საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 2.39%-ით, 1.15 მილიარდი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოს 49.17 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.99% შეადგინა.
სების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 2.28%-ით, 603.2 მილიონი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობას, ამ შემთხვევაში ზრდამ 2.52%, შესაბამისად, 543.78 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის ბოლოს კომერციულ ბანკებს რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ეროვნული ვალუტით მთლიანობაში 8.01 მილიარდი ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული. ეს წინა თვესთან, აგვისტოსთან შედარებით, 4.37%-იან ზრდას გულისხმობს. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ კი 13.84 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელს 3.54%-ით აღემატება. გაცვლითი კურსის ეფექტი ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, გასულ თვეში რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობაც გაიზარდა. კერძოდ კი, წინა თვესთან შედარებით ზრდამ 1.24%, შესაბამისად, 317.76 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, სექტემბრის ბოლოსთვის რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობამ 25.84 მილიარდ ლარს მიაღწია.
სების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01% შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 0.06%-ით არის შემცირებული