შაკირა და უორენ ბაფეტის შვილი კოლუმბიაში მიწისძვრით დაზიანებული საგანმანათლებლო ცენტრების აღდგენას დააფინანსებენ

შაკირა და უორენ ბაფეტის შვილი კოლუმბიაში მიწისძვრით დაზიანებული საგანმანათლებლო ცენტრების აღდგენას დააფინანსებენ

ფოტო: Seth Wenig / AP

 

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ განაცხადა, რომ კოლუმბიაში, ჩოკოს დეპარტამენტში, 10 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსადგენად დაფინანსების მობილიზებას დაიწყებს. ინიციატივა ჩოკოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და დაახლოებით 10 არასაუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ცენტრის აღდგენას ითვალისწინებს.

შაკირას ინიციატივით, პროექტს $1 მილიონი მოხმარდება. თანხის ნახევარს, $500 000-ს, საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Citizen-ი გამოყოფს, ხოლო დანარჩენ $500 000-ს – კონცერტების პრომოუტერი Live Nation-ი, რომელიც შაკირას ბოლო ტურნეს, „Las Mujeres Ya No Lloran“-ს ორგანიზატორი და მისი კომერციული პარტნიორია.

მომღერლის განცხადებით, თანხა უშუალოდ მისი პირადი შემოწირულება არ იქნება და დაფინანსება პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება.

შაკირა პროექტზე კოლუმბიელ-ამერიკელ ქველმოქმედ ჰოვარდ გრემ ბაფეტთან ერთად იმუშავებს. ის მილიარდერი ინვესტორისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, უორენ ბაფეტის, შვილია.

შაკირა 2025 წლის ოქტომბერში FIFA-სა და Global Citizen-ის მიერ შექმნილი განათლების ფონდის მრჩეველთა საბჭოს შეუერთდა. ცნობისთვის, საბჭოს სხვა წევრებს შორის სერენა უილიამსი, The Weeknd-ი და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო არიან. მომღერლის განცხადებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერიდან, „Dai Dai“-დან მიღებული ჰონორარების 100%-ს სწორედ ამ ფონდს გადასცემს.

ჰოვარდ ბაფეტმა კოლუმბიის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. მანამდე ის ქვეყანაში $160 მილიონზე მეტის ღირებულების პროექტებში იყო ჩართული. ინვესტიციები ძირითადად კატატუმბოს რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზების აღდგენას, უკანონო კულტურების ჩანაცვლებასა და ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდას მოიცავდა.

ბაფეტი უკვე ორი ათწლეულია, შაკირას მიერ დაარსებულ Pies Descalzos-ის ფონდს ხელმძღვანელობს. ფონდს კოლუმბიაში რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვის ეროვნული განყოფილების (UNGRD) უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას 287 ადამიანი ემსხვერპლა, 4 147 დაშავდა, 194 კი დაკარგულად მიიჩნევა.