Concierge Tbilisi – აქ კარგად ესმით, რა სურს ბიზნესს

Concierge Tbilisi – აქ კარგად ესმით, რა სურს ბიზნესს

ბიზნესის პირადი ასისტენტი – ასე უწოდებენ 5000 დოლარით შექმნილ კომპანია Concierge Tbilisi-ს, რომელიც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და განვითარებაში ეხმარება. შვიდი წლის წინ ლიზი ხაბაზიშვილმა და ნინო სხირტლაძემ ცოდნა და გამოცდილება გააერთიანეს და ბაზარს ბიზნესკონსიერჟის, ღონისძიებების ორგანიზებისა და ტურების დაგეგმვის სრულიად განსხვავებული და მაღალი დონის სერვისი შესთავაზეს. იყო ცვლილებები, გამოწვევები და კონცეფციების სრული ამოტრიალებაც. თუმცა გუნდი არ გაჩერებულა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობს, წინ ჯერ კიდევ ბევრი გეგმა და სიახლეა.

Concierge Tbilisi ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. თქვენ ეტაპობრივად ამატებდით მომსახურებებს და აფართოებდით კომპანიას. რა გზა გამოიარეთ და დღეს სად დგახართ?

ლიზი ხაბაზიშვილი: ბოლო შვიდი წელი გამოწვევებით და სიახლეებით იყო სავსე. ჩვენ აბსოლუტურად ახალ მომსახურებას ვამკვიდრებდით ქართულ ბაზარზე და ამისთვის დიდი შრომა გავწიეთ. შედეგად, დღეს ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ღონისძიებებისა და ტურების დაგეგმვის კუთხით ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანია. ასევე პიონერები ვართ საკონსიერჟო სერვისით. მეტიც, ქართულ რეალობაში ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ საკონსიერჟო მომსახურებას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ქოლგის ქვეშ ბევრი სხვადასხვა მომსახურება გვაქვს გაერთიანებული.

ჩვენი გუნდი მრავალფეროვანი გამოცდილებით გამოირჩევა, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაში გვეხმარებოდა. შედეგად, ჩვენ სერვისების ეტაპობრივად დივერსიფიცირება შევძელით. დავიწყეთ ბიზნესკონსიერჟით, ღონისძიებებისა და ტურების დაგეგმვით და საწყისი წლები ამ მიმართულებების განვითარებას მოვანდომეთ. მაგალითად, ჩვენს ტურებს დავარქვით უნიკალური გამოცდილება და რეალურადაც უნიკალურ გამოცდილებად ვაქციეთ. ასევე 2014 წლამდე ფაქტობრივად არ არსებობდა ბიზნესკონსიერჟი, ჩვენ შევძელით და ეს სერვისი დავამკვიდრეთ. დაბოლოს, ღონისძიებების დაგეგმვის კონცეფცია სრულიად ამოვატრიალეთ. მომხმარებელს მისი სურვილების გათვალისწინებით და მის საჭიროებებზე მორგებული სრული სერვისი შევთავაზეთ: დაწყებული ღონისძიების დაგეგმვით და სიტყვით გამოსვლის ტექსტის დაწერით, სოციალურ მედიაში და ზოგადად მედიაში განთავსების სტრატეგიის შექმნით დასრულებული.

„კონსიერჟ თბილისმა“ დამკვეთს დაანახვა, რომ ღონისძიება უბრალოდ ღონისძიებისთვის არ უნდა ტარდებოდეს და კომპანიისათვის რეალური, კონკრეტული შედეგების მომტანი უნდა იყოს, იქნება ეს გაუმჯობესებული იმიჯი, გაზრდილი გაყიდვები თუ სხვა.

თქვენ Concierge Tbilisi-ს სერვისების სამი ძირითადი მიმართულება ახსენეთ, რომელთაც პანდემიამდე ავითარებდით და ნერგავდით. პანდემიამ რა სერვისების საჭიროება დაგანახვათ და რა შეცვალეთ კომპანიის საქმიანობაში?

