სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე თვეში რუსული Sputnik V-ის და ჩინური Sinopharm-ის ვაქცინების წარმოება დაიწყება.
3 თებერვალს ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსი სპეციალისტების დახმარებით, სერბეთი საჭირო ობიექტებს ააშენებს და ვაქცინას დამოუკიდებლად აწარმოებს. გეგმების თანახმად, სერბეთი რუსული ვაქცინის წინასწარ შეფუთვას მაისში დაიწყებს, ხოლო მისი სრულმასშტაბიანი წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.
ცნობისთვის, 25 მარტს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდმა და სერბეთის ტორლაკის ინსტიტუტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სერბეთში ვაქცინის წარმოების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული წარმოების ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლების ასოციაციის შესაბამისი პროცედურები ავტორიზაციის მისაღებად ჯერ არ გაუვლია, რამდენიმე ქვეყანა ვაქცინაციის პროცესში Sputnik V-ს აქტიურად იყენებს.