მომხმარებლებისათვის „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფინანსო ინსტრუმენტი ხდება. აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი კომპანიების რიცხვი კი სულ უფრო მეტად იზრდება.
გასულ კვირას, ავსტრალიურმა კომპანია Square-მა დააანონსა, რომ 29 მილიარდ აშშ დოლარად AfterPay-ის შეძენას გეგმავს. ავსტრალიური კომპანიისათვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა არსებობის ისტორიაში. გარდა ამისა, შვედურმა კომპანია Klarna-მ ივნისში 46 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო. რაც შეეხება ამერიკულ კომპანია Affirm-ს, მისი ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები საკუთარ მომხმარებლებს სწორედ ასეთ სერვისს სთავაზობენ, შესაბამისად მათდამი მოთხოვნაც სულ უფრო იზრდება.
აღნიშნული კომპანიები მსოფლიოს წამყვან საცალო პროდუქციის მაღაზიებთან თანამშრომლობენ. შედეგად კი Target-ის, H&M-ის, Sephora-ს თუ Asos-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ნივთის ღირებულების სრულად გადახდის ნაცვლად, პროცესი რამდენიმე თვეზე გაწელონ. მაგალითად, მომხმარებელს 200 დოლარიანი ნივთის შეძენისას შესაძლებლობა აქვს მხოლოდ 50 დოლარი გადაიხადოს, დანარჩენი კი რამდენიმე თვეში დაფაროს.
საინტერესოა, რომ მსგავსი სერვისი ათეულობით წელია არსებობს. თუმცა, პანდემიის გამო თითქმის ყველა ინდუსტრიის გაყიდვების ონლაინ გადასვლამ, აღნიშნული სერვისი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. მაგალითად, Adobe-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისი 215 პროცენტით გაიზარდა.
რამდენიმე კვირის წინ მსგავსი სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მაც გაავრცელა.