ნინო სხირტლაძე: ჩვენ, ფაქტობრივად, კომპანიის ტრანსფორმაცია მოვახდინეთ. ვთქვით და გავიაზრეთ, რომ არსებული მიმართულებები გაჩერდა და ცვლილებებისა და განვითარების დრო დადგა და დავიწყეთ სამი ახალი მიმართულების განვითარება. პირველ რიგში, ჩვენი ღონისძიებები ვირტუალურ სივრცეში გადავიტანეთ და ჰიბრიდული ფორმატიც დავამატეთ. მეორე მიმართულებად პრეზენტაციების, პოდკასტების, ნიუსლეთერების მომზადებისა და ვებგვერდის განვითარების სერვისი დავამატეთ, რაც ციფრულ სფეროში გადასული ბიზნესისთვის კომუნიკაციის კუთხით საჭირო და მნიშვნელოვანი გახდა. ამ მიმართულებას ბიზნესნარატივი დავარქვით, ვინაიდან რეალურად ეს არის თხრობა, თუ როგორ უნდა ეკონტაქტოს ბიზნესი, იგივე ჩვენი მომხმარებელი თავის მომხმარებელს და როგორ უნდა მიიტანოს სათქმელი მომხმარებლამდე ციფრულ სივრცეში სწორი მესიჯებით. მესამე მიმართულება, რაც პანდემიის შემდეგ განვავითარეთ, იყო დიზაინი და ვიზუალიზაცია. ჩვენ არსებულ ბრენდს ვურგებთ კორპორაციულ სტილს, ანუ ვეხმარებით, გახდნენ უფრო ბიზნესსოლიდურები.

საინტერესოა, რამდენად მოთხოვნადია ჰიბრიდული ფორმატის ვირტუალური ღონისძიებები, სადაც ონლაინ- და ე.წ. ოფლაინელემენტებია გაერთიანებული, და რა გამოცდილების დაგროვება მოასწარით ამ ერთ წელიწადში?

ლიზი ხაბაზიშვილი: ერთ-ერთი პირველები ვიყავით ქართულ რეალობაში, ვინც ევროკავშირის დაკვეთით ჩაატარა ჰიბრიდული ექსპო, B2B ჰიბრიდული ექსპო და B2B ფორუმი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ესაა ის იდეალური ფორმატი, რომელსაც მაყურებლის დაინტერესება, მათი ჩართულობის გაზრდა და რეალური შედეგის დადება შეუძლია.

ერთ-ერთი მსგავსი ჰიბრიდული ღონისძიება, რომელიც წარმატებით ჩავატარეთ, იყო Forbes Georgia-ს 30 Under 30-ის დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენ ძალიან კონკრეტული დავალება გვქონდა: უნდა გაგვეკეთებინა დაჯილდოების ონლაინცერემონიალი. რადგან ეს არის წლის მოვლენა, გვინდოდა, პომპეზური გამოსულიყო. და გამოვიდა კიდეც. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, კომპლექსური ფორმატი შეგვექმნა, გაგვეერთიანებინა ფიზიკური და ონლაინკომპონენტები და აქცენტი გაგვეკეთებინა თანამედროვე ბრენდირებაზე. დავგეგმეთ ისე, რომ ჟიური და წამყვანები იყვნენ სტუდიაში, ხოლო კონკურსის მონაწილეები ონლაინ ერთვებოდნენ. პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო ის, რომ შევქმენით სპეციალური ე.წ. Landing-გვერდიც, სადაც გაერთიანებული იყო ინფორმაცია ღონისძიების, სპიკერების, მონაწილეების, ჟიურის, კატეგორიების შესახებ, რამაც ძალიან კარგად იმუშავა, ვინაიდან დაინტერესებულ ადამიანებს, ფაქტობრივად, კითხვა პასუხგაუცემელი აღარ რჩებოდათ. მათ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებოდათ. გარდა ამისა, სტუდიის ბრენდირებაზეც ვიმუშავეთ, გვქონდა ეკომეგობრული გარემო, არანაირი ბანერი არ გამოგვიყენებია, გამოვიყენეთ მხოლოდ ციფრული ვიზუალები, ეკრანები და ტექნოლოგიები.

გამომსვლელების ონლაინრეჟიმში სრულყოფილად წარმოსაჩენად დავბრენდეთ თითოეული ადამიანის გამოსვლა, ხოლო კატეგორიების გამოსაყოფად ბრენდირებაში გამოვიყენეთ ტრენდული ფერები. ზოგადად, არ არის მარტივი, ონლაინრეჟიმში უყურო დაჯილდოებას და ის იყოს საინტერესო და ინტერაქტიური. შესაბამისად, ბრენდირებამ, სხვადასხვა ფერმა, სპეციალურმა ჩარჩოებმა, რომლებიც თითოეული მონაწილის ჩართვას ახლდა თან, ლამაზი და სახალისო სანახაობა შექმნა. ონლაინრეჟიმში ღონისძიებას 15,000-მდე ადამიანი უყურებდა, რაც ნამდვილად კარგი შედეგი იყო თავად დამკვეთისათვის. საბოლოო ჯამში, 30 Under 30-ის დაჯილდოების ცერემონიალი ძალიან საინტერესო პროექტი გამოდგა დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

ალბათ გარკვეული სირთულეებიც გამოიკვეთა, რაც ღონისძიების ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებას ახლავს თან…

ლიზი ხაბაზიშვილი: რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სირთულე, რაც მსგავს ღონისძიებებს ახლავს ხოლმე, ტექნიკური მხარეა. ტექნიკურად პირდაპირი ეთერის დაგეგმვა და ამდენი ადამიანის უხარვეზო ჩართვის უზრუნველყოფა დიდი გამოწვევაა. ასეთ დროს ცოტათი დაუცველი ხარ, ვინაიდან, მაგალითად, შეიძლება ვიღაცას ინტერნეტი გაეთიშოს და ა.შ. მსგავსი რისკები ყოველთვის არსებობს. ჩვენ, როგორც კომპანია, ამის ძალიან ბევრ გადაზღვევას ვაკეთებთ, თუმცა ეს რისკი ყოველთვის რჩება.

გარდა ამისა, ზოგადად, როდესაც მსგავს ღონისძიებას ატარებ, ერთია, ვინ არის დამკვეთი და მეორე, ვის იწვევს ის. ყველა სპიკერი, ვინც ონლაინ უნდა ჩართულიყო, ამისთვის მოვამზადეთ. მათ ჩვენგან ჰქონდათ მოკლე აღწერილობა, თუ რა გარემოდან და როგორ უნდა ჩართულიყვნენ, რათა ერთიანობაში ღონისძიება ვიზუალურად გამართული და საყურებლად სასიამოვნო გამოსულიყო. მაგალითად, თითოეული სპიკერისთვის ლამაზი ჩარჩოები რომ არ გვქონოდა და ა.შ, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ZOOM-კონფერენცია.

ზოგადად, რეალურ რეჟიმში ჩატარებასთან შედარებით ონლაინღონისძიებისას ყველა ე.წ. ჭუჭყი მკაფიოდ ჩანს, მაშინ როდესაც ფიზიკურ რეჟიმში ბევრი ასეთი მომენტი იმალება და ასე საგრძნობი არ არის. ამიტომაც, თუ ონლაინფორმატის ორგანიზებისას კონტენტი კარგად არ არის შეკრული და ყველა დეტალი გასუფთავებული, და ასევე თუ მუხტი არ იგრძნობა, უკვე აღარ არის საინტერესო.

საქართველოს ბაზარზე Concierge Tbilisi-ს მსგავსი არაერთი კომპანია ოპერირებს. რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი მაინცდამაინც თქვენთან?

ნინო სხირტლაძე: უპირველესად, ჩვენ ძალიან მოქნილები ვართ. ჩვენთან „არა“ არ არსებობს. თუ რაღაც არ გამოდის, მომხმარებელს ალტერნატივას და გამოსავლის გზებს ვთავაზობთ. ვერგებით ყველანაირ სურვილსა და საჭიროებას, ვართ მუდმივად კონტაქტზე და ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ჩვენი მომხმარებელი არასოდეს არის უკმაყოფილო. ყველას შეძლებისდაგვარად ვერგებით. ჩვენი ხედვა ასეთია: შეიძლება ჩვენი დამკვეთი დღეს პატარა კომპანიაა, მაგრამ ჩვენნაირ კომპანიებთან ერთად გაიზრდება და ხვალ ჩვენი ლოიალური დიდი დამკვეთი გახდება. როდესაც ვხედავთ, რომ კლიენტი კარგ და ეთიკურ ბიზნესს აკეთებს და ჩვენს ფასეულობებთან თანხვდენილია, ბევრ დათმობაზე მივდივართ, რომ ეს პროექტი შედგეს.

გარდა ამისა, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენს გუნდს ბიზნესთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა Concierge Tbilisi-ს შექმნამდეც. ვმუშაობდით საინვესტიციო სააგენტოში, სადაც ჩვენი მისია ინვესტორების შემოყვანა იყო. ამიტომაც ჩვენ გლობალური ხედვა გვაქვს. ზუსტად გვესმის ბიზნესის საჭიროებები და სურვილები.

ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზე არ ვმუშაობთ, საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეც გავედით, რომელთაც ჩვენი ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ტურების, ასევე ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში.

რა ტენდენციები შეინიშნება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენს სერვისებზე მოთხოვნის კუთხით?

ნინო სხირტლაძე: გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ უამრავი აქტივობის გაციფრულება გამოიწვია, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ონლაინკომუნიკაციაზე, შესაბამისად, გაჩნდა ახალ რეალობაზე მორგებული ბრენდირების, ფოტო- და ვიდეომასალის წარმოების საჭიროება. დღის წესრიგში დადგა სწორი საკომუნიკაციო გზავნილების შექმნა და გავრცელება, ასევე, ონლაინღონისძიებების დახვეწა და მეტი ფიზიკური კომპონენტების ინტეგრირება. წინა პლანზე წამოვიდა სწორი მარკეტინგის აუცილებლობაც. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა სოციალური მედიის კუთხით მუშაობა.

ტურიზმის მიმართულებით კი ტენდენცია ისაა, რომ ადრე თუ უფრო მაღალშემოსავლიანი ტურისტები შემოგვყავდა, რომლებიც თამამად ხარჯავდნენ, ახლა ისინი უფრო ეკონომიურად მოგზაურობენ, შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ახლა გახდა ის, რომ მათ ფინანსურად და შინაარსობრივადაც მაქსიმალურად საინტერესო პროდუქტები შევთავაზოთ. ეს მიმართულება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურების ნაწილში გამოცოცხლება უკვე შეინიშნება. დაკვეთები გვაქვს აზიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მაგალითად, ბრიტანეთიდან საქართველოში ბიზნესტურის ფარგლებში ველოდებით ვიზიტორებს, რომლებმაც საქართველოში საინვესტიციო პოტენციალი უნდა გამოიკვლიონ.

დაბოლოს, გეგმებზეც ვისაუბროთ. რას უნდა ველოდოთ Concierge Tbilisi-სგან?

ლიზი ხაბაზიშვილი: ჩვენს პორტფოლიოში ღონისძიებების დაგეგმვა წამყვანი მიმართულებაა, რომელზეც 50% მოდის, ბიზნესკონსიერჟზე – 20%, ხოლო ტურებზე – 30%. თუმცა ველოდებით, რომ მალე ღონისძიებების დაგეგმვისა და ტურების ნაწილი ერთმანეთთან გადაიკვეთება, და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე აქტიურად ავამუშავებთ ე.წ. MICE-მიმართულებას, რაც გულისხმობს ბიზნესღონისძიებებს, და რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ბიზნესტურისტები ჩამოდიან.

ამ კუთხით ჩვენ ახლა ერთ მასშტაბურ პროექტზე – THE Crossroads-ის ღონისძიებაზე ვმუშაობთ – პლატფორმაზე სტარტაპებისთვის და ინვესტორებისთვის, სადაც სახელმწიფოებს, საგანმანათლებლო ინსტიტუციებს და აქსელერატორებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. პლატფორმის მიზანი სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და გაძლიერებაა, რაც, შესაბამისად, ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალს გაზრდის და ხელს შეუწყობს დასაქმებას. პლატფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგები, აქსელერაციის და მენტორული პროგრამები, ე.წ. roadshow-ები და სხვა. ამასთან, THE Crossroads-ი სტარტაპებს დაეხმარება ორგანიზაციულად ჩამოყალიბებაში, პროდუქტის ღირებულების გაზრდასა და უცხოურ ბაზარზე გასვლაში. მიმდინარე წლის 1-3 სექტემბერს თბილისში დაგეგმილია THE Crossroads-პლატფორმის პირველი ღონისძიება.

Concierge Tbilisi არის THE Crossroads-ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და მის საორგანიზაციო გუნდს ეხმარება მარკეტინგში, სოციალურ მედიაში, ღონისძიების დეტალურ დაგეგმვასა და სხვა. ჩვენ THE Crossroadsპლატფორმის შემქმნელებთან ერთად ვახორციელებთ მოლაპარაკებებს სპონსორებთან, ინვესტორებთან, სპიკერებთან და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებაში.

არის კიდევ ერთი დამკვეთი, რომელიც სამომავლოდ დიდი საინვესტიციო ფორუმის ჩატარებას აპირებს, რაშიც ჩვენც ვიქნებით ჩართული. თუმცა ამ შემთხვევაში დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავაჟღერებთ.

ეს რაც ეხება პროექტებს, ხოლო თავად სერვისების განვითარების ნაწილში ჩვენს გეგმებში შედის ჩვენი პროდუქტების კიდევ უფრო მეტად გაციფრულება და, როგორც აღვნიშნე, საქმიანი ტურიზმის ე.წ MICE-ის უფრო წინ წამოწევა. ვფიქრობთ, რომ ბიზნესტურიზმისა და ღონისძიებების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს დაგროვებული, რაც კომპანიის სტრატეგიული განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *