შტრიხ-კოდის დაბადება კაპიტალიზმის სულიდან

შტრიხ-კოდის დაბადება კაპიტალიზმის სულიდან

“კაპიტალიზმის სიმბოლოსა” და “ბიზნესის გლობალური ენის” გამოგონება ისევე რევოლუციურია, როგორც პრეისტორიული ადამიანის მიერ ხელში სამუშაო იარაღის აღება, და ისევე დრამატული, როგორც პირველი სიტყვები ღია კოსმოსიდან. რატომაც არა, თუ უკვე აქსიომაა, რომ კომერციის იარაღი ინფორმაციაა, ხოლო ასათვისებელი კოსმოსი – ვარსკვლავებივით უთვალავი პროდუქტით გაჯერებული მსოფლიო ბაზარი.

სუპერმარკეტი საფრთხილო ბიზნესია. ათასობით კომპანიის ათიათასობით პროდუქტის დაბინავება, აღრიცხვა და გაყიდვა ადვილი საქმე არ არის. უწვრილესი ინვენტარის აღნუსხვასა და იმ რაოდენობით შენარჩუნებას, რომ არც ჭარბი იყოს, მაგრამ არც ცოტა, დიდი ძალისხმევა სჭირდება. წარმოგიდგენიათ, რა ძნელი იქნებოდა ეს სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც გამყიდველები სათანადო ტექნიკით არ იყვნენ აღჭურვილნი?

რაც უფრო იზრდებოდა მაღაზიები და მათ თაროზე განთავსებული პროდუქტის რაოდენობა, მით ძნელდებოდა საქმის წარმოება. ანგარიშის ერთადერთი შესაძლებლობა სავაჭრო ობიექტის დაკეტვა გახლდათ. ამის შემდეგ თანამშრომლებს სათითაოდ უნდა დაეთვალათ და გამოერჩიათ ყველა ქილა, შეკვრა და აბგა. ეს ვეებერთელა, შრომატევადი და ძვირად ღირებული სამუშაო მაქსიმუმ თვეში ერთხელ სრულდებოდა და მაინც, მაღაზიის მენეჯერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მიღება ძირითადად ბუნდოვან მონაცემებსა და ზერელე გათვლებზე დაფუძნებით უხდებოდათ. ასე რომ წლებით ადრე, სანამ შტრიხ-კოდებსა და სკანერებს მოიგონებდნენ, მაღაზიის მფლობელებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ ამ ტექნოლოგიის ფასი.

ყველაფერი საპერფორაციო ბარათებით დაიწყო. 1932 წელს, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა, უოლეს ფლინტმა დაწერა სამაგისტრო თეზისი, რომელშიც იგი სამომავლო შესაძლებლობად წარმოადგენდა მაღაზიას, სადაც კლიენტი სპეციალური ბარათის ამა თუ იმ წერტილის გახვრეტით საკუთარ არჩევანს მონიშნავდა. მაღაზიის გასასვლელთან ის ამ ბარათს სპეციალურ წამკითხველში ჩადებდა, მექანიზმი გააქტიურდებოდა და კონვეიერი არჩეულ პროდუქტს მას პირდაპირ სალაროსთან მიაწვდიდა. ამგვარად მაღაზიის მენეჯმენტისათვის ავტომატურად აღინუსხებოდა პროდუქტი, რომელიც გაიყიდა.

რა თქმა უნდა, მაშინ ასეთი მაღაზია პირდაპირ ჰერბერტ უელსის რომელიმე ფანტასტიკური რომანიდან ამომხტარ ტექნოლოგიას უფრო ემგვანებოდა, ვიდრე ხელშესახებ პერსპექტივას. მიზეზი ნათელია: სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ბარათის წამკითხველი მექანიზმი იმ დროს უზარმაზარი და უაზროდ ძვირი იყო. მიუხედავად ამისა, ფლინტის იდეამ სამომავლო სურათის კონტურები მოხაზა.

თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, პატარა მაღაზიის მეპატრონემ გადაწყვიტა ზემოხსენებული პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა ეპოვა. 1948 წელს, ხელმისაწვდომი გამოსავლის ძიებაში იგი „დრექსელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს“ დაუკავშირდა. ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ბერნარ სილვერმა, გამოწვევა მიიღო და ამ ამოცანაზე ფიქრი დაიწყო. მალევე, საკუთარ სტუდენტებთან ერთად, სილვერი მივიდა დასკვნამდე – ავტომატური აღრიცხვის სისტემა, რომელიც გაყიდვების ჩანაწერს გააკეთებს, შესაძლოა ულტრაიისფერი სხივების, სკანერისა და მელნის საშუალებით ამოქმედდეს.

სტუდენტს, რომელმაც სილვერს ეს იდეა მიაწოდა, ნორმან ჯოზეფ ვუდლენდი ერქვა. დუეტმა მალევე შეიმუშავა პროტოტიპი – ულტრაიისფერი სხივებით სპეციალური მელნის „წამკითხველი“ მექანიზმი. თუმცა სამუშაოს დასრულებისას ენთუზიასტები მიხვდნენ, რომ ამგვარი ტექნოლოგია მაინც ძვირად ღირებული და, თანაც, არასტაბილური იყო.

მაგრამ გამომგონებლური ჟინით შეპყრობილი ვუდლენდი ადვილად დანებებას არ აპირებდა. იგი დარწმუნებული იყო საკუთარ იდეაში. მან მიატოვა ინსტიტუტი და მის მფლობელობაში არსებული აქციებიდან მიღებული შემოსავლები შტრიხ-კოდის საკითხის გადაწყვეტაში ჩადო. საბოლოოდ, 1949 წლის ოქტომბერში სილვერმა და ვუდლენდმა პატენტის აპლიკაცია შეავსეს.

სილვერი 1962 წელს გარდაიცვალა – მანამ, სანამ მისი გამოგონება ცნობილი გახდებოდა. შტრიხ-კოდით, რომელიც მოგვიანებით ოქროს საბადოდ იქცა, შემოსავალი ვერც ვუდლენდმა მიიღო, რადგან სამეცნიერო დუეტმა პატენტი 1952 წელს, RCA-ზე გაასხვისა სრულიად უმნიშვნელო საზღაურის სანაცვლოდ, გაყიდვიდან ტექნოლოგიის კომერციალიზებამდე კი კიდევ ბევრი წელი იყო. პატენტს ვადა 1969 წელს გაუვიდა, მაღაზიებში შტრიხ-კოდის დანერგვამდე ხუთი წლით ადრე. ეს იყო გამოგონება, რომელმაც დროს ბევრად გაუსწრო და ამიტომ, როგორც ხდება ხოლმე, უშუალო გამომგონებელს მისგან საერთოდ არ უხეირია – პირიქითაც კი. 

პირველად მაღაზიაში სკანერის სისტემა RCA-მ 1967 წელს დაამონტაჟა, ქალაქ ცინცინატიში არსებულ Kroger Store-ში. მრგვალი შტრიხ-კოდები, რომელთაც „ხარის თვალის“ (bull’s eye) სახელით მოიხსენიებდნენ, პროდუქტის შეკვრაზე ქარხნულად არ დაიტანებოდა – სურსათზე შტრიხ-კოდს თავად მაღაზიის თანამშრომლები აკრავდნენ. მაღაზიაში ზუსტი აღრიცხვის პრობლემებმა მალევე იჩინა თავი, რადგან კოდი სტანდარტიზებული არ იყო და ხანდახან ცრუ სიგნალებს აწვდიდა.

კოდის სტანდარტიზაციამ წამოჭრა რიცხვების სტანდარტიზებული სისტემის დატანის აუცილებლობა. მანამდე შტრიხ-კოდების დესიგნაციის მეთოდი ყველა კომპანიას საკუთარი ჰქონდა. ზოგი ასოებს იყენებდა, ზოგი – ციფრებს, ზოგი – ორივეს, ზოგი – არც ერთს.

გარდა ამისა, ვინაიდან მაშინდელი საბეჭდი მანქანები ხშირად თხაპნიდნენ მელანს იმ მიმართულებით, საითკენაც ქაღალდი მოძრაობდა, მრგვალი შტრიხების წაკითხვა დამატებით სირთულეს აჩენდა. ერთხანს ამ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა „ეგზოტიკური“ ფორმის შტრიხ-კოდების ვერსიებს განიხილავდნენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ IBM-ის ტექნიკურად დახვეწილმა და ელეგანტურმა სიმბოლომ გაიმარჯვა. ასე დაიბადა კაპიტალიზმის მთავარი სიმბოლო – პროდუქტის უნივერსალური კოდი (UPC), რომელსაც შტრიხ-კოდად მოვიხსენიებთ. 1973 წლის 3 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სასურსათო ინდუსტრიამ საკუთარი პროდუქტის იდენტიფიკაციისთვის მეურნეობის სტანდარტად ხაზოვანი შტრიხ-კოდი შეარჩია და ყველა ეს კომპანია „უნიფორმირებული კოდის საბჭოში“ (UCC) დარეგისტრირდა, რომელსაც 2005 წლიდან მოყოლებული GS1-ის სახელით – „ბიზნესის გლობალურ ენად“ იცნობენ.

თანამედროვე სამყაროში პროდუქტის იდენტიფიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე პროდუქტის მარკირება და სკანირება: ის გლობალური ბაზრის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

როცა 1974 წლის 26 ივნისს, დილის 8:01 საათზე ოჰაიოს შტატში მდებარე ქალაქ ტროიში, მაღაზიის გამყიდველმა, ვინმე შერონ ბუჩანანმა, პირველი GS1 შტრიხ-კოდი დაასკანირა, მას თამამად შეეძლო ეთქვა: „ეს ერთი პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“. მას ეს სიტყვები არ წარმოუთქვამს, მაგრამ, მოდი, ამისთვის მისის ბუჩანანს ნუ გავკიცხავთ. ამ ფრაზის ავტორისთვის – ნილ არმსტრონგისთვის გასაგები იყო, რომ მთვარეზე გავლა რაღაც ექსტრაორდინარულია. რაც შეეხება შერონს, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, თუ რა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის უშუალო მონაწილე გახდა თავისდაუნებურად. როგორ წარმოიდგენდა მაღაზიის უბრალო გამყიდველი, რომელმაც პირველი შტრიხ-კოდი „გაატარა“, რომ 40 წლის შემდეგ მისი კოლეგები მთელ მსოფლიოში, ყოველდღე, თითქმის 5 მილიარდ პროდუქტს დაასკანირებდნენ? რანაირად დაუშვებდა, რომ მის მიერ გატარებული საღეჭი რეზინი Wrigley დღეს სმიტსონის სახელობის აშშ-ის ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში იქნებოდა დაცული?

დღეს „ბიზნესის გლუბალური ენა“ არა მხოლოდ საკვებ მეურნეობასა და ყველა შესაძლო ნაირსახეობის ინდუსტრიას ემსახურება, არამედ თითოეულ მომხმარებელსაც. ახალი თაობის ტექნოლოგიების პარალელურად GS1 შტრიხ-კოდის განვითარება მყიდველს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მისდიოს პროდუქტის მოძრაობას, ადგილზევე დაასკანიროს პროდუქტი და გაეცნოს მის შემადგენლობასა თუ თავისებურებებს. რაც შეეხება თავად კომპანიებს – დაწყებული მარაგის ავტომატური შევსებით, დამთავრებული უფრო ეფექტური ექსპორტ-იმპორტით, GS1-ის სტანდარტებმა მათთვის ჰიპერეფექტური მომარაგების ქსელების დაგეგმვის შესაძლებლობა წარმოშვა. უკანასკნელ წლებში კი კომპანიები მომხმარებელთან ინდივიდუალური უკუკავშირის განსაკუთრებული უნარებითაც აღჭურვა.

საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია GS1-ის სათავო ოფისი ბრიუსელში დღეს 111 წევრ ორგანიზაციას მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით. მისი მარტივი, მაგრამ გენიალური ტექნოლოგია აადვილებს თანამშრომლობას სავაჭრო პარტნიორებს, ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ პროვაიდერებს შორის სტანდარტის მუდმივი დახვეწისა და მომარაგების მთელი ქსელის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით. ორგანიზაცია მომარაგების ქსელის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად სტანდარტთა სისტემას მუდმივად ავითარებს. ამ სისტემის საშუალებით სხვადასხვა სექტორსა და ინდუსტრიაში მომუშავე 2 მილიონამდე კომპანიას შეუძლია საუკეთესოდ დაგეგმოს და აწარმოოს ბიზნესი მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

GS1-ის სისტემური სტანდარტები კომპანიებს საკუთარი პროდუქციის, სერვისის, ლოგისტიკური ერთეულების, გადაზიდვების, ფიზიკური ლოკაციებისა და ლოგიკური ოპერაციების (როგორიცაა პროვაიდერისა და მიმღების მომსახურების ურთიერთდამოკიდებულება), გლობალურად და უნიკალურად იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს. ამ მძლავრი საიდენტიფიკაციო სისტემისა და GS1-ის შტრიხ-კოდების, EPC ეტიკეტების, ინტერნეტკომერციის ბიზნესმესიჯებისა და მონაცემების გლობალური სინქრონიზაციის ქსელის ერთიანობა ოპერაციების სიზუსტესა და გამჭვირვალობას განაპირობებს.

GS1 შტრიხ-კოდების უნიკალურობის უზრუნველსაყოფად თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ამ სისტემას მართავს. მაგალითად, საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება მხოლოდ „GS1 საქართველოს“ ეკუთვნის. GS1 შტრიხ-კოდი, რომელსაც „GS1 საქართველო“ გასცემს, პრეფიქს 486-ით იწყება.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს პრეფიქსი GS1-ის გლობალურ სისტემაში მხოლოდ საქართველოსთვისაა გამოყოფილი. შესაბამისად, შტრიხ-კოდები, რომლებსაც საქართველოში არაავტორიზებული წყაროები გასცემენ, არ არის საქართველოსა და მსოფლიოს GS1 შტრიხ-კოდების ბაზასთან სინქრონიზებული და ამიტომ მათი უნიკალურობის გარანტირება შეუძლებელია. ამგვარი პროდუქტის იდენტიფიცირება ელექტრონულ კომერციაში შეუძლებელი ხდება და კომპანიაცა და მომხმარებელიც კომერციის „ქვის ხანაში“ ბრუნდება, როდესაც ზუსტი მონაცემების უქონლობის გამო ბიზნესის სწორი დაგეგმვა შეუძლებელი იყო. არაავტორიზებული შტრიხ-კოდების გამყიდველები ბაზარზე დაბნეულობას იწვევენ და მომარაგების ქსელის შეუფერხებელ ფუნქციონირებას ხელს უშლიან. ის კომპანიები კი, რომლებიც შტრიხ-კოდს არაოფიციალური წყაროებიდან შეიძენენ, დანაკარგებს განიცდიან, რადგან რიგ შემთხვევაში გადამყიდველები ამ კომპანიების პროდუქციას ავტომატურად უარყოფენ.

სამწუხაროა, როცა შევდივართ ამა თუ იმ კომერციულ ობიექტში, ვყიდულობთ პროდუქტს, რომელსაც წარმატების პოტენციალი გააჩნია და ვხედავთ, რომ მწარმოებელი კომპანიები არ იყენებენ იმ საინფორმაციო შესაძლებლობებს, რასაც ეს ყოვლისმომცველი სისტემა მათი ბიზნესის განსავითარებლად უზრუნველყოფს. დღეს ხომ მისის შერონ ბუჩანანიც მიხვდებოდა, რომ არავინ უნდა თქვას უარი ადვილად ხელმისაწვდომ ტექნოლოგიაზე, რომელზეც ვიზიონერი ბიზნესმენები ერთი საუკუნის წინ მხოლოდ ოცნებობდნენ.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).