Apple-ი  „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისის დანერგვას გეგმავს

Apple-ი  „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისის დანერგვას გეგმავს

Apple-ი საკუთარი მომხმარებლისათვის ახალი სერვისის დანერგვას გეგმავს. სერვისი მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სასურველი პროდუქტის თანხა ნივთის შეძენის შემდეგ ეტაპობრივად გადაიხადოს. „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“-პრაქტიკა საკმაოდ პოპულარულია და ეს სერვისი Affirm Holdings Inc.-მა და PayPal Holdings Inc.-მა უკვე დანერგეს.

სერვისს Apple Pay Later ერქმევა და მისი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერი ცნობილი საფინანსო კომპანია Goldman Sachs Group-ი იქნება. აღნიშნული კომპანია Apple-ის პარტნიორი 2019 წლიდანაა, როდესაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა საკრედიტო ბარათი Apple Card-ი წარადგინა. საინტერესოა, რომ ახალი სერვისით სარგებლობისათვის Apple Card-ის გამოყენება არ იქნება საჭირო.

როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება Apple Pay ფუნქციის პოპულარიზაციისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კომპანიაში სურთ, რომ მომხმარებლებმა გადახდისას სწორედ ამ ფუნქციით ისარგებლონ, ნაცვლად საკრედიტო ბარათებისა. საინტერესოა ისიც, რომ კომპანია მომხმარებლების მიერ Apple Pay-ით სარგებლობის შემთხვევაში ტრანზაქციებიდან დამატებით შემოსავალს იღებს. ეს შემოსავალი კი ყოველწლიურად დაახლოებით $50 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

მომხმარებელს საშუალება ექნება, გადახდის ორი ალტერნატივა აირჩიოს. ერთს Apple Pay in 4 ერქმევა და ორკვირიანი შუალედებით საპროცენტო განაკვეთის გარეშე  პროდუქტის ღირებულებას ოთხად გაყოფს. რაც შეეხება მეორე ალტერნატივას, ის სტანდარტულად რამდენიმე თვეზე იქნება გაწერილი და საპროცენტო განაკვეთსაც ითვალისწინებს. მომხმარებელი აღნიშნულ ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთებას ნივთის შეძენისას შეძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *