 2012 წლიდან დღემდე 4–დან 21-მდეა გაზრდილი.

კერძო ტელემაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო, სასპონსორო, პროდუქტის განთავსებისა და ტელეშოფინგის შემოსავლები წარმოადგენს. აღნიშნული შემოსავლების მიხედვით უნდა გამოიყოს ორი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი შპს “ტელეიმედი” (“ტელეკომპანია იმედი”, “GDS”, და “მაესტრო”) და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” (“რუსთავი 2”, კომედი, მარაო), რომლებსაც ჯამში საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2017 წელს აღნიშნულმა ორმა მედიაჰოლდინგმა არსებითად შეცვალა სარეკლამო დროის გაყიდვების სისტემა, კერძოდ, საკუთარ არხებზე სარეკლამო დროის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება შპს “ინტერ მედიას” გადასცეს.

“სარეკლამო დროის გაყიდვების სისტემურმა ცვლილებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი 2017 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში წარმოშვა გარკვეული უზუსტობა. კერძოდ, მას შემდეგ რაც ტელემაუწყებლებმა 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები წარმოადგინეს და აღნიშნული მონაცემები შესწავლილ იქნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, შემდგომი გამოქვეყნების მიზნით, დადგინდა, რომ შპს “ტელეიმედისა” და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში იყო შეუსაბამობა. კომისიამ კომპანიებისგან მოითხოვა მონაცემების შესწორება, რასაც დაეთანხმა შპს “ტელეიმედი”, ხოლო, შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მტკიცებით მონაცემები ზუსტად ასახავდა მის შემოსავლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საკითხის შესწავლა და აღმოჩენილი შეუსაბამობის მიზეზის მოკვლევა დაიწყო.

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესწავლის მიზნით, კომისიამ, რეკლამის დამკვეთი მთელი რიგი კომპანიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია გაწეული სარეკლამო ხარჯების შესახებ. ხოლო ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მათ მიერ გაყიდული სარეკლამო დროიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომპანიების ჭრილში.

წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27% იტოვებდნენ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს თანხა 33%-ს აღწევდა. ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა, შესაბამისად ეს თანხა მათ შემოსავლებში არ აისახა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოების მომსახურების განაკვეთი 5-7 % პროცენტამდე მერყეობდა. ხოლო იმ სტრუქტურით რომელიც 2017 წელს შეიქმნა, გარდა აღნიშნული 7%-ისა, დამატებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა. შესაბამისად შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები.

2017 წელს, აღნიშნულ ორ მედია ჰოლდინგს იგივე პრინციპით რომ გაეყიდა რეკლამა როგორც ამას 2016 წელს აკეთებდნენ, ნაცვლად მიღებული 60,127,900 მილიონი ლარისა 2017 წელს ისინი 75,159,875 მილიონ ლარს მიიღებდნენ. 15,031,975 მილიონი ლარი, რომელიც უნდა მიეღოთ ტელევიზიებს, მაგრამ ვერ მიიღეს და დარჩა ტელევიზიებს მიღმა, სწორედ იმ ახალი გაყიდვების სტრუქტურით არის გამოწვეული, რაც კომპანიებმა 2017 წელს შექმნეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან აღნიშნული სისტემით რეკლამის გაყიდვაზე, თავადვე თქვეს უარი და დღეს იგივე სისტემა აღარ მოქმედებს”, – განმარტავენ კომისიაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად 2016 წელს ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლებმა (შემოსავლები რეკლამიდან და სპონსორობიდან) 83.7 მლნ.ლარი (35.3 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა, რაც წინა წელს მიღებულ შემოსავალს დაახლოებით 10 მლნ. ლარით (3 მლნ. აშშ დოლარით) აღემატება.  ლარში სარეკლამო შემოსავლები 14.5%-ით გაიზარდა, აშშ დოლარში კი დაახლოებით 10%-ით.  

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავლები დოლარში წინა წელთან შედარებით, 30.4%-ით შემცირდა.