„შავმა ქვრივმა“ Disney-ის ონლაინ შემოსავლები $125 მილიონით გაზარდა

„შავმა ქვრივმა“ Disney-ის ონლაინ შემოსავლები $125 მილიონით გაზარდა

Walt Disney-ის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების თანახმად, „შავმა ქვრივმა“ Disney-ის ონლაინ შემოსავლები $125 მილიონით გაზარდა. კომპანიამ $125 მილიონიანი შემოსავალი Marvel-ის ფილმის მთავარი გმირის შემსრულებლის, სკარლეტ იოჰანსონის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანიდან სამ თვეში მიიღო.

გასულ თვეს მსახიობმა Disney-ის კონტრაქტის დარღვევის გამო უჩივლა. იოჰანსონის განცხადებით, კომპანიამ დაარღვია შეთანხმების პირობები მაშინ, როდესაც ფილმის კინოთეატრებში გასვლის პარალელურად მისი ონლაინ სტრიმინგი დაუშვა. მსახიობის სარჩელი, რომელიც მან ლოს ანჯელესის უზენაეს სასამართლოში შეიტანა, ამტკიცებს, რომ „შავი ქვრივის“ ონლაინ სტრიმინგის გამო, მისი კომპენსაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამის მიუხედავად, Walt Disney აცხადებს, რომ იოჰანსონის კონტრაქტი არ დარღვეულა, მისი შემოსავალი კი, ფილმის ონლაინ გაშვების შემდგომ შემცირების ნაცვლად პირიქით, გაიზარდა. მსახიობა „შავი ქვრივიდან“ $20 მილიონი უკვე მიიღო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სარჩელს შესაძლოა უფრო მასშტაბური შედეგები მოჰყვეს გასართობ ინდუსტრიაში, რადგან მედია კომპანიები მომხმარებელთა მოსაზიდად საკუთარი სტრიმინგ სერვისების შექმნას გეგმავენ.

Marvel-ის „შავი ქვრივის“ მთავარი როლის შემსრულებელი სკარლეტ იოჰანსონია, რომელიც Forbes-ის მონაცემებით 2018-2019 წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია. შეგახსენებთ, რომ „შავი ქვრივის“ პრემიერა კინოთეატრებში 9 ივლისს შედგა, Disney+ სტრიმინგ სერვისზე კი ფილმის ნახვა $30-ად  არის შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიისას, კინოთეატრების დახურვის გამო, Disney-მ საკუთარი სტრიმინგ სერვისის გასაზრდელად ფილმების ნაწილის ჰიბრიდულ რეჟიმში გაშვება გადაწყვიტა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *