იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA მესამე წელია, ბაზარზეა და უკვე მოასწრო, ტრადიციული სერვისების სცენაზე ინოვაციური “ლობოტი” გამოეყვანა. სააგენტოს პარტნიორს, უჩა ძიმისტარიშვილს, მისი კომპანიის აწმყოსა და იურიდიული სფეროს მომავალზე ვესაუბრე.
რა არის ლობოტი და როგორია მისი მუშაობის პრინციპი?
ლობოტი არის პირველი ქართველი იურისტი ბოტი. ლობოტის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა იურიდიული მომსახურების მიღება ადამიანი იურისტის ჩართულობის გარეშე. ლობოტის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ორ ძირითად მოქმედებაზე: 1. ლობოტი სვამს შეკითხვებს, რომლებიც აუცილებელია სამართლებრივი პრობლემის ანალიზისთვის და 2. მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად, ლობოტი ამზადებს გარკვეულ სამართლებრივ დოკუმენტსა თუ დასკვნას. ლობოტის შეკითხვები ე.წ. დახურული შეკითხვების პრინციპზეა დაფუძნებული, რომლის შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ იმ სახით უწევს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომლითაც ლობოტი სთხოვს. მაგალითად, ჰყავდა თუ არა მას ავტომანქანა გაჩერებული “გაჩერება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონაში. ამ დროს მომხმარებელი ირჩევს პასუხს “კი” ან “არა”. აღნიშნულის მიზანია, ლობოტმა კონკრეტული პასუხების შედეგად სწრაფად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი.
მუშაობის საწყის ეტაპზე რა სერვისებს სთავაზობს ლობოტი პოტენციურ კლიენტებს?
საწყის ეტაპზე ლობოტი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას სამი მიმართულებით: 1. საჩივრის შედგენა სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე; 2. ხელშეკრულების შედგენა; 3. კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მიმართულებით. მომსახურების პროცესი იმგვარად არის აწყობილი, რომ მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ სერვისს, ხოლო შემდგომ ლობოტი სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ლობოტს საშუალებას აძლევს, მოძებნოს მომხმარებლის პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა.
როგორ შეიძლება დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემას იურიდიული სერვისების გათანამედროვება?
დღეს ყველა თანხმდება, რომ სასამართლო სისტემა უაღრესად გადატვირთულია საქმეებით. სასამართლოში ყოველწლიურად ათიათასობით საქმე შედის მხოლოდ სამოქალაქო საქმეთა მიმართულებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად ფერხდება სასამართლოში სამუშაო პროცესი. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სასამართლო სისტემის განვითარება შეუძლებელია ტექნოლოგიური სიახლეების აქტიური დანერგვის გარეშე. ჩვენი ხედვით, სასამართლოს მიერ შესასრულებელი სამუშაოს დიდი ნაწილი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ტექნოლოგიების გამოყენებით, პროცესების ავტომატიზაციით და დოკუმენტების გენერირებით პროგრამის მეშვეობით. სერვისების გათანამედროვების გარეშე, ფიზიკურად შეუძლებელია იმ რაოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსების მობილიზება, რომელიც სწრაფად, შეცდომების გარეშე გაუმკლავდება იმდენი დოკუმენტის მომზადებისა და მართვის პროცესს, რაც სასამართლოში იქმნება. ამიტომ, ერთადერთი ალტერნატივა სერვისების გათანამედროვება, კერძოდ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად პროცესების ავტომატიზაციაა.
როგორია საერთაშორისო გამოცდილება ავტომატიზებული იურიდიული სერვისების მიმართულებით?
შეუძლებელია, ვისაუბროთ თანამედროვე სავაჭრო ურთიერთობებსა თუ ბიზნესპროცესებზე იურიდიული სერვისების ავტომატიზაციის გარეშე. ჭკვიანი ხელშეკრულებები, ავტომატიზაცია, იურიდიული საძიებო სისტემების განვითარება – ეს ის საკითხებია, რომლებიც არათუ აქტუალურია საერთაშორისო დონეზე, არამედ კომპანიების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
რა ახალ პერსპექტივებს უსახავს ეს ინოვაციური მიმართულება ქართულ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე გაღწევის თვალსაზრისით?
ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ მანძილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს შორის უფრო და უფრო მცირდება. ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი ხდება საერთაშორისო ბაზრებზე უფრო სწრაფი შეღწევა. აუცილებელი აღარ არის, უცხო ქვეყნის ბაზარზე ფიზიკური დამკვიდრება, ადგილობრივი ოფისების გახსნა, არამედ შესაძლებელია შორი მანძილის ფაქტორის აღმოფხვრა. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება უცხო ქვეყნის ბაზრებზე უფრო სწრაფი და მარტივი დამკვიდრება.
რადგან საერთაშორისო ბაზარზე ჩამოვარდა საუბარი, საინტერესოა, რა ცვლილებებია მოსალოდნელი არა უშუალოდ საქართველოს, არამედ ზოგადად იურიდიულ სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად?
თუ გლობალურად შევხედავთ, როდესაც სამართალზე ვსაუბრობთ, უნდა გავიაზროთ, რომ სამართლის ერთ- ერთი მიზანია, ადამიანებს დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლო კონფლიქტების აღმოფხვრაში. სამართლის ნორმები ასახავს იმას, რასაც ადამიანები აღიარებენ ქცევის წესებად. თუმცა, დროთა განმავლობაში, იურიდიული სფერო უფრო და უფრო რთულად გასაგები და გამოსაყენებელი ხდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარება ხელს უწყობს პროცესების დაჩქარებას, უფრო მეტ ჩართულობას და საბოლოოდ, ბევრი მსგავსი ხასიათის შემთხვევის ანალიზის შედეგად, უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას.
როგორ ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება მხოლოდ იურიდიული სერვისების მიმწოდებელ კომპანიებში დაინერგება თუ მოსალოდნელია მისი უფრო ფართო ათვისება სასამართლო სისტემების მიერ? მაგალითად, ერთ- ერთმა იურიდიულმა AI-სისტემამ წარმატებით იწინასწარმეტყველა ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენთა თითქმის 80%. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ თუნდაც შორეულ მომავალში სისტემა არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ მოსამართლის ფუნქციებსაც შეითავსებს?
სასამართლო სისტემა ერთგვარ სერვისს წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს ეხმარება დავის გადაწყვეტაში. იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს და ჰქონდეს ადამიანების ნდობა, აუცილებელია სისტემა იყოს სწრაფი, ადეკვატური და ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სისტემას ბევრად სწრაფს გახდის, რადგან, თუ მაგალითად, დღეს გარკვეული პრეცედენტული გადაწყვეტილების მოძიებისათვის საჭიროა დროის გარკვეული პერიოდი (დღეები, თვეები), ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების შედეგად ეს დრო შეიძლება რამდენიმე წუთამდე შემცირდეს. ამასთან, კონკრეტული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი გახდება უფრო ადეკვატურად, რადგან მაქსიმალურად შემცირდება ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ხელმისაწვდომი იქნება ადამიანების ფარ თო ჯგუფებისათვის, რაც სისტემის სრულყოფას შეუწყობს ხელს.
სხვადასხვა სექტორში სერვისების ავტომატიზებასთან ერთად ხშირად საუბრობენ შრომის ბაზრის სტრუქტურის ცვლილებაზე. თქვენს მაგალითზე, როგორ ფიქრობთ, ლობოტი ჩაანაცვლებს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს თუ უბრალოდ დამატებითი ინსტრუმენტი იქნება მათთვის?
ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური განვითარება შედეგად იწვევს გარკვეული კატეგორიის პროფესიების საჭიროების შემცირებას. თუმცა, სერვისების ავტომატიზაცია შესაძლებელს ხდის დროის ის მონაკვეთი, რასაც ადამიანი დღეს ტექნიკური საქმეების შესრულებაზე ხარჯავს, უფრო მეტად შინაარსობრივი საქმეების გასაკეთებლად გამოიყენოს. ამიტომ, ვფიქრობ, ლობოტი იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, ერთი მხრივ, იურისტებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ის ხელს შეუწყობს ზოგადად სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას, რაც შემდგომში კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს პროფესიონალი იურისტების საჭიროებას. ამიტომ, ჩვენ ლობოტს ვუყურებთ, როგორც იურიდიული პროფესიის განვითარების აუცილებელ ეტაპს.
პროცესის ავტომატიზების თანამდევი რა პოტენციური რისკები არსებობს და როგორ პასუხობს მათ თქვენი კომპანია?
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც პროცესების ავტომატიზაციას ახლავს, არის მისი მიმღებლობა მომხმარებლების მხრიდან. ამის ერთ- ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ერთ მხარეს მომხმარებლის სახით არის ადამიანი, ხოლო მეორე მხარეს – კომპიუტერი. ემოციური კავშირის არარსებობის გამო, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი უარს ამბობს სერვისების მიღებაზე. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი იურიდიულ სფეროში, რადგან ადამიანები იურისტთან კონსულტაციის პროცესში არა მხოლოდ იურიდიულ ნიუანსებს, არამედ ადამიანურად სენსიტიურ საკითხებს განიხილავენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მაქსიმალური ემოციური კავშირი დაამყარონ სერვისის მიღების პროცესში. ჩვენი მიზანია, ლობოტს იმგვარი კომუნიკაცია ჰქონდეს მომხმარებლებთან, რომ ადამიანებს ემოციური კავშირის დეფიციტი არ ჰქონდეთ.
გასაგებია, რა დამატებითი ღირებულება მოაქვს პროცესების ავტომატიზაციას იურიდიულ სფეროში ჩართული ადამიანებისა და კომპანიებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ სერვისის მიმღებებს, როგორ მარტივდება მათი ცხოვრება? წესით, უშუალოდ ადამიანების ნაკლებმა ჩართულობამ სერვისზე ფასის კლება უნდა გამოიწვიოს…
მომხმარებლებისათვის პირველი შედეგი მალევე ხდება თვალსაჩინო – სერვისს იღებს უსწრაფესად, რამდენიმე წუთში, არ სჭირდება იურისტის ძებნისთვის დამატებით ძალისხმევის, დროის დახარჯვა, იხდის მნიშვნელოვნად დაბალ ფასს. თუმცა ჩვენი ხედვა ითვალისწინებს გრძელვადიან პროცესში მომხმარებლების სამართლებრივი ცნობიერების განვითარებას, რადგანაც ლობოტთან შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სერვისების მიღება, არამედ ზოგადად სამართლებრივ საკითხებში გათვითცნობიერება. მაგალითად, ადამიანი შეტყობინებას იღებს ვიდეოჯარიმის შესახებ, სადაც წერია, რომ ის დაჯარიმდა სასკ 125 მუხლით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელმა არ იცის ამ მუხლის შინაარსი, კოდექსის არსი, გასაჩივრების წესი და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ვფიქრობთ, მომხმარებელთა ქცევა შეიცვლება და სამართლებრივი ცნობიერება ამაღლდება